საქართველოს ბანკი - საერთაშორისო ბიზნესმედიის ყურადღების ცენტრში
Lion Finance Group-ის ტრანსფორმაცია სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს იმ ბაზრების ფარგლებს გარეთაც, სადაც ჯგუფი ოპერირებს. ბოლო თვეების განმავლობაში McKinsey-მ, Bloomberg-მა და Financial Times-მა Lion Finance Group-ის განვითარებას სხვადასხვა პერსპექტივიდან შეხედეს და წარმოაჩინეს ის გზა, რომელმაც ქართული ფინანსური ჯგუფი ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ, მაღალი ზრდის ტემპით გამორჩეულ და საერთაშორისო გაფართოებისთვის მზადმყოფ კომპანიად აქცია.
McKinsey-ის ინტერვიუ საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორთან, არჩილ გაჩეჩილაძესთან, უფრო ღრმად იკვლევს იმ გადაწყვეტილებებსა და პრინციპებს, რომლებმაც ამ შედეგების მიღწევა განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება მიზანმიმართული არჩევანი იყო, ბანკს მომხმარებლისთვის ციფრული სერვისები ფინტექ კომპანიების მსგავსად სწრაფად და მარტივად მიეწოდებინა.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის ისეთივე სერვისები შეგვეთავაზებინა, რაშიც ფინტექ კომპანიები ძლიერები არიან - და ამავდროულად, შეგვენარჩუნებინა და განგვევითარებინა ის უპირატესობები, რაც უკვე გვქონდა, კერძოდ, ნდობა და ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები,“ - განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე ინტერვიუში.
პრაქტიკაში, ეს ორი მიმართულების პარალელურად განვითარებას ნიშნავდა. ერთი მხრივ — ტექნოლოგიებში უწყვეტ ინვესტირებასა და მომხმარებლის გამოცდილების გამარტივებას: ისეთი ორგანიზაციის შექმნას, რომელსაც შეუძლია ფინტექ კომპანიის სისწრაფით მოქმედება, თუმცა ბანკის მასშტაბითა და შესაძლებლობებით ოპერირება. მეორე მხრივ კი ორგანიზაციის მუშაობის პრინციპების გარდაქმნას: გადაწყვეტილებების მიღების დელეგირებასა და ისეთი კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც გუნდს შეცდომებზე სწავლის შესაძლებლობას აძლევს, მნიშვნელოვანი რისკების შექმნის გარეშე.
Bloomberg იმავე ტრანსფორმაციას განსხვავებული პერსპექტივიდან აფასებს — ბაზრების, ინვესტორების ნდობისა და ჯგუფის ზრდის დინამიკის ჭრილში. გამოცემის სტატიაში, „როგორ იქცა ქართული ბანკი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიად", ნაჩვენებია, თუ რა შედეგებამდე მიიყვანა ბანკი ამ წლების განმავლობაში განხორციელებულმა სტრატეგიამ: FTSE 100-ის ინდექსში გაწევრიანება, £5.8 მილიარდის საბაზრო კაპიტალიზაცია და, Bloomberg-ის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აქციის ფასის 740%-იანი ზრდა.
„ყოველ წელს ყველაფერს ოდნავ უკეთ ვაკეთებდით და ეს ყველაფერი დაგროვდა," - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე.
Bloomberg-თან ინტერვიუში საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ სწორედ ეს ფილოსოფია- თანმიმდევრული, თუნდაც მცირე გაუმჯობესებების განხორციელება და მათი დროთა განმავლობაში დაგროვება ჯგუფის ზრდის შემდეგ ეტაპსაც განსაზღვრავს. ეს ეტაპი საქართველოსა და სომხეთის ფარგლებს გარეთ გაფართოებას და ცენტრალურ აზიაში, ბალტიისპირეთსა და ბალკანეთში ახალი შესაძლებლობების ძიებას მოიცავს.
Financial Times-ის მიერ შედგენილ რეიტინგში კი, რომელიც ბრიტანეთის უმსხვილესი საჯარო კომპანიების ხელმძღვანელთა საქმიანობას აფასებს, არჩილ გაჩეჩილაძემ მეორე ადგილი დაიკავა. შეფასება ცხრა ძირითად კრიტერიუმს ეფუძნებოდა, მათ შორის კომპანიის მდგრადობას, ხელმძღვანელობის ეფექტიანობასა და ანალიტიკოსების შეფასებებს.
ეს შედეგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Lion Finance Group-ის FTSE 100-ის ინდექსში შესვლის შემდეგ და წარმოადგენს კომპანიის ძლიერი ფინანსური შედეგების, ეფექტიანი მმართველობისა და გრძელვადიან ღირებულებაზე ორიენტირებული სტრატეგიის აღიარებას.
McKinsey-ის, Bloomberg-ისა და Financial Times-ის მასალები ერთად გვაძლევს უფრო ფართო სურათს იმის შესახებ, თუ სად იმყოფება დღეს Lion Finance Group და რა მიმართულებით მიდის მომავალში.
სხვა სიახლეები
PSP-ს კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” ბარსელონაში ADC*E Creative Week 3 ოქროს და 1 ვერცხლის ჯილდოს მფლობელი გახდა
23.11.2026.17:09
ბარსელონაში, ADC*E Creative Week 2026 რიგით 35-ე დაჯილდოების გალა ცერემონიაზე 3 ოქროს და 1 ვერცხლის პრიზის მფლობელი PSP-ს სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე” გახდა. კამპანიაზე შემოქმედებითმა სააგენტო Playmakers-მა იმუშავა.
სიმართლისთვის თვალის გასწორებას ემსახურება PSP-ს ბოლო წლების საკომუნიკაციო კამპანიები. სიმართლე არის ის მთავარი იარაღი, რაც ადამიანებს რელობის აღქმასა და შემდგომ წინსვლაში ეხმარება. სწორედ ამიტომ მიიპყრო საერთაშორისო ჟიურის ყურადღება PSP-ს კამპანიებმა. სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე“ AD Black Sea 2026-ს გრან პრის მფლობელია.
2026 წლის ADC*E-ს 4 ჯილდოს მფლობელი სტრატეგიული კამპანია „რეცეპტი: სიმართლე“ ბრენდის გულწრფელობასთან ერთად, გამბედაობიას და საზოგადოებისთვის მთავარი ღირებულების - სიმართლის წარმოჩენას ემსახურება. რა სიმართლე უნდა მოისმინონ ადამიანებმა დღეს? სქესის ნიშნით შერჩევითი აბორტის, გენდერული უთანასწორობის, „ჯანსაღი რუჯის“ სახიფათო მითის შესახებ. არა პროდუქტზე ორიენტირებული რეკლამა. არამედ სიმართლეზე დაფუძნებული კომუნიკაცია.
სწორედ სიმართლის კამპანიებმა და თავისუფლებისადმი მიძღვნილმა ოდამ განაპირობა, რომ 2026 წელს PSP გახდა საერთაშორისო დონეზე ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე ქართული ბრენდი. რადგან ზოგჯერ, ყველაზე ძლიერი რამ, რაც აფთიაქს შეუძლია დანიშნოს - სიმართლეა.
PSP-ს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძნილი კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” ADC*E 2025 წლის გრან პრის, 2 ოქროს, ვერცხლის და სპეციალური პრიზის “ADCE-ის ევროპული ვარსკვლავის” მფლობელი გახდა. ისევე, როგორც „რეცეპტი: სიმართლეს“ კამპანიის ყველა სარეკლამო რგოლი, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ სააგენტო Playmakers მიერ არის შექმნილი.
2025-2026 წწ. მსოფლიოს თითქმის ყველა კრეატიულ ფესტივალზე უამრავი ჯილდოთი, მათ შორის არაერთი გრან პრით შეფასდა. კამპანია ერთნაირად ღირებული აღმოჩნდა ყველა კრეატიული ფესტივალის ჟიურის ასობით წევრისთვის, რის დასტურიცაა არაერთი გრან-პრი, სპეციალური და უმაღლესი ჯილდო რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე: Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა.
ADC*E Creative Week 17-დან 20 ნოემბრამდე გაიმართა, კვირეულის მთავარი კულმინაცია კი 20 ნოემბერს, საზეიმო დაჯილდოებაზე შედგა, სადაც გაირკვა გამარჯვებულების ვინაობა.
ფესტივალის 35-ე სეზონზე, ევროპის არტ-დირექტორთა კლუბის ADC*E Awards 2026-ის ფინალისტთა სიაში საქართველოდან 10 განსხვავებული კამპანია 29 ნომინაციით მოხვდა. PSP-ს სტრატეგიული კამპანია “რეცეპტი: სიმართლე“ შორთლისტში 4 კატეგორიაში იყო წარდგენილი: Creative Effectiveness, Creative Strategy,Local Insight (Brand Development & Experience) და Health & Wellness – Creative Strategy (Creativity by Industry Sectors).
ADC*E-ზე ევროპის ყველაზე გავლენიანი არტ-დირექტორები, დიზაინერები და კრეატიული სფეროს პროფესიონალები ერთმანეთს ტრადიციულად ბარსელონაში იკრიბებიან. ეს არის სივრცე, სადაც ევროპის შემოქმედებითი საზოგადოება ერთმანეთს უკავშირდება, უზიარებს ხედვებს, აღიარებს უმაღლეს ოსტატობას და იკვლევს ინდუსტრიისთვის ახალ შესაძლებლობებს.
ADC*E ევროპის 23 ქვეყნის 24 პროფესიულ კლუბსა თუ ასოციაციას აერთიანებს. ორგანიზაცია ევროპული კრეატიული ინდუსტრიის გაძლიერებასა და გამორჩეული ნამუშევრების აღიარებას ემსახურება. საქართველოდან უკვე მეხუთე წელია, ADC*E-ზე მონაწილეობა Ad Black Sea-ზე გამარჯვებულ სააგენტოებს შეუძლიათ.
წლევანდელი გამარჯვებულების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:
https://adceurope.awardhub.org/winners/