საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ შემოიყვანოს ნებისმიერი ბრენდი ქვეყანაში - თემო მაღრაძე
„საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რომ შემოიყვანოს ნებისმიერი უზარმაზარი ბრენდი ქვეყანაში“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარემ თემო მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ამისათვის ძალიან ბევრი კეთდება - ინვესტორები ჩამოჰყავთ, აცნობენ ქართულ ბაზარს.
„სახელმწიფოსა და The Tech Association-ს შორის სინერგია ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საქმე ისაა, რომ როდესაც ახალი კომპანია საქართველოში ამ ინფრასტრუქტურის გასაცნობად ჩამოდის, ის პირველ რიგში სახელმწიფოს წარმომადგენლებს ხვდება, რომლებიც უამრავ დადებით მხარეზე უყვებიან, თუ რა უპირატესობები დახვდებათ აქ, რით ვჯობივართ სხვა ქვეყნებს და ა.შ. თუმცა, შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ეს კომპანიები ცალსახად იმ საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიდიან, რომლებიც ქართულ ბაზარზე უკვე ოპერირებენ და მათ ეკითხებიან: „სახელმწიფომ ეს ბენეფიტები შემოგვთავაზა და თქვენ როგორ იყენებთ მათ, რეალურად როგორ მუშაობს ეს სისტემა?“
თუ ამ დროს კერძო სექტორმა განსხვავებული პასუხი გასცა, ანუ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ზუსტად ისე არ არის, როგორც დაგეგმილი იყო, ან არსებობს გარკვეული ბარიერები ეს ახალი ინვესტორებისთვის შესაძლოა ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი (სტოპერი) გახდეს. სწორედ ამიტომ არის უმნიშვნელოვანესი, რომ ბიზნესმა Tech მიმართულებაზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა და სახელმწიფომ ერთ ენაზე ისაუბრონ“, - აღნიშნა თემო მაღრაძემ.
თემო მაღრაძის განცხადებით, მსხვილ კომპანიებს მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და საჭიროებების ინფორმაციის სახით გადაცემა სურთ, რაც, სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით, ქვეყანაში კიდევ უფრო უზარმაზარი კომპანიების შემოყვანას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით, ბიზნესს სრულად ესმის სახელმწიფო ინტერესების დაცვის მნიშვნელობა, თუმცა კერძო სექტორის ხმის უკეთ გაგონება პირდაპირ აისახება ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზე.
სხვა სიახლეები
შუა აზიისთვის ალტერნატიული მარშრუტებიდან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორია - მიხეილ ნამადოვი
06.11.2026.19:00
მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის სასაწყობე ფართობი შევიყვანეთ ექსპლუატაციაში, - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სასაწყობე მეურნეობებისა და ლოგისტიკური ცენტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, რომ საწყის პერიოდში ვართ. განვითარების საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს. ჩვენ მხოლოდ წელს დაახლოებით 30 000 კვადრატული მეტრი A კლასის ფართობი შევიყვანეთ, შეგვყავს უკვე ექსპლუატაციაში და იმავე ტრენდის შენარჩუნებას ვაპირებთ მომავალ წლებშიც, სულ მცირე.
გარდა ამისა, მოთხოვნას ზრდის როგორც შიდა ბაზარი, ისე ელექტრონული კომერცია და ქსელების განვითარება. ასევე, სატრანზიტო ტვირთების გადამუშავებას აპრიორი სჭირდება ეს მომსახურება, განსაკუთრებით საბაჟო საწყობების თვალსაზრისით.
ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საბაჟო პროცედურები გვაქვს ტრანზიტის რეჟიმში ტვირთების მართვის კუთხით და ამ პოტენციალს მაქსიმალურად ვიყენებთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა შუა აზიაზეა საუბარი, ვინაიდან ვიცით, რა მდგომარეობაშიც არიან. ალტერნატივა მხოლოდ ირანი, საქართველო და რუსეთია და დღევანდელ პირობებში ჩვენ მათთვის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური პარტნიორი ვართ“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.