საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ულოცავს წევრ კომპანია „საქკაბელს“ საექსპორტო ქსელს გაფართოებას
საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია „საქკაბელი“ საექსპორტო ქსელის დივერსიფიცირებას განაგრძობს. კომპანიამ ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განახორციელა. საზღვაო გადაზიდვით სხვადასხვა სპეციფიკაციის კაბელის ექსპორტი წარმატებით შედგა.
„საქკაბელი“ საკუთარი პროდუქციის ექსპორტს 2010 წლიდან ეწევა. 2023 წლიდან, „საქკაბელის“ პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში გამოჩნდა. მიმდინარე წელს კი, კომპანიამ საექსპორტო არეალი კიდევ გააფართოვა და ამჯერად საკუთარი პროდუქციის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ ისრაელში განახორციელა.
„სასიხარულოა, რომ გლობალურ ბაზრებზე დღითიდღე იზრდება „საქკაბელის“ მიერ დამზადებულ ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა და კიდევ უფრო ძლიერდება ჩვენი, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია. ექსპორტის განხორციელებამდე ჩვენმა პროდუქციამ მკაცრი ტესტირების პროცესი გაიარა, რომელმაც კიდევ ერთხელ ცხადყო ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმი და დაამტკიცა, რომ „საქკაბელის“ მიერ წარმოებული მრავალფეროვანი საკაბელო პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და საიმედოდ უზრუნველყოფს გრძელვადიან ფუნქციონირებას.
ისრაელში განხორციელებული ექსპორტი წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს „საქკაბელის“ საექსპორტო ქსელის განვითარებისა და გაფართოების თვალსაზრისით. ჩვენი საექსპორტო მიმართულების გეგმები სხვა ქვეყნებსაც უკავშირდება. გაზრდილი წარმადობითა და მაღალ ხარისხზე ფოკუსირებით, ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საქართველოში წარმოებული, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქციით საკაბელო ინდუსტრიის წინსვლასა და სიახლეების დანერგვას“ , - „საქკაბელის“ მმართველი დირექტორი, დავით კაპანაძე.
„ვულოცავთ წევრ კომპანია „საქკაბელს“ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში პროდუქციის წარმატებულ რეალიზაციას. სასიხარულოა, რომ საქართველოში წარმოებული, საერთაშორისო სტანდარტებით დამზადებული საკაბელო პროდუქცია დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება გლობალურ ბაზარზე. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ „საქკაბელს“, როგორც ქართულ ბრენდს, თავისუფლად შეუძლია გაუწიოს კონკურენცია საკაბელო ინდუსტრიის წამყვან მოთამაშეებს საერთაშორისო ბაზარზე. დარწმუნებული ვართ, რომ „საქკაბელი“ კიდევ არაერთ საექსპორტო ბაზარს აითვისებს, რაც დადებით გავლენას იქონიებს არა მხოლოდ კომპანიის განვითარებაზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზე“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
აღსანიშნავია, რომ “საქკაბელის” პროდუქცია, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე, მომხმარებელთან გაგზავნამდე დეტალურ შემოწმებას ქარხანაში მოქმედ, ხარისხის კონტროლის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადის.
გარდა ამისა, „საქკაბელის“ პროდუქციას მინიჭებული აქვს CE მარკირება, რაც ადასტურებს, რომ პროდუქტი აკმაყოფილებს ევროპის კანონმდებლობას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოს დაცვის შესაბამისობის შესახებ და ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა.
ინფორმაციისთვის: „საქკაბელი“ ადგილობრივ ბაზარზე სფეროს ლიდერის პოზიციას 67-ე წელია იკავებს და მომხმარებელს, როგორც საკაბელო, ისე ელექტრიფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.