საკონდიტრო კაფე „ფუსფუსი“ ასორტიმენტს აფართოებს
„ფუსფუსი & სენდვიჩის“ დამფუძნებელი ნათია ყურშუბაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ „ბუტიკ კაფეს“ გახსნის შემდეგ ტკბილეულისა და სენდვიჩების ასორტიმენტი უფრო მრავალფეროვანი გახდა.
„მომხმარებლებს ტკბილეულსა და სხვადასხვა სახეობის დესერტებს ვთავაზობთ, როგორიცაა ნამცხვრები, ტორტები, ფუმფულა (პონჩიკები), სენდვიჩების ხუთი სახეობა და ლიმონათები“, - ამბობს საკონდიტროს დამფუძნებელი.
„ფუსფუსი & სენდვიჩი" მომხმარებელს ასევე სთავაზობს საფირმო კერძებს. დესერტების ფასი 3 ლარიდან 9.50 ლარამდე მერყეობს, ხოლო სენდვიჩების ფასი 9 ლარიდან 21 ლარამდეა. გაყიდვები ხდება როგორც ონლაინ, ასევე ადგილზეც.
ახლახან მენიუს დაემატა მზა სენდვიჩი ტოსტის პურით, რომელშიც გამოყენებულია „ფუსფუსის“ პესტო, „ფუსფუსის“ ყველის სოუსი, ბეკონი, პომიდორი, რუკოლა და მოცარელა. ადგილზე ფასი: 9.80 ლარია.
ნათია ყურშუბაძის თქმით, კაფეს როგორც უცხოელი, ასევე ქართველი მომხმარებლებიც სტუმრობენ.
„სამი წელია, რაც შემოვედი საკონდიტრო ბაზარზე პირდაპირ სახლიდან და მომხმარებელმა ძალიან კარგად მიმიღო. „ფუსფუსის“ პოპულარობაში ძალიან დამეხმარა სოციალურ ქსელში კულინარიის მიმართულებით აქტიურობა. ჩემს რეცეპტებს ხშირად იყენებდნენ, თანდათან იზრდებოდა სანდოობა და მომხმარებლების წრეც გაფართოვდა.
საქართველოს ბანკისა და UNDP-ის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, ძალიან დამეხმარა საკუთარი თავის განვითარებაში, ინფორმაციის მიღებაში ბიზნესის კუთხით, უფრო თავდაჯერებული გამხადა, რამაც მეტი მოტივაცია და სტიმული მომცა", - ამბობს ნათია ყურბუშაძე Business Insider Georgia-თან.
„რაც შეეხება საკონდიტრო ბიზნესის გამოწვევას, მეწარმისთვის ნედლეულის ფასს და იჯარის მაღალ გადასახადს უკავშირდება.
„სირთულეს ქმნის ფასის არასტაბილურობა, რაც ამ ტიპის საქმიანობაში გარკვეული დაბრკოლებაა. ფაქტობრივად ყოველ თვეს იცვლება ნედლეულის ფასი და გვიწევს პროდუქციაზე ასახვა, რაც მომხმარებლებთან უხერხულობას ქმნის“.
კაფის გასახსნელად საჭირო კაპიტალმა 35 000 ლარი შეადგინა. ამ დროისთვის ბიზნესში 3 ადამიანია დასაქმებული.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.