საქართველო არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ბიზნესის დაწყება და გლობალურ ბაზრებზე გასვლა - ავთანდილ კასრაძე
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით, საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემა Dealroom-ის გლობალურ რუკაზე დაემატა.
Dealroom წარმოადგენს წამყვან გლობალურ პლატფორმას და მსოფლიო სტარტაპ ეკოსისტემების ციფრულ რუკას, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს დეტალურ ინფორმაციას სტარტაპებზე, ინვესტორებზე, უნივერსიტეტებზე, მსხვილ კომპანიებსა და ინოვაციურ ინსტიტუციებზე. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA-ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ განაცხადა,სან-ფრანცისკოში ინვესტორები სწორედ ასეთ პლატფორმებზე იღებენ დამოუკიდებელ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხდება დღეს ამა თუ იმ ეკოსისტემაში.
„საქართველოზე აქამდე საერთოდ მწირი მონაცემები იყო, თუმცა ჩვენ მათთან კოლაბორაციით შევძელით მაქსიმალურად აგვესახა ყველა ის მნიშვნელოვანი შედეგი, რომელსაც ეკოსისტემამ უკვე მიაღწია. მათ შორის ციფრებშია მოცემული, თუ რა რაოდენობის სტარტაპერები და IT სპეციალისტები გვყავს, როგორია ტალანტების ბაზა, ინვესტიციებთან წვდომა, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები და ის მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები, რომლებსაც სახელმწიფო როგორც ინოვაციურ სტარტაპებს, ისე საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს სთავაზობს.
შესაბამისად, ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად გაზრდის დაინტერესებას ერთი მხრივ, საერთაშორისო ინვესტორების, ხოლო მეორე მხრივ, იმ საერთაშორისო სტარტაპების მხრიდან, რომლებიც ეძებენ ადგილს ბიზნესის დასაწყებად. სან-ფრანცისკოში ჩემი პრეზენტაციაც სწორედ იმას ეხებოდა, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ბაზარი, სადაც უბრალოდ შესვლა შეგიძლიათ; საქართველო არის ადგილი, საიდანაც შესაძლებელია ბიზნესის დაწყება და, პირიქით, სხვა გლობალურ ბაზრებზე გასვლა.
ჩვენი ქვეყანა თავისთავად შეიძლება იყოს პლატფორმა უფრო დიდი, რეგიონული მასშტაბის მოთამაშეების ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, Dealroom-ში ასახული სწორი მონაცემები კი კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს ინვესტორების რწმენას, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
სხვა სიახლეები
Robo Coder - 2026–2027 სასწავლო წელი ახალი შესაძლებლობებით
09.09.2026.18:00
2026-2027 სასწავლო წელს ტექნოლოგიური განათლების ცენტრი ROBO Coder ახალი იდეებითა და მიმართულებებით ხვდება. ცენტრი აგრძელებს უკვე წარმატებული პროგრამების განვითარებას და ამავდროულად ბავშვებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნინო ბექაურს ესაუბრა.
”ROBO Coder-ის პროგრამებში წელს მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა პროგრამირებასა და თამაშების შექმნას. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად მოიფიქრონ თამაშის იდეა, შექმნან პერსონაჟები და თამაშის მექანიკა და საკუთარი იდეა რეალურ ციფრულ პროდუქტად აქციონ.
ცენტრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა Robo Coder Anywhere - მობილური საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ბაღებთან თანამშრომლობაზეა ორიენტირებული. პროექტის ფარგლებში ROBO Coder-ის გუნდი თავად მივა საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ბავშვებს ადგილზე შესთავაზებს რობოტიკისა და პროგრამირების გაკვეთილებს. ამგვარად, თანამედროვე ტექნოლოგიური განათლება უფრო მეტი ბავშვისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
2026–2027 სასწავლო წლის რეგისტრაცია უკვე დაიწყო. ინტერესი შეინიშნება როგორც ROBO Coder-ის მოქმედი მოსწავლეების მხრიდან, რომლებიც სწავლის შემდეგ ეტაპზე გადადიან, ასევე ახალი მოსწავლეების მხრიდანაც.
მოთხოვნა სხვადასხვა ასაკობრივ მიმართულებაზეა - 3-5 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი შემოქმედებითი კურსებიდან 10-15 წლის მოზარდებისთვის პროგრამირებისა და თამაშების შექმნის კურსებამდე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური განათლების მიმართ ინტერესი ბავშვების სხვადასხვა ასაკში იზრდება.
თანამედროვე ტექნოლოგიებთან ერთად Robo Coder-ის სასწავლო პროცესში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ხელოვნური ინტელექტიც. ცენტრის მიზანია, ბავშვებმა AI მხოლოდ მზა ინსტრუმენტის სახით არ გამოიყენონ. ისინი სწავლობენ, როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საკუთარი იდეების განვითარებისა და განხორციელებისთვის. განსაკუთრებით საინტერესო ეს პროცესი თამაშების შექმნისას ხდება, როდესაც ბავშვი თავად არის იდეის ავტორი, ხოლო AI მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების დამატებითი ინსტრუმენტია.
ამასთან, ROBO Coder აგრძელებს იმ მიმართულების განვითარებას, რომლითაც ცენტრმა წლების განმავლობაში ბევრი ბავშვის ინტერესი მოიპოვა - Lego რობოტოტექნიკა. ტრადიციული კურსები კვლავ რჩება სასწავლო პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილად. რეალური მოდელების აწყობა ბავშვებს ეხმარება წვრილი მოტორიკის, სივრცითი აზროვნების, ყურადღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებაში.
თუმცა Robo Coder-ისთვის ტრადიციების შენარჩუნება განვითარებაზე უარის თქმას არ ნიშნავს. პირიქით - ცენტრის მთავარი მიზანია, პრაქტიკული სწავლება თანამედროვე ტექნოლოგიებს დაუკავშიროს.
2026–2027 სასწავლო წლის მთავარი პრიორიტეტი სწორედ განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნაა. Robo Coder-ის მიზანია, შეინარჩუნოს ის, რაც ბავშვებისთვის საინტერესო და ეფექტურია, და ამავდროულად მუდმივად დაამატოს ახალი მიმართულებები.
სამომავლოდ Robo Coder-ის ხედვაა, განვითარდეს როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური განათლების სივრცე, სადაც ბავშვები არა მხოლოდ ტექნოლოგიების მომხმარებლები, არამედ მათი შემქმნელებიც ხდებიან“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.