საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში შრომის ბაზრის ახალი სარეგისტრაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომლის მონაწილეებს ბაზრის სარეგისტრაციო სისტემის worknet.gov.ge-ს ახალი სამუშაო ვერსია წარედგინათ.
შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს ანალიტიკოსთან ერთად, სარეგისტრაციო სისტემის პრაქტიკული მხარეები მიმოიხილა. აღსანიშნავია, რომ worknet-ის ახალი სისტემა, ძველს 2024 წლიდან სრულად ჩაანაცვლებს.
შეხვედრის ფარგლებში, მოხდა დამსაქმებლების მოსაზრებების გაზიარება ვაკანსიების ატვირთვის, კომპანიის რეგისტრაციისა და სამუშაოს მაძიებელთან დაკავშირების მაქსიმალურად გამარტივებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი საკონსულტაციო შეხვედრები ბიზნეს სექტორთან, სარეგისტრაციო სისტემის პრაქტიკული ნაწილების მეტად დახვეწის მიზნით, მომავალშიც იგეგმება.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან, რადგან მნიშვნელოვანია როგორც სამუშაოს მაძიებლის, ასევე დამსაქმებლების დროული ინფორმირება ტექნოლოგიურ სიახლეებთან დაკავშირებით. შეხვედრის ფარგლებში, მოხდა მოსაზრებების გაზიარება ახალი worknet-ის სისტემის შინაარსსა და პრაქტიკულ ასპექტებზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი წევრი კომპანიებისთვის, ასევე, თავად დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთვის", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.