საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის, ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ პარტნიორობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით, მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების ერთგულნი და ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას - ირაკლი კობახიძე
კორპორატიული ობლიგაციების შიდა ბაზარზეც ისტორიული ზრდა გვაქვს. 2025 წელს, ვიხილეთ ყველაზე მაღალი აქტივობა, რადგან ემისიების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა; საჯარო კორპორატიული ობლიგაციების ბაზარი წინა წელთან შედარებით 33.3 პროცენტით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მომწიფებულ ეკოსისტემაზე მეტყველებს, სადაც ქართული ბიზნესსუბიექტები მზად არიან კონკურენციისთვის, ხოლო გლობალური ინვესტორები - პარტნიორობისთვის.
„ამავდროულად, ვაგრძელებთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას ჩვენი კაპიტალის ბაზრის შემდგომი გაღრმავების მიზნით. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვამ შედეგი უკვე გამოიღო და კაპიტალის მნიშვნელოვანი დაგროვება მოხდა ქვეყანაში, მართვის ქვეშ არსებული ფინანსური რესურსის ოდენობა 9 მილიარდ ლარს უახლოვდება. ეს ქმნის გრძელვადიანი ადგილობრივი ინვესტორების ძლიერ ბაზას. პარალელურად, ვახორციელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, დაფინანსების ინსტრუმენტების გაფართოებაზე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის კეთილგანწყობილი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობაზე. ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელი ღონისძიება გახლავთ ჩვენს რეგიონში კაპიტალის ბაზრების ყველაზე დიდი და გავლენიანი კონფერენცია. ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს ვუდასტურებ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ჩვენ მათ არა მხოლოდ ბაზარს ვთავაზობთ, არამედ პარტნიორობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით. მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების იდეის ერთგულნი. ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, რაც აუცილებელია მსოფლიო დონის კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ემსახურება როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ასევე თქვენს საინვესტიციო მიზნებს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაჟღერებული მოსაზრებები პრაქტიკულ ნაბიჯებსა და ხანგრძლივ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. ყველას გისურვებთ პროდუქტიულ, არსებითი ინფორმაციით დატვირთულ და წარმატებულ კონფერენციას,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
ბაზრის ტენდენციები, რეგიონული ზრდა და ახალი სერვისები - როგორია „ნაკადურის“ განვითარების ხედვა
24.04.2026.18:00
„ნაკადური“ არის კომპანია, რომლის საქმიანობა ხის კოტეჯებისა და სახლების მშენებლობას მოიცავს. ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ედიკა ელბაქიძეს ესაუბრა.
„ბაზარზე არსებული ტენდენციის მიხედვით, მოთხოვნა ძირითადად საშუალო და მცირე ზომის სახლებზე ფიქსირდება - დაახლოებით 60–70 კვადრატის ფარგლებში. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მათ შორის 100 კვადრატისა და უფრო დიდი ზომის სახლები. ასევე გვაქვს რამდენიმე პოპულარული პროექტის ვერსია, რომლებიც მომხმარებლების მხრიდან განსაკუთრებით მოთხოვნადია და რომელთა დიზაინის მიხედვითაც უკვე რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა მსგავსი ტიპის სახლების მშენებლობა.
ვოპერირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით - მოთხოვნა ყველა რეგიონიდან გვაქვს. ბოლო პერიოდში რამდენიმე პროექტი განვახორციელეთ კახეთში, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტში. დასავლეთ საქართველოშიც გვაქვს დაგეგმილი პროექტები და ზოგადად, ყველა რეგიონიდან ვიღებთ შეკვეთებს. ამ ეტაპზე მაღალმთიან რეგიონებში - ზემო აჭარასა და სვანეთში პროექტები ჯერ არ განგვიხორციელებია, თუმცა აჭარაში უახლოეს პერიოდში პროექტის დაწყება დაგეგმილია “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
„ნაკადური“ მშენებლობის პროცესს საშუალოდ 2–3 კვირაში ასრულებს.
„მშენებლობის ვადები დიდწილად დამოკიდებულია პროექტის სირთულესა და კვადრატულობაზე. ძირითადად მოთხოვნა საშუალო ზომის სახლებზეა - დაახლოებით 60, 70 ან 80 კვადრატის ფართობის პროექტებზე. ასეთ შემთხვევაში მშენებლობა, როგორც წესი, დაწყებიდან 2–3 კვირაში სრულდება. მთავარია, ამინდი და სხვა გარემო ფაქტორები არ იყოს ხელისშემშლელი.
როდესაც ჩვენი გუნდი ადგილზე იწყებს მუშაობას, მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პარალელურად რამდენიმე პროექტს არ ვახორციელებთ, რის გამოც ერთი ობიექტის დასრულება და შემდგომი პროექტის დაწყება სწრაფად ხდება.
მასალად ძირითადად ვიყენებთ ფიჭვს, რომელიც იმპორტირებულია რუსეთიდან და ბელარუსიიდან. რაც შეეხება ტრანსპორტირებას, ჩვენს მომსახურებაში შედის მასალების დამკვეთის მიწის ნაკვეთზე მიტანა. ადგილზე ხდება დამატებითი დამუშავება და ყველა საჭირო სამუშაოს შესრულება შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით, მშენებლობის პროცესის შესაბამისად “, - აღნიშნავს ედიკა ელბაქიძე.
სამომავლოდ კომპანია მომხმარებელს დამატებითი სერვისების შეთავაზებას გეგმავს.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გვინდა მომხმარებელს სახლის მშენებლობის გარდა დამატებითი სერვისებიც შევთავაზოთ - მათ შორის კანალიზაციის სისტემების ანტისეპტიკური დამუშავება, ავტომატიზებული გადაწყვეტილებები და ეზოს მოწყობის მომსახურება. ასევე გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე სიახლე, რომელთა შესახებ დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ კომპანიის ვებგვერდს.