საქართველოს ბანკი უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის საკვანძო რგოლია
საქართველოს ბანკი უზბეკეთის ფინანსური სექტორის განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს.
ბანკი პირველი უცხოური ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის „რეგულატორული სენდბოქსის“ (Regulatory Sandbox) წევრი გახდა.
2024 წლის დასაწყისში უზბეკეთის პერსპექტიული პროექტების ეროვნული სააგენტოს (NAPP) გადაწყვეტილებით, საქართველოს ბანკი რეგულატორული სენდბოქსის მონაწილე გახდა და უცხოური ნომინალური მფლობელის (Foreign Nominee Holder) სტატუსი მიიღო. აღნიშნული ბანკს შესაძლებლობას აძლევს, დამატებითი ლიცენზიის გარეშე გახსნას და მართოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშები. ასევე, ოპერაციები აწარმოოს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ვალუტაში. ეს კი საერთაშორისო ინვესტორებისთვის უზბეკეთის კაპიტალის ბაზარზე წვდომას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
ბანკის საქმიანობის გაფართოებამ უზბეკეთის ფინანსური სექტორის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას - უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებას (IPO) შეუწყო ხელი. 2026 წლის მაისში ფონდმა ლონდონისა და ტაშკენტის საფონდო ბირჟებზე ისტორიული, ორმაგი ლისტინგი განახორციელა.
შეთავაზებამ საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი გამოიწვია. ჯამურად, მოზიდულმა მოთხოვნამ 2.8 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ტრანზაქციის მოცულობამ კი 603.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურაში საქართველოს ბანკმა, ქასთოდიანის როლში კრიტიკული როლი შეასრულა. ბანკი უზრუნველყოფდა უზბეკეთში არსებული აქციების შენახვას BNY-ის (The Bank of New York Mellon Corporation) სახელით, რომელიც, თავის მხრივ, გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების (GDR) პროგრამისთვის დეპოზიტარის ფუნქციას ასრულებდა.
უზბეკეთის კაპიტალის ბაზრის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში ინტეგრაციის პროცესში UzNIF-ის წარმატებული ორმაგი ლისტინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბანკის შესაძლებლობას, საერთაშორისო ინვესტორებსა და განვითარებად ბაზრებს შორის ეფექტიანი ფინანსური ხიდის ფუნქცია შეასრულოს. უზბეკური სამთავრობო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ოპერირების პარალელურად, საქართველოს ბანკი უზბეკეთის კორპორატიული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე ქასთოდიანურ მომსახურებასაც აფართოებს. ეს მოიცავს როგორც აქციების, ისე კორპორატიული ობლიგაციების მომსახურებას, რაც საერთაშორისო ქასთოდიანებს, დეპოზიტარებსა და უცხოელ ინვესტორებს ხელს შეუწყობს, უზბეკეთის მზარდი კაპიტალის ბაზრის შესაძლებლობებით უფრო მარტივად ისარგებლონ.
აღნიშნულ ისტორიულ ტრანზაქციაში მონაწილეობა და BNY-სთვის ქასთოდიანის როლის შესრულება, საქართველოს ბანკის მნიშვნელოვანი პოზიციის დასტურია. ეს ბანკს საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური მომსახურება, რომელიც უზბეკეთის კაპიტალის ბაზარს გლობალურ საინვესტიციო საზოგადოებასთან დააკავშირებს.
სხვა სიახლეები
ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება - პროექტი საქართველოს ბანკის და კომაროვის მიერ ხორციელდება
05.06.2026.12:56
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადას ახორციელებს.
7 ივნისს, 11 საათზე საქართველოში ყველაზე მასშტაბური სასკოლო, გუნდური შეჯიბრების – STEM ოლიმპიადის ფინალური ტური იმართება.
ფინალურ ტურში მონაწილეობას საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლის 50 მოსწავლე მიიღებს. ოლიმპიადის ფარგლებში, ახალგაზრდები გუნდურად იმუშავებენ STEM დავალებებისა და პრაქტიკული ამოცანების შესრულებაზე.
ღონისძიების ფარგლებში, მოხდება მონაწილეების მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა. ჟიურის შეფასებების საფუძველზე კი გამოვლინდება გამარჯვებული სკოლა.
გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ბანკისგან გადაეცემა ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. ოლიმპიადის ფარგლებში ასევე დაჯილდოვდებიან მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები, გამოვლინდებიან ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გუნდებს შორის გამარჯვებულებიც.
პროექტის მხარდამჭერია ალტე უნივერსიტეტი, რომელიც ოლიმპიადას ფიზიკური ტურისთვის სივრცით უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ STEM ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე ონლაინ შესარჩევი ტური იმართება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები წერენ ტესტს, საუკეთესო შედეგის მქონე გუნდები (მონაწილე გუნდების 50%) კი პირველ ტურში გადადიან.
პირველი ტური დასწრებულად ტარდება, რომელშიც ონლაინ შესარჩევი ტურის შედეგების მიხედვით შერჩეული გუნდები მონაწილეობენ. თითოეული გუნდი დაკომპლექტებულია 5 მოსწავლისგან, რომელთაგან სამი მოსწავლე წერს მათემატიკის, ორი კი ფიზიკის საოლიმპიადო ამოცანებს. ჯამურ შედეგებზე დაყრდნობით, ხდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე სკოლის გუნდის გამოვლენა და ისინი მონაწილეობას ფინალში იღებენ.
ფინალურ ეტაპზე მოსწავლეები ერთმანეთს გუნდურად, პრაქტიკული დავალებების შესრულებაში ეჯიბრებიან და STEM პროექტზე მუშაობენ.
ამასთან, ფინალურ ტურამდე მონაწილე გუნდებს 40 საათიანი ციფრული ინჟინერიისა და პროგრამირების კურსი უტარდებათ, რომელსაც კომაროვის სკოლის STEM მიმართულების პროფესიონალთა გუნდი უძღვება.
აღსანიშნავია, რომ წელს STEM ოლიმპიადის ონლაინ შესარჩევ ტურში მონაწილეობა 160 სკოლის 800-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 63 გუნდი პირველ ტურში გადავიდა. STEM ოლიმპიადის ნახევარფინალის ფარგლებში კი 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა.
ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.