საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2024" გაიმართება
7 აპრილს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, გაესაუბრონ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. ამასთან, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, AIESEC, და სხვა.), რომლებიც ქართველ სტუდენტებს სტიპენდიის მიღების შესაძლებლობას აძლევენ.
„ცოდნა და განათლება წარმოადგენს იმ ფუნდამენტს, რომელსაც შეუძლია სოციალური ცვლილებების უზრუნველყოფა და უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს და მათი პოტენციალის რეალიზებას. სწორედ ამ მიზნით, ყოველწლიურად ვმართავთ განათლების საერთაშორისო გამოფენებს, რომელიც ახალგაზრდებს სთავაზობს დინამიკურ პლატფორმას ინფორმაციის მიღებისა და გაცვლისთვის. მსგავსი პლატფორმები საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც შეესაბამება მათ აკადემიურ და კარიერულ მისწრაფებებს“, - აღნიშნავენ Edu-Guide.Ge-ს გუნდში.
„საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების და მათი უსაზღვრო შესაძლებლობების. მათი პოტენციალის სრულად გამოვლენის პროცესში კი ვიცით, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა განათლებას ენიჭება. ამიტომ, ჩვენ ქართველი ახალგაზრდებისთვის აქტიურად ვქმნით განათლების შესაძლებლობებს. განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით იმართება, არის შესაძლებლობა ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, გაემგზავრონ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად, მიიღონ მაღალი ხარისხის ცოდნა და ჩამოყალიბდნენ საკუთარი სფეროს პროფესიონალებად, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
გამოფენა გაიმართება 7 აპრილს, 12:00-17:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (მისამართი: 26 მაისის ქუჩა #1. ქ. თბილისი).
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.