სამხრეთ კორეასთან სეზონური ჩარტერული ფრენების განახლება ახალი საინტერესო მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის სეზონური ჩარტერული ფრენები განახლდება. ავიაკომპანია Korean Air-ი პირდაპირ ფრენებს ინჩეონსა და თბილისს შორის მიმდინარე წლის 11 მაისს, 25 მაისს, 8 ივნისს, 22 ივნისსა და 6 ივლისს შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სამხრეთ კორეასთან სეზონური ჩარტერული ფრენების განახლება ახალი საინტერესო მიმართულებაა ჩვენი ქვეყნისთვის.
„პირდაპირი ჩარტერული ფრენები ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების შემოსვლას და გაზრდის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მიმართ. პარალელურად, ჩვენ ვატარებთ მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიებს და პროექტებს სამხრეთ კორეაში, რათა საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა ძალიან პოზიტიურია და დარგი მდგრადად და დივერსიფიცირებულად ძლიერდება. მისი თქმით, პოზიტიური ცვლილებებია პირდაპირი ფრენების და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის კუთხითაც. "შეგვიძლია საფუძვლიანად ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე წელი ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიაში ძალიან წარმატებული იქნება", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკის წამყვანმა ავიაკომპანიამ ინჩეონი - თბილისი - ინჩეონის საჰაერო ხაზზე ჩარტერული ავიარეისები გასულ წელსაც შეასრულა, 2018-2019 წლებში კი სეზონური ფრენები სეული - თბილისი - სეულის მიმართულებით განხორციელდა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Korean Air-ს საქართველოს მიმართულებით არარეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა 2025 წლის 2 აპრილს მიანიჭა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.