საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება ქვეყანის ეკონომიკური მიღწევებითა და ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების გამო მივიღეთ - საერთაშორისო ინვესტორი
საქართველოში ინვესტირების გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მიღწევებითა და ადამიანური კაპიტალის შესაძლებლობების გამო მივიღე, - ამის შესახებ ბრიტანული კომპანია Hives CX-ის დირექტორმა შერიფ კამელმა განაცხადა.
ბრიტანული კომპანია ინვესტირებას ბიზნესი პროცესების დისტანციურად მიწოდების (BPO) დარგში განახორციელებს და IT სერვისების დისტანციურად მიწოდებასა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით იმუშავებს.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც აქ ინვესტირება გადავწყვიტე, ქვეყნის მთავრობის, ასევე სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დიდი მხარდაჭერა, ბიზნესის რეგისტრაციის სისწრაფე და სიმარტივეა. განსხვავებით დიდი ბრიტანეთისგან, პოლონეთისგან და ეგვიპტისგან, საქართველოში რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ მარტივია. ასევე, უნდა აღნიშნოს, რომ BPO ინდუსტრია ადამიანურ კაპიტალსა და მათ უნარებზე დამყარებულია ინდუსტრიაა. შესაბამისად, ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია საქართველოში ნიჭიერმა ადამიანებმა და მათმა უნარებმა", - განაცხადა შერიფ კამელმა, Hives CX Georgia-ს დამფუძნებელმა.
მისივე თქმით, საქართველოში ინვესტირებით მას შემდეგ დაინტერესდა, როცა ექვსი თვის წინ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მოწვევით BPO სექტორის სხვა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყანას ეწვია და აქ არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნო.
შერიფ კამელი საქართველოს მეორედ გასულ კვირას სტუმრობდა „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გამართულ BPO სექტორის სამიტზე, რომელსაც 15-მდე საერთაშორისო კომპანია ესწრებოდა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით გამართულ BPO ინდუსტრიის სამიტს აშშ-დან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ინდოეთიდან, კოლუმბიიდან და შვეიცარიიდან 15-მდე კომპანია ესწრებოდა.
სამიტის ფარგლებში სტუმრებმა შეხვედრები გამართეს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ასოციაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოში მოქმედ უცხოურ კომპანიებთან.
ღონისძიება საქართველოში მეორედ ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების პოპულარიზაცია გახლდათ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.