საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია მსოფლიოში საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბებს შორის დასახელდა - Global Finance
საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიებს შორის დაასახელა. ყოველწლიური დაჯილდოება The Innovators Awards 2026 ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიური იდეების, პროდუქტებისა და მომსახურებების განვითარების კუთხით გამორჩეულ ორგანიზაციებს აჯილდოებს.
Global Finance-ის დამფუძნებლისა და სარედაქციო დირექტორის, ჯოზეფ ჯიარაპუტოს განცხადებით, ფინანსური ინოვაციების ლაბები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ახალი ტექნოლოგიების გამოცდაში, ბიზნესმოდელების ტესტირებასა და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დაჩქარებულ განვითარებაში.
Innovators Awards 2026 მეცამეტედ გაიმართა, გამარჯვებულები კი ჟურნალის სარედაქციო საბჭომ დარგის ექსპერტ ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინა.
„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ ხელოვნური ინტელექტი რეალურ ღირებულებას მაშინ ქმნის, როდესაც ის ადგილობრივ საჭიროებებს პასუხობს. სწორედ ამიტომ შევქმენით საკუთარი AI კვლევითი ლაბორატორია, სადაც ვავითარებთ ქართულ ენასა და ჩვენს მომხმარებლებზე მორგებულ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ქართულენოვანი ჩეტბოტი, და ქართულენოვანი მეტყველების ამოცნობა და სინთეზირება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ უფრო სწრაფები, დამოუკიდებლები და მომხმარებლებს შევთავაზოთ უკეთესი გამოცდილება, ხოლო ბიზნესს - უფრო ეფექტიანი პროცესები. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი AI კვლევითი ლაბორატორიის გუნდის თითოეულ წევრს, რომელთა პროფესიონალიზმის დამსახურებით, საქართველოს ბანკის ინოვაციურმა ეკოსისტემამ საერთაშორისო აღიარება მიიღო”, - განაცხადა საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ნადარეიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დაჯილდოებაში მონაწილეობდნენ ისეთი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტები და ბანკები, როგორებიცაა Citi, Mastercard, Goldman Sachs და სხვები.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.