საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ Partnership 4SDGs ფორუმზე მდგრადი დაფინანსების განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა
საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის ხელმძღვანელმა, ანა ოსაძემ, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიურ ფორუმში - „პარტნიორობა მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ (Partnership 4SDGs) მიიღო მონაწილეობა.
ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ეთმობოდა ფინანსური სექტორის როლის განხილვას საქართველოს მწვანე ტრანსფორმაციაში, ანა ოსაძემ ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ აფართოებენ ქართული ფინანსური ინსტიტუტები მდგრადი და მწვანე დაფინანსების შესაძლებლობებს, რომელ ფინანსურ პროდუქტებზე იზრდება მოთხოვნა და როგორ შეიძლება ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებამ კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის, მწვანე ტრანსფორმაციას შეუწყოს ხელი.
დისკუსიის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ფინანსური ინსტიტუტების როლზე კლიმატთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში, პასუხისმგებლიანი ფინანსური პრაქტიკის დანერგვის, მისი შედეგების და ბიზნესებისთვის მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდის შესაძლებლობებზე.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ბანკი კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაშიც იყო წარმოდგენილი. სტუმარმასპინძლობის სექტორში მწვანე ტრანსფორმაციის საკითხებზე გამართულ სესიას საქართველოს ბანკის კორპორაციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი გალოგრე, უძღვებოდა. დისკუსიის მონაწილეებმა მდგრადი ბიზნესპრაქტიკის დანერგვის, სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდისა და მწვანე ინვესტიციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ Partnership 4SDGs გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველწლიური ფორუმია, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ფინანსური სექტორის, კერძო კომპანიების, ბიზნესასოციაციებისა და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს აერთიანებს. ფორუმის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, გამოცდილების გაზიარება და საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება.
საქართველოს ბანკისთვის მდგრადი განვითარება ბიზნესსტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბანკი განაგრძობს ESG პრინციპების ინტეგრირებას საკუთარ საქმიანობაში და ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებასა და მწვანე ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.
სხვა სიახლეები
როგორ აფასებს ირაკლი გილაური Georgia Capital-ის 2026 წლის პირველი ნახევრის შედეგებს
04.08.2026.19:09
Georgia Capital-მა 2026 წლის მეორე კვარტლისა და პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა.
,,მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი კვარტლის ძლიერი ფინანსური შედეგები, რაც ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტების თანმიმდევრული და დისციპლინირებული შესრულების შედეგია. ეს კვლავაც უზრუნველყოფს ოპერაციულ ეფექტიანობასა და ჩვენი აქციონერებისთვის ღირებულების მდგრად შექმნას. 2026 წლის მეორე კვარტალში ერთ აქციაზე წმინდა აქტივების ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს - 175.12 ლარს (50.10 ფუნტ სტერლინგს) მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით 13.1%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ასახავს ჯგუფის ყველა ძირითად ბიზნესში დაფიქსირებულ ძლიერ ოპერაციულ შედეგებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს Georgia Capital-ის გრძელვადიან ღირებულებისა და ზრდის პოტენციალს აქციონერებისთვის. კომპანიის საჯაროდ სავაჭრო პორტფელმა კვარტლის განმავლობაში 484.1 მილიონი ლარის ღირებულება შექმნა, რამაც ერთ აქციაზე NAV-ის ზრდას 9.4 პროცენტული პუნქტით შეუწყო ხელი. აღნიშნული ზრდა ძირითადად Lion Finance Group PLC-ის აქციის ფასის 22.1%-იანი მატებით იყო განპირობებული. ჯამში, პორტფელმა კვარტლის განმავლობაში 720 მილიონ ლარზე მეტი ღირებულება შექმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მისი მაღალი ხარისხისა და მდგრადი ზრდის შესაძლებლობას.
2026 წლის ივნისში Georgia Capital-მა წარმატებით დაასრულა თავისი საცხოვრებელი უძრავი ქონების განვითარების ბიზნესის m²-ის, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერია, ადგილობრივ ინვესტორებზე გაყიდვა. აღნიშნული გარიგება მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Georgia Capital-ის კაპიტალზე ნაკლებად დამოკიდებული საინვესტიციო სტრატეგიის განხორციელების პროცესში გარიგებამ კიდევ უფრო გააძლიერა ჯგუფის ბალანსი, რადგან შეამცირა მისი საერთო რისკის პროფილი.
ჯგუფის ძლიერი ფინანსური მდგომარეობა, ჰოლდინგური კომპანიის დონეზე ვალის არარსებობა და კონსერვატიული ფინანსური პოლიტიკა ასევე აღიარა S&P Global Ratings-მა, რომელმაც Georgia Capital-ის საკრედიტო რეიტინგი BB-დან (Positive) BB-მდე (Stable) გააუმჯობესა.
შედეგად, Georgia Capital-ის საკრედიტო რეიტინგი სრულად გაუთანაბრდა საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფის ძლიერ ფინანსურ პროფილს. ამასთან, 2026 წლის 29 ივნისს, ჯგუფმა გამოაცხადა თავისი ქართული ჰოლდინგური კომპანიის Georgia Capital-ის 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ადგილობრივი ობლიგაციების ვადამდე სრულად გამოსყიდვის შესახებ. კომპანიამ უკვე გამოიყენა აღნიშნული ობლიგაციების ვადამდე გამოსყიდვის უფლება, ხოლო საბოლოო ანგარიშსწორება 2026 წლის 19 აგვისტოს არის დაგეგმილი. ამავდროულად, კომპანიამ ასევე გამოაცხადა აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების მიმდინარე პროგრამის გახანგრძლივების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჯერ კიდევ დაახლოებით 11 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის გამოსყიდვაა დარჩენილი. მიმდინარე გამოსყიდვის პროგრამის დასრულების შემდეგ, ეს ტრანზაქციები სრულად დაასრულებს Georgia Capital-ის 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამას, თანაც საწყისად განსაზღვრულ 2027 წლის დეკემბრის ვადაზე ერთ წელზე მეტი ხნით ადრე. პროგრამის ვადაზე ადრე დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს ძლიერ ფულად ნაკადებს და კაპიტალის განაწილებისადმი დისციპლინირებულ მიდგომას", - აღნიშნავს ირაკლი გილაური, Georgia Capital-ის CEO.