საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის ახალი კოდექსით დამსაქმებელთა მიმართ გათვალისწინებულ ვალდებულებებზე იმსჯელეს
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თავდაცვის კოდექსთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო კოდექსით გათვალისწინებულ რეფორმებს, ასევე,განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დამსაქმებელთა ვალდებულებებზე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამსახურსა და ტერიტორიულ რეზერვში მსახურებას უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა დიალოგის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც დამსაქმებლების ვალდებულებებს უკავშირდება, ხოლო, თავის მხრივ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ბიზნეს პროცესების პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული გამოწვევები შეეფასებინათ. ამასთან, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საჭიროებიდან გამომდინარე, სამინისტროსა და ბიზნეს შორის კომუნიკაცია კვლავაც აქტიურად გაგრძელდება, რამაც დამსაქმებლის ვალდებულებებზე ცნობადობას უნდა შეუწყოს ხელი.
„წვევამდელთა ეროვნული სამსახური და ტერიტორიული რეზერვის პირობები, ის ორი საკითხია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბიზნესთან და ზოგადად დამსაქმებელთან. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენი წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ ახალ რეგულაციებზე და დასაქმებისას ყველა პროცედურა კანონის დაცვით განახორციელონ. როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ორმხრივად საინტერესო გამოდგა, ვინაიდან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ ბიზნესის პრიზმიდან დაენახათ ახალი კოდექსის აღსრულების კონკრეტული მექანიზმები და გამოწვევები. მადლობას ვუხდით თავდაცვის სამინისტროს ეფექტიანი თანამშრომლობისთვის, ვინაიდან ამ შეხვედრამ მეტი სიცხადე შემოიტანე იმ პროცესში, რომელიც ბიზნესმა უნდა განახორციელოს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.