საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
საქართველოს ბანკი ინკლუზიური ფინანსური გარემოს განვითარებისა და უსინათლო მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებზე თანაბარი წვდომის უზრუნველყოფას აგრძელებს. ბანკი ქმნის გარემოს, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ფინანსები დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და სრულფასოვნად მართოს.
უსინათლო მომხმარებლებისთვის ფიზიკურ სივრცეებში, ციფრულ სერვისებსა და საბანკო ინფორმაციაზე წვდომის პროცესში არსებული ბარიერები ხშირად ზღუდავდა ფინანსურ მომსახურებაზე დამოუკიდებელ წვდომას. საქართველოს ბანკისთვის ხელმისაწვდომობა მხოლოდ ტექნიკური ადაპტაცია არ არის. ის მომხმარებლის უფლებების პატივისცემის, თანასწორი შესაძლებლობებისა და ინკლუზიური განვითარების განუყოფელი ნაწილია.
“ფინანსური ინკლუზია მხოლოდ ფინანსურ სერვისებზე წვდომას არ ნიშნავს. ის ნიშნავს შესაძლებლობას, ადამიანმა დამოუკიდებლად მართოს საკუთარი ფინანსები, მიიღოს გადაწყვეტილებები და სრულფასოვნად ჩაერთოს ეკონომიკურ ცხოვრებაში.
სწორედ ამ ხედვით შევქმენით გარემო, სადაც უსინათლო და მცირემხედველ მომხმარებლებს შეუძლიათ საბანკო მომსახურებით დამოუკიდებლად, უსაფრთხოდ და ღირსეულად ისარგებლონ. ჩვენთვის ეს გაცილებით მეტია, ვიდრე სერვისების ადაპტაცია. ეს არის იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც ადამიანებს დამოუკიდებლობას და თანასწორ შესაძლებლობებს უზღუდავდა.
გვჯერა, რომ ფინანსური სერვისები ადამიანებს შესაძლებლობებს უნდა უხსნიდეს და არა დამატებით ბარიერებს უქმნიდეს. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია საკუთარი ფინანსური ცხოვრება დამოუკიდებლად მართოს“, – განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
დღეისათვის საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისის თითოეულ რაიონში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია მინიმუმ ერთი სრულად ადაპტირებული ფილიალი, რაც უსინათლო და მცირემხედველი ადამიანებისთვის საბანკო მომსახურებაზე დამოუკიდებელ და თანაბარ წვდომას უზრუნველყოფს.
იმისთვის, რომ მომხმარებლებმა მომსახურება დამოუკიდებლად და კონფიდენციალურ გარემოში მიიღონ, სრულად ადაპტირებულ ფილიალებში მოწყობილია კერძო შეხვედრების ოთახები. ამ სივრცეებში უსინათლო და მცირემხედველ მომხმარებლებს შეუძლიათ ტექსტის ხმოვანი წაკითხვის პროგრამის გამოყენებით გაეცნონ საბანკო პროდუქტებისა და ხელშეკრულებების პირობებს და დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება. ტაქტილური ბილიკები და სპეციალურად ადაპტირებული ფილიალები კი მათ უსაფრთხო და დამოუკიდებელ გადაადგილებას უწყობს ხელს.
საქართველოს ბანკმა საბანკო მომსახურების ხელმისაწვდომობა გააფართოვა არა მხოლოდ ფილიალებში, არამედ თვითმომსახურების სერვისებშიც. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, უსინათლო პირებისთვის 300 ბანკომატია ადაპტირებული. შემუშავებულია აუდიო ინსტრუქციები, ეკრანის ავტომატური დაბლარვის ფუნქცია და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული დიზაინი.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ დამოუკიდებლად აწარმოონ საბანკო ოპერაციები და შეინარჩუნონ საკუთარი ფინანსების მართვის სრული კონტროლი.
„საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას ფინანსური გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს ექნება თანაბარი შესაძლებლობა, ისარგებლოს საბანკო მომსახურებით და მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ ცხოვრებაში“,- განაცხადა ანა ლომთაძემ, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის, ინკლუზიური საბანკო მომსახურება ნიშნავს:
• მომხმარებლების შესაძლებლობას, დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები;
• მიიღონ ინფორმირებული ფინანსური გადაწყვეტილებები;
• ჰქონდეთ საბანკო სერვისებზე თანაბარი წვდომა;
• მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა საზოგადოების ეკონომიკურ ცხოვრებაში.
„ჩვენთვის წარმატება არ იზომება მხოლოდ იმით, რამდენად ბევრი ადამიანი სარგებლობს ჩვენი სერვისებით, არამედ იმითაც, რამდენად შეუძლია თითოეულ მომხმარებელს ამ სერვისებით დამოუკიდებლად, ღირსეულად და თანაბარ პირობებში სარგებლობა. გვჯერა, რომ რეალური ინკლუზია იწყება მაშინ, როდესაც ბარიერები აღარ განსაზღვრავს ადამიანის შესაძლებლობებს“, – განაცხადა ანა ოსაძემ.
სხვა სიახლეები
სრულად ციფრული ბიზნეს სესხი 80 000 ლარამდე - მარტივი წვდომა ფინანსურ რესურსებზე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკისგან
14.07.2026.12:35
მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი მომხმარებელს სრულად ციფრულ, სხარტ ბიზნეს სესხს 80 000 ლარამდე მოცულობით სთავაზობს.
პროდუქტი განკუთვნილია ინდ. მეწარმეებისა და შპს-ებისთვის, რომელთაც სურთ, სწრაფად და მარტივად მიიღონ დაფინანსება საკუთარი საქმიანობისთვის.
სხარტი ბიზნეს სესხის მთავარი უპირატესობაა, რომ მისი როგორც დამტკიცება, ისე გააქტიურება სრულად ციფრულად არის შესაძლებელი - ბიზნეს ინტერნეტბანკით ან ბიზნეს მობილბანკით, ფილიალში ვიზიტის, უზრუნველყოფისა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე.
განაცხადის შევსების პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. სისტემა მომხმარებლის ინფორმაციას ავტომატურ რეჟიმში ამოწმებს და სესხის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას 1 წუთში აბრუნებს. დამტკიცებული ლიმიტის ათვისება კი მომხმარებელს 30 დღის განმავლობაში შეუძლია.
„მოხარული ვართ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, კიდევ უფრო ვამარტივებთ ფინანსურ რესურსებზე წვდომას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ჩვენი მიზანია, მეწარმეებს მივცეთ საშუალება, დაზოგონ ყველაზე ძვირფასი რესურსი - დრო, და საჭირო დაფინანსება სრულად ციფრულად, რამდენიმე წუთში მიიღონ. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მომავალშიც შევთავაზოთ ბიზნეს სექტორს მათი ინტერესების შესაბამისი ახალი და გაუმჯობესებული სერვისები“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.
განახლებული პირობებით, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც მოკლევადიანი, 3 თვემდე ვადის, ასევე 3-დან 60 თვემდე პერიოდის დაფინანსებით, ბიზნესის საჭიროებებიდან გამომდინარე. ეფექტური ლარში 15.4%-დან.
სესხის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ ესტუმროთ ბმულს. დაფინანსების მისაღებად კი გადმოწერეთ ბიზნეს მობილბანკი ან გაიარეთ ავტორიზაცია ბიზნეს ინტერნეტბანკში.