„სანდომმა“ მომხმარებელს ახალი პრემიუმ ხაზი „ჩაროზი“ შესთავაზა
ქართული ნატურალური ნუგბარის მწარმოებელმა „სანდომმა“ მომხმარებელს ახალი პრემიუმ ხაზი „ჩაროზი“ და განახლებული სასაჩუქრე შეფუთვები შესთავაზა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის საერთაშორისო გაყიდვებისა და ექსპორტის მენეჯერმა, სალომე ჩხეიძემ, განუცხადა.

მომხმარებელს ახალი პრემიუმ ხაზი „ჩაროზი“ და ახალი სასაჩუქრე შეფუთვები წარუდგინეთ. რა იდეით შეიქმნა ეს სიახლეები და რა იყო მათი შექმნის მთავარი მიზანი?
„ჩაროზი“ ჩვენი ახალი პრემიუმ ხაზია, რომელიც შეიქმნა მომხმარებლისთვის, ვინც ეძებს ბუნებრივ, მაღალი ხარისხის და გამორჩეულ ნუგბარს. დღეს ხაზში წარმოდგენილია გარგრისა და ფინიკის ჩირი ქართული ნიგვზითა და უმაღლესი ხარისხის შოკოლადის მინანქრით, ხოლო უახლოეს პერიოდში ასორტიმენტს ქლიავის ჩირიც შეემატება. „ჩაროზი“ აერთიანებს ბუნებრივ ინგრედიენტებს და პრემიუმ ხარისხს, ამიტომ იდეალურია როგორც ყოველდღიური მოხმარებისთვის, ისე სასაჩუქრე კატეგორიისთვის.
ამასთან ერთად, აქტიურად ვავითარებთ ქართული ნუგბარის ხაზსაც, რომელიც მოიცავს ვაშლის, ქლიავისა და ტყემლის ტყლაპებს. ისინი მზადდება მხოლოდ ხილის პიურესგან და არ შეიცავს შაქარსა თუ სხვა დანამატებს. აღსანიშნავია, რომ ტყემლის ტყლაპი ასორტიმენტს სწორედ საექსპორტო პარტნიორების დიდი ინტერესის შედეგად დაემატა.

რა მნიშვნელობა ექნება ახალ პრემიუმ ხაზსა და განახლებულ შეფუთვებს კომპანიის საექსპორტო სტრატეგიისთვის? გეგმავთ თუ არა მათი საშუალებით ახალი ბაზრების ათვისებას?
პრემიუმ პროდუქციის განვითარება ჩვენი საექსპორტო სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მსოფლიო ბაზარზე იზრდება მოთხოვნა ნატურალურ და მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტებზე, ამიტომ „ჩაროზისა“ და ქართული ნუგბარის ხაზი სწორედ ამ ტენდენციას პასუხობს.
თანამედროვე შეფუთვებთან ერთად ეს პროდუქტები აძლიერებს ჩვენი ბრენდის კონკურენტუნარიანობას და გვაძლევს შესაძლებლობას, წარმატებით შევიდეთ პრემიუმ სეგმენტში, სადაც მომხმარებელი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ხარისხს, ბუნებრივ ინგრედიენტებსა და პროდუქტის წარმომავლობას.
რომელ საექსპორტო ბაზრებზეა დღეს წარმოდგენილი „სანდომის“ პროდუქცია და რომელ ქვეყნებში ხედავთ გაფართოების ყველაზე დიდ პოტენციალს?
დღეს „სანდომის“ პროდუქცია ექსპორტზე გადის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისრაელსა და პალესტინაში, ხოლო უახლოეს პერიოდში რუსეთსა და აზერბაიჯანშიც იქნება წარმოდგენილი.
ახალი ბაზრების ათვისებაში მნიშვნელოვან როლს საერთაშორისო გამოფენები ასრულებს. წელს უკვე მივიღეთ მონაწილეობა სინგაპურის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის გამოფენებში, ხოლო წლის ბოლომდე კიდევ სამი საერთაშორისო ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი.
გაფართოების ყველაზე დიდ პოტენციალს ვხედავთ მეზობელ ქვეყნებში, ევროკავშირსა და სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში, სადაც მზარდია ინტერესი პრემიუმ ხარისხის, ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებული საკონდიტრო პროდუქციის მიმართ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა კი დიფერენცირებული ასორტიმენტია, რომელიც სხვადასხვა ბაზრის მოთხოვნებზე მორგების შესაძლებლობას გვაძლევს.
რა სიახლეებს გეგმავს „სანდომი“ უახლოეს მომავალში? იგეგმება თუ არა პროდუქციის ასორტიმენტის კიდევ უფრო მეტად გაფართოება ან ახალი პროდუქციის დამატება?
ინოვაცია ჩვენი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მუდმივად ვმუშაობთ როგორც ახალი პროდუქტების შექმნაზე, ისე არსებული ასორტიმენტის გაუმჯობესებაზე. უახლოეს პერიოდში მომხმარებელს კიდევ რამდენიმე ახალ პროდუქტსა და განახლებულ შეფუთვას შევთავაზებთ. ჩვენი მიზანია, „სანდომის“ პროდუქცია იყოს თანამედროვე, ინოვაციური და მაღალი ხარისხის.
რა არის კომპანიის მთავარი პრიორიტეტები 2026 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და რა მიზნები გაქვთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე?
2026 წლის დარჩენილი პერიოდის ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ექსპორტის ზრდა, საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციების გამყარება და ახალი პარტნიორების მოზიდვა.
უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩვენს საწარმოში ვუმასპინძლებთ ჩინეთიდან დისტრიბუციული ქსელების წარმომადგენლებს, ასევე მონაწილეობას მივიღებთ საერთაშორისო გამოფენებში საფრანგეთში, კატარსა და იორდანიაში, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, ქართული პროდუქცია ახალ ბაზრებს გავაცნოთ და საერთაშორისო პარტნიორთა ქსელი გავაფართოოთ.
პარალელურად, ვაგრძელებთ ინვესტირებას საწარმოო ტექნოლოგიების განვითარებაში, წარმოების ეფექტიანობის გაზრდაში, შეფუთვის სრულყოფასა და ახალი პროდუქციის შექმნაში.
ჩვენი მიზანია, „სანდომი“ კიდევ უფრო მეტად დამკვიდრდეს როგორც თანამედროვე ქართული ბრენდი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ინოვაციურ და ბუნებრივი ინგრედიენტებით დამზადებულ პროდუქციას.
ინფორმაციისთვის, კომპანია არის ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელი, რაც იმის დასტურია, რომ „სანდომი“ აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქართულ პროდუქტს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.
სხვა სიახლეები
4-წლიანი პარტნიორობის შეჯამება და ახალი სტრატეგია: „აგროსიმა“ და „კლოუნ ქიმია“ თანამშრომლობას აფართოებენ
29.10.2026.16:00
კომპანია „აგროსიმა“ 2017 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ახორციელებს პესტიციდების, აგროქიმიკატების და სათესლე მასალის იმპორტს ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, თურქეთიდან და ჩინეთიდან.
გასულ თვეს აგროსიმას „კლოუნ ქიმიას“ წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა სტრატეგიული თანამშრომლობის 4-წლიანი პერიოდი შეაჯამეს, მიღწეული შედეგები გააანალიზეს და ბაზრის განვითარების ახალი ეტაპი დაგეგმეს. აღნიშნული პარტნიორობის გაღრმავება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „აგროსიმას“ მკაფიო სტრატეგიას - ქართველ ფერმერებსა და აგრომეურნეობებს შესთავაზოს მაღალეფექტური და მრავალფეროვანი პესტიციდები.
„ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებისა და თანამედროვე აგროგამოწვევების გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გავაღრმაოთ სტრატეგიული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორთან. ვიზიტის ფარგლებში დეტალურად შევაფასეთ გასული წლების შედეგები და დავსახეთ განახლებული სტრატეგიები, რაც უახლესი თაობის პესტიციდების პორტფელის გაფართოებასა და ქართველი ფერმერებისთვის მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომობას გულისხმობს. აღნიშნული სიახლეების დამატების შემდეგ, „აგროსიმას“ პორტფელში 70-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების პესტიციდი და აგროქიმიკატი გაერთიანდება. 9-წლიანი ოპერირების მანძილზე შევძელით და საქართველოს ბაზარზე არაერთი წამყვანი საერთაშორისო კომპანია შემოვიყვანეთ, „კლოუნ ქიმია“ კი ამ გზაზე ჩვენი ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია,“ - აცხადებს „აგროსიმას“ დამფუძნებელი ირაკლი ქოროღლიშვილი Business Insider Georgia-სთან ინტერვიუში.
„კლოუნ ქიმია“ არის განვითარებაზე ორიენტირებული მცენარეთა დაცვის საშუალებების მწარმოებელი, რომელიც სპეციალიზებულია პესტიციდების კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში. დაარსების დღიდან კომპანია ფოკუსირებულია უმაღლესი ხარისხის პროდუქტების შექმნაზე, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე კლიმატურ გამოწვევებს, რითაც ბაზარზე ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
კომპანია „აგროსიმამ“ საწყის ეტაპზე საქმიანობა 10 პრეპარატის რეალიზაციით დაიწყო და ეს მაჩვენებელი უკვე 70-მდეა. განახლებული და მრავალფეროვანი პორტფელი სრულად ფარავს აგროსექტორის საჭიროებებს და მოიცავს: ინსექტიციდებს, აკარიციდებს, ფუნგიციდებს, ჰერბიციდებს, სასუქებს და სათესლე მასალას. კომპანიის მიზანია ფერმერების მხარდაჭერა და მათი ხარისხიანი მოსავლის უზრუნველყოფა.