საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით ტაშკენტში საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ გაიმართება
საქართველოს ბანკი SOLO Business - ის მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისა და ახალი საქმიანი შესაძლებლობების შექმნის მხარდაჭერას აგრძელებს. გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებითა და ბანკის მხარდაჭერით, 2026 წლის 7-8 ოქტომბერს, ტაშკენტში, საერთაშორისო ბიზნესგამოფენა „საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ უკვე მეორედ გაიმართება.
გამოფენა The Europe-Uzbekistan Association for Economic Cooperation (EuroUZ)-ისა და უზბეკეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის პარტნიორობით ხორციელდება, რაც ქართულ კომპანიებს კიდევ უფრო ფართო საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებასთან დაკავშირების შესაძლებლობას მისცემს.
მისი მიზანია საქართველოსა და უზბეკეთს შორის ბიზნესკავშირების გაღრმავება, კომპანიებისთვის ახალი ბაზრის გაცნობა და საერთაშორისო პარტნიორობების შექმნის ხელშეწყობა. გამოფენა JW Marriott Tashkent-ში გაიმართება, ის 2,000-მდე კორპორაციული სექტორის წარმომადგენელს მოიზიდავს და მასში სხვადასხვა ინდუსტრიის 50-მდე ქართული კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
„საქართველო - უზბეკეთი აბრეშუმის გზა“ ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, უზბეკეთის ბიზნესგარემოსა და ბაზრის პოტენციალს გაეცნონ, მონაწილეობა მიიღონ B2B შეხვედრებში და შეხვდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებსა თუ ინვესტორებს. ამასთან ერთად, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და საკუთარი პროდუქტი თუ მომსახურება საერთაშორისო აუდიტორიას გააცნონ.
“ბოლო წლებში, უზბეკეთის მიმართ ინვესტორების ინტერესი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამას მონაწილეთა მრავალფეროვნებაც მოწმობს. წლევანდელ გამოფენაში ისეთი მსხვილი კომპანიები იღებენ მონაწილეობას, როგორიც არის იმობილიარე, თეგეტა მოტორსი, სოფტგენი, ვეზირი, თბილისი ბულვარი, მანდეი, ასკანელი და სხვა. იმისათვის, რომ წლევანდელი ბიზნეს გამოფენის მასშტაბები გაგვეზარდა, გადავწყვიტეთ, დავპარტნიორებულიყავით ადგილობრივ მსხვილ ინსტიტუციებთან, როგორიც არის EuroUz და უზბეკეთის სავაჭრო პალატა. გამოფენა მონაწილე კომპანიებს სთავაზობს განახლებულ კონცეფციას, კერძოდ, სტუმრობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის, რაც უზრუნველყოფს მიზნობრივი აუდიტორიის არსებობას. ამასთან ერთად, უშუალოდ მონაწილე კომპანიების საჭიროებების გათვალისწინებით დაორგანიზდება როგორც ინდივიდუალური B2B, ასევე Round table სტილის შეხვედრები და ადგილობრივ კომპანიებში ვიზიტები. ვფიქრობთ, რომ მოცემული ფორმატი ხელს შეუწყობს ქართულ კომპანიებს უფრო სიღრმისეულად გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი და ჩამოაყალიბონ ბიზნესკავშირები”, - განაცხადა გაყიდვების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ჩიკვაიძემ.
„საქართველოს ბანკისთვის ქართული ბიზნესის საერთაშორისო განვითარებისა და ახალი ბაზრების ათვისების ხელშეწყობა ბიზნესის მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ბანკი ბიზნესებს ფინანსურ რესურსებთან ერთად ისეთი შესაძლებლობების შექმნაშიც ეხმარება, რომლებიც მათ ახალი პარტნიორების მოძიებაში, საერთაშორისო ბაზრებზე გასვლასა და საქმიანობის გაფართოებაში უწყობს ხელს. საერთაშორისო ბიზნესგამოფენის მხარდაჭერით კი SOLO Business-ის მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, გაიცნონ უზბეკეთის ბაზარი, დაამყარონ ახალი საქმიანი კავშირები და საკუთარი ბიზნესის გაფართოების პერსპექტივები განიხილონ. გვჯერა, რომ მსგავსი პლატფორმები ქართული ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და საერთაშორისო შესაძლებლობების რეალურ ბიზნესპარტნიორობებად ქცევაში დაეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, თორნიკე კუპრაშვილმა.
თუ გსურთ, თქვენი კომპანია გახდეს საერთაშორისო ბიზნესგამოფენის მონაწილე და გაეცნოთ უზბეკეთის ბაზრის შესაძლებლობებს, დარეგისტრირდით გამოფენაზე (მონაწილეობა ფასიანია): https://forms.gle/8ZbuQPpGqhbWi1nP6
სხვა სიახლეები
„ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს
13.10.2026.18:00
Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.
როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?
წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.
მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.
როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?
საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.
გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.
ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.
რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?
ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.
მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.
როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?
წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.
ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.
იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.