საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ
განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერება, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის შეხვედრის მთავარი საკითხები.
განათლების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა, განათლების ყველა საფეხურზე კერძო სექტორის ჩართულობის გაძლიერებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
საუბარი, ასევე, შეეხო შრომით ბაზარზე შექმნილ სირთულეებსა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის საკითხებს, რომელიც რეგულარულად სახელდება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ინდექსის კვლევის ბიზნესის ხელისშემშლელ ფაქტორებში. აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების თანახმად, პროფესიული კადრების დეფიციტი ბოლო სამი კვარტლის მიხედვით ნომერ პირველი გამოწვევაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს მინისტრისთვის საკუთარი იდეების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. ინოვაციური მექანიზმების შემუშავებისა და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით, მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს განათლებისა და კვალიფიკაციის ნაკლებობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის აქტიური პარტნიორობა სახელმწიფოსთან, რადგანაც მოთხოვნადი კვალიფიკაციების გამოკვეთა და შესაბამისი კადრების მომზადება მხოლოდ სახელმწიფოსა და ბიზნესის სწორი კომუნიკაციით შეიძლება განხორციელდეს" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.