საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა დააფიქსირა
დღეს, სასტუმრო "თბილისი პარაგრაფში", გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თემაზე: „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები". კონფერენციას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკური პროფილის მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს პარლამენტის და ქ. თბილისის საკრებულოს დეპუტატები და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები.
კონფერენციაზე, რომელშიც 400-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა წარადგინა BAG ინდექსის ფარგლებში 2019-2023 წლების კვლევის შედეგები, სადაც მან აუდიტორიას, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე სხვა საინტერესო მიგნებებთან ერთად, გააცნო ის პოზიტიური და დადებითი განწყობები და მოლოდინები, რომლებიც ბიზნესში ბოლო წლებში ჩამოყალიბდა.
კონფერენციის ფარგლებში Galt&Taggart-ის მკვლევარებმა მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე და ეკონომიკის ექვს, სწრაფად მზარდ სექტორებზე გააკეთეს პრეზენტაცია. პრეზენტაციების შემდგომ, შედგა ორი პანელური დისკუსია მთავრობის წევრებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით. პანელურ დისკუსიებზე დეტალურად განიხილეს ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები; ასევე,ეკონომიკის ექვსი, სწრაფად მზარდი სექტორი. ეს სექტორებია: ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, საცხოვრებელი უძრავი ქონება, FMCG-ი, ინფორმაციული ტექნოლოგიები და განათლების სექტორები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააფიქსირა მისი მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს ბიზნესთან. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საუბარია იმაზე, როგორ უნდა ითანამშრომლონ ხელისუფლებამ და ბიზნესმა, როგორ უნდა განვითარდეს ბიზნესი, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბიზნესის ინტერესების დაცვა იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ეკონომიკურ განვითარებას. მე კიდევ ერთხელ დავაფიქსირე დღეს ჩვენი ღიაობა, მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ყველა საკითხზე. რა თქმა უნდა, გვაქვს ძალიან სერიოზული მიღწევები, წარმატებები, მაგრამ არის გამოწვევებიც. ყველაფერთან დაკავშირებით უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც ბიზნესმენებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ დისკუსიებში. მსგავსი ღონისძიებები არის უაღრესად ფასეული და ღირებული და ისინი ხელს უწყობენ ხელისუფლებასა და ბიზნეს სექტორს შორის კონსტრუქციული, პროფესიული და ეფექტიანი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. დღეს ბიზნესმა პრემიერ-მინისტრისგან მიიღო თანამშრომლობის ღია და საჯარო შეთავაზება და ჩვენ, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ქვეყანაში, მზად ვართ, პრემიერის შეთავაზებას ისეთი ეკონომიკური ინიციატივების წარდგენით ვუპასუხოთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლების შენარჩუნების წინაპირობა გახდება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.