საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საპენსიო სააგენტოში წარსადგენ დეკლარაციებთან დაკავშირებულ სიახლეებსა და ჯარიმების ადმინისტრირების პროცესზე იმსჯელეს
საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ნაწილსა და შესაძლო საჯარიმო სანქციებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
შეხვედრისას საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ, საპენსიო შენატანის დეკლარირების ვადის ცვლილებასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში მომზადებული კანონპროექტი წარადგინა, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების საფუძველზე დაინიცირდა.
ასევე, განიხილეს მონიტორინგის სისტემა, დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში დადგენილი საშეღავათო ვადები და საურავის დაკისრების გამომწვევი მიზეზები.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებელო ჰქონდათ, უშუალოდ სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისაგან მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე მიეღოთ ინფორმაცია.
„აღსანიშნავია, რომ საპენსიო სააგენტოსთან გარკვეული დროის განმავლობაში გვქონდა საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია, იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ჩვენი წევრი კომპანიების მხრიდან იკვეთებოდა. აღნიშნულს, სააგენტოს მხრიდან მოჰყვა სწრაფი რეაგირება და მოხდა შესაბამისი ცვლილებების ინიცირება კანონმდებლობაში, რისთვისაც მადლობას ვუხდით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სააგენტოს ხელმძღვანელობას. დღევანდელ შეხვედრაზე კი განვიხილეთ საპენსიო შენატანების, როგორც დეკლარირების, ისე გადახდების ნაწილის ადმინისტრირების პროცესი და ამ პროცესებთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის ეფექტიანი საქმიანობისთვის. ვფიქრობ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, რომელიც გაამარტივებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას, ხოლო კომპანიებში გაამარტივებს აღრიცხვიანობას. თუმცა წარმოდგენილი ცვლილებების განხორციელებას სჭირდება სამთავრობო სტრუქტურების აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგანაც ზუსტად მოხდეს ყველა იმ ტექნიკური საკითხის ასახვა, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიური ოპერირების დროს აფიქსირებს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.