საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ეხმიანება
როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.75% შემცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ კი 3 %-ზე დაბალია.
ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, „მისასალმებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით ადევნებს თვალს როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე მიყვება იმ გლობალურ ტენდენციას, რომელიც 2024 წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთის მხრივ, იზოგება ხარჯები, რაც ბიზნესის ზრდაში გარდაისახება, მეორეს მხრივ, კი აღნიშნული ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი.
შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას"- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.