საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ - ავიაკომპანია Edelweiss
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა.
„საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ, საქართველოს მდებარეობიდან გამომდინარე ადგილობრივები ხშირად ქვეყანას „ევროპის აივნად” მოიხსენიებენ, ეს კი ჩვენთვის მიზეზია წარმოგიდგინოთ თბილისის საუკეთესო ხედები ხის აივნებიდან, რომელიც მე-19 საუკუნეში აშენდა.
ოსტატურად მორთული და ხელით მოჩუქურთმებული აივნებიდან შესანიშნავი ხედები იშლება. თქვენ ასევე ნახავთ ძალიან ლამაზ ხედებს სამების საკათედრო ტაძრიდან. საბაგიროთი შეგიძლიათ ახვიდეთ ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თუ გსურთ მთელ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ შეგიძლიათ ეწვიოთ მთაწმინდის პარკს“-წერია
Edelweiss-ის პოსტებში.
ახალი მარკეტინგული კამპანია მთელი წელი გაგრძელდება. კამპანიის ფარგლებში საქართველოში შვეიცარიელი ჟურნალისტებისთვის მედია ტური შედგება, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიები გამოქვეყნდება სხვადასხვა მაღალრეიტინგულ გამოცემებში, ასევე საბორტო ჟურნალში.
კამპანიის ფარგლებში, 6-8 გვერდიანი სტატია მომზადდება საქართველოს შესახებ.
ერთობლივი კამპანიის ფარგლებში, სოციალურ ქსელებში: facebook, Instagram და YouTube რილსები და პოსტები გავრცელდება საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.
ციფრული მედია კამპანიის პარალელურად სარეკლამო ბანერები განთავსდება შვეიცარიის 5 ქალაქში: ბერნი, ბაზელი, ლუცერნი, ცუგი და ციურიხი.
შვეიცარია საქართველოს მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, შვეიცარიელი ტურისტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.
ავიაკომპანია Edelweiss ციურიხი-თბილისის მიმართულებით 12 აპრილიდან რეგულარულ ფრენებს შეასრულებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორებს კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე ესაუბრა
06.10.2026.14:00
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ლიდერატორის პროგრამის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში არჩილ გაჩეჩილაძე ახალგაზრდებს ბანკის საქმიანობის, განვითარების შესაძლებლობებისა და პროფესიული ზრდის შესახებ ესაუბრა.
საქართველოს ბანკის ლიდერატორის პროგრამა 2017 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივირებული ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის კარიერული შესაძლებლობების შექმნას. რვათვიანი, სრულად ანაზღაურებადი პროგრამა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს, ბანკის სხვადასხვა დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, იმუშაონ პროფესიონალებთან ერთად და აღმოაჩინონ საკუთარი ძლიერი მხარეები. პროგრამის მონაწილეთა 78%-ზე მეტი კარიერას საქართველოს ბანკში აგრძელებს.
„ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნა მხოლოდ პირველი კარიერული ნაბიჯის გადადგმაში დახმარებას არ ნიშნავს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მათ მივცეთ სივრცე, სადაც შეძლებენ საკუთარი პოტენციალის აღმოჩენას, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას და პროფესიულ განვითარებას. ლიდერატორი სწორედ ასეთი შესაძლებლობაა - პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გამოცდილებას სთავაზობს და ამავდროულად, ბანკს ახალი თაობის ნიჭიერი პროფესიონალების აღმოჩენაში ეხმარება“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
ლიდერატორის პროგრამა საქართველოს ბანკის ახალგაზრდული ტალანტების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა. 2026 წელს ახალგაზრდებს ლიდერატორის 12 განსხვავებულ პროგრამაზე ბანკის 30 სხვადასხვა მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ. ჯამში კი, წლების განმავლობაში, ლიდერატორის პროგრამაში ბანკის 50-მდე დეპარტამენტი ჩაერთო.