სახელმწიფოს გაცხადებული მიზანია მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
სახელმწიფოს გაცხადებული მიზანია მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გიორგობიანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ წლევანდელი წელი მნიშვნელოვანი ცვლილებების წელია ამ სექტორისთვის. დავიწყოთ იმით, რომ მიმდინარე წელს მოხდა ორი მნიშვნელოვანი პირობის ცვლილება. მიღებულია დადგენილება, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ფასწარმოქმნას, ზედნადები ხარჯებისა და მოგების განაკვეთის დარიცხვას, ხოლო, მეორე მხრივ, მოხდა საკანონმდებლო ცვლილება ინდექსაციის კუთხით, რომლის შესაბამისადაც სახელშეკრულებო ღირებულების ცვლილება შესაძლებელი იქნება ინდექსაციის შედეგად.
ამის გარდა, მოგეხსენებათ, რომ უკვე მიმდინარე წელს სამხარაულის ეროვნული ბიურო აქვეყნებს ფასებს როგორც შრომის დანახარჯებზე, ასევე მასალებსა და მექანიზაციაზე, რასაც ყოველკვარტალურად ახორციელებს.
გასულ კვირას, ბატონი ინფრასტრუქტურის მინისტრის ინიციატივით, შეხვედრა იყო ხარჯთაღრიცხველებთან. მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი რეფორმის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად და წარმატებით მოხდება მისი იმპლემენტაცია. ამ შეხვედრის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ხარჯთაღრიცხველებს, რომლებიც კრიტიკულ როლს თამაშობენ ზოგადად ამ სექტორში, მათ შორის პროექტებთან მიმართებით, განემარტათ აღნიშნული საკითხები.
სახელმწიფოს გაცხადებული მიზანია მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომელიც, შესაბამისად, ადეკვატური ფასწარმოქმნით მიიღწევა. სწორედ იმ პრობლემებზე საპასუხოდ, რომლებიც ფასწარმოქმნის ეტაპზე, ამ შემთხვევაში კი წინა სატენდერო ხარჯთაღრიცხვების ფორმირების ნაწილში, იქმნება, გაიმართა ეს გაფართოებული შეხვედრა.
ზოგადად, მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი მთავრობა, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გამოირჩევა ღიაობით და კერძო სექტორთან ხშირი ურთიერთობითა და კონტაქტით. მათ შორის, ჩვენც ჩამოგვიყალიბდა საკმაოდ პროფესიული და ეფექტური თანამშრომლობის პრაქტიკა, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ ხვალინდელი დღე კიდევ უკეთესი იქნება.
ერთობლივად ვმუშაობთ იმ იდენტიფიცირებულ პრობლემებზე, რომლებიც ამ რეფორმებისა და გაცხადებული პოლიტიკის იმპლემენტაციისთვის არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ირაკლი გიორგობიანმა.
სხვა სიახლეები
ეკატერინე გალდავამ Global Fintech Fest 2026-ში მიიღო მონაწილეობა
23.09.2026.12:59
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ მუმბაიში გამართულ Global Fintech Fest 2026 (GFF)-ში მიიღო მონაწილეობა.
Global Fintech Fest ფინტექის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც თავს უყრის ფინანსური ტექნოლოგიების, საბანკო სექტორის, რეგულატორების, ინვესტორებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან.
ღონისძიების ფარგლებში ეკატერინე გალდავამ მომხსენებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღ პანელურ დისკუსიაში - „Building Trust in Cross-Border Payments“ (ტრანსსასაზღვრო გადახდებში ნდობის გაძლიერება). საუბარი შეეხო უსაფრთხო, სანდო და ეფექტიანი ტრანსსასაზღვრო გადახდების განვითარებას, მათ შორის, საგადახდო სისტემების ურთიერთთავსებადობას, გადახდების სისწრაფისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ასევე, სხვადასხვა იურისდიქციის საგადახდო ინფრასტრუქტურებს შორის კავშირების გაძლიერებას.
ეკატერინე გალდავამ მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება და საგადახდო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. ყურადღება გამახვილდა თანამედროვე RTGS სისტემის დანერგვაზე, ISO 20022 სტანდარტზე გადასვლაზე, მყისიერი გადახდების სისტემის განვითარებასა და საქართველოს საგადახდო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სისტემებთან სამომავლო დაკავშირებისა და ურთიერთთავსებადობის შესაძლებლობებზე.
Global Fintech Fest-ში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის უფროსი ნატალია ჭყოიძე და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნათია ჭყონია.
ღონისძიების ფარგლებში ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მაღალი დონის შეხვედრები გამართეს ინდოეთის სარეზერვო ბანკის (RBI), NPCI International Payments Limited-ის (NIPL) და ინდოეთის ერთ-ერთი წამყვანი ფინტექ კომპანიის - PhonePe-ის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე განიხილეს საგადახდო სისტემების განვითარების აქტუალური საკითხები, სამომავლო თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები, მათ შორის, მყისიერი და ტრანსსასაზღვრო გადახდების, თანამედროვე საგადახდო ინფრასტრუქტურისა და ინოვაციური საგადახდო სერვისების განვითარების მიმართულებით.