საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა
საქართველოს ბანკისა და Startup Grind Tbilisi-ის პარტნიორობა გრძელდება. ფინანსური ინსტიტუტის მხარდაჭერით, ბათუმში ბრიტანული კომპანია Mercaux-ის წარმომადგენელთან, ალინა გოლავასთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტარტაპერები, მეწარმეები, პროდუქტის მენეჯერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები.
ღონისძიების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს პროდუქტის იდეის დამუშავების, ბაზრის კვლევის და პარტნიორობების დამყარების საუკეთესო პრაქტიკების შესახებ. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, თანამოაზრეებთან ერთად განეხილათ პროფესიული გამოცდილება, იდეები და ერთმანეთთან თანამშრომლობის პოტენციალი.
Mercaux 2024 წელს დიდ ბრიტანეთში საცალო გაყიდვების მიმართულებით ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიების შემქმნელ კომპანიად დასახელდა. იგი B2B SaaS პლატფორმაა, რომელმაც ვენჩურული კაპიტალის ფირმებიდან 20 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა. ალინა გოლავა კი 9-წლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტია გაყიდვების, ბაზრის კვლევისა და პარტნიორობების მიმართულებით.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც ტექნოლოგიური განვითარებისა და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მნიშვნელოვანია Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობა. ღონისძიებები, რომლებსაც ორგანიზაცია ახორციელებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს სასარგებლო ინფორმაციის მიღებისა და ღირებული კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს. ეკონომიკის განვითარებაში ამ ტიპის ბიზნესები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, შესაბამისად, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მათ როგორც ფინანსური პროდუქტებით, ისე არაფინანსური ინიციატივებით ხელი შევუწყოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ინიციატივის რეგიონებში განხორციელება, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია ახალი კავშირების დამყარება და მეწარმეობის სტიმულირება. ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც ბიზნესისთვის საინტერესო არაერთ ღონისძიებას დავუჭერთ მხარს“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკი და Startup Grind Tbilisi უკვე არაერთი წელია, თანამშრომლობენ. Startup Grind სტარტაპების გლობალური გაერთიანებაა, რომელიც ახალბედა მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ცოდნა, გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და მოიძიონ ინვესტორები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.