საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორის კვლევის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას ფინანსური და ბიზნეს სექტორის და საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კვლევა საქართველოში ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ბაზრის მიმოხილვას, სექტორის საკრედიტო პორტფელის ანალიზსა და ალკოჰოლური სასმელების წარმოების ფინანსურ მაჩვენებლებს მოიცავს.
ღონისძიება სიტყვით გახსნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომლის თქმით, ალკოჰოლური სასმელების სექტორი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო მიმართულება და ფინანსური კონტრიბუტორია ქვეყნის ეკონომიკაში.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია როგორც საფინანსო ინსტიტუტებისთვის პროექტების გადახდისუნარიანობის შეფასებისას და მათ დაკრედიტებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე სექტორში მოქმედი კომპანიებისა და პოლიტიკის გამტარებლებისთვის.
„ღვინის სამშობლოში, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სექტორი არის სტრატეგიული თავისი მნიშვნელოვნებიდან და ამავდროულად სიმბოლური დატვირთვიდან გამომდინარე. ამასთან, აღნიშნულ სექტორს მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაში. მიუხედავად გამოწვევებისა, სექტორი აგრძელებს სტაბილურად ზრდას და ინარჩუნებს კონკურენტულ პოზიციას ძირითად საექსპორტო ბაზრებზე. სიღრმისეული სექტორული ანალიზი მნიშვნელოვანია სექტორში არსებული ტენდენციებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირებისა და საპასუხო ღონისძიებების შესამუშავებლად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, ეროვნული ბანკის კვლევა კიდევ ერთი აღიარებაა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. მისივე თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში დარგი სახელმწიფოს მხარდაჭერით ძალიან კარგად ვითარდება, სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ამგვარი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ვფიქრობ, ეს კვლევა, რომელიც ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გლობალურ ბაზარზე არსებულ ტენდენციებსა და რეალობის ანალიზს გვთავაზობს, კარგი დამხმარე იქნება როგორც ჩვენთვის, პოლიტიკის გამტარებლებისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის და საბანკო სექტორისთვის, რომლის გარეშეც ამ დარგის შემდგომი წინსვლა და განვითარება წარმოუდგენელია“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
სებ-ის მიერ მომზადებული კვლევის თანახმად, 2024 დეკემბრის მდგომარეობით, ალკოჰოლური სასმელების სექტორის პორტფელი 1.4 მილიარდი ლარია, საიდანაც დაახლოებით 50% ლარშია დენომინირებული. ამასთან, აღნიშნული პორტფელი მთლიანი ბიზნეს სექტორის პორტფელის 4%-მდეა. ინდუსტრია სტაბილურად მზარდია და ინარჩუნებს კონკურენტუნარიანობას საექსპორტო ბაზრებზე. ნიშანდობლივია, რომ ვენახების ფართობები და ღვინის მოხმარება გლობალურად მცირდება, საქართველოში კი ვენახების ფართობები და ღვინის წარმოება მზარდია.
აღსანიშნავია ისიც, რომ ალკოჰოლური სასმელების პორტფელის 31% დაფინანსებულია სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საიდანაც 87% პროცენტის სუბსიდირებაზე მოდის.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. დაინტერესებულმა მხარეებმა იმსჯელეს კვლევის შედეგებზე, ასევე სექტორის საჭიროებებსა და არსებულ გამოწვევებზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.