მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

საქართველოს ბანკის იდეათეკა - მულტიფუნქციური სივრცე განათლებისთვის, აღმოჩენებისა და ახალი შესაძლებლობებისთვის | ინტერვიუ ანი ლომთაძესთან

news image
mbc image

საქართველოს ბანკის იდეათეკა უნიკალური საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობას ერთდროულად იძლევა. პროექტი, რომელიც საქართველოს ბანკმა 2019 წელს დაიწყო, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და მათი ინტელექტუალური განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

იდეათეკის კონცეფცია გულისხმობს ყველაფერს, რაც ახალგაზრდა ადამიანებს საკუთარი უნარ-ჩვევების აღმოჩენასა და გამოვლენაში დაეხმარება - თანამედროვე ტექნოლოგიებზე, საგანმანათლებლო რესურსებსა და მრავალფეროვან შესაძლებლობებზე წვდომიდან დაწყებული, ახალი იდეების განხორციელებისთვის საჭირო გარემოს შექმნით დასრულებული.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იდეათეკების გეოგრაფიასაც - საზღვრისპირა, მაღალმთიან რეგიონებს, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ქალაქებსა თუ სოფლებს. სწორედ ასეთ ადგილებში არსებულ საჯარო სკოლებში გაიხსნა და მომავალშიც გაიხსნება დამატებითი საგანმანათლებლო სივრცეები ღია და თავისუფალი იდეებისთვის.

დღეს საქართველოს ბანკის იდეათეკების პროექტის შესახებ ვესაუბრებით ანა ლომთაძეს, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელს.

რა იყო იდეათეკების კონცეფციის შექმნის მთავარი მოტივაცია და როგორ აფასებთ ამ პროექტის გავლენას ახალგაზრდებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო და განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით?

საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ, ხარისხიანი განათლება რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ ხედვის შედეგად კი გაჩნდა იდეათეკების შექმნის იდეა - გვინდოდა შეგვექმნა თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც მოსწავლეებს ექნებოდათ შესაძლებლობა, მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე წვდომასთან ერთად ჰქონოდათ სწავლის, კვლევის, ახალი აღმოჩენების შესაძლებლობა და ეს სივრცე გახდებოდა მათი თავშეყრის ადგილი.

თანამედროვე სამყაროში ცოდნის მიღების ფორმები მუდმივად იცვლება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ისეთი გარემო, რომელიც მათში ცნობისმოყვარეობის, შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი აზროვნების გამვითარებას შეუწყობს ხელს. სწორედ ასეთ სივრცედ ჩამოყალიბდა იდეათეკები, სადაც ბავშვები წიგნების, ტექნოლოგიების, STEM რესურსების და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობების გარშემო ერთიანდებიან.

გვჯერა, რომ მსგავსი სივრცეები განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან აძლევს მათ წვდომას ხარისხიან საგანმანათლებლო რესურსებზე, ქმნის მათთვის განვითარების, ახალი აღმოჩენების და საკუთარი პოტენიცლაის გამოვლენის შესაძლებლობას.

საქართველოს ბანკმა უკვე 29-ე იდეათეკა გახსნა. რა კრიტერიუმებით არჩევთ მუნიციპალიტეტებსა და სკოლებს, სადაც მსგავსი საგანმანათლებლო სივრცეები იქმნება?

იდეათეკების პროექტის შექმნის პირველივე დღიდან, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი თანამედროვე ბიბლიოთეკების საზღვრისპირა, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გახსნა იყო, და ამ პრინციპს დღემდე მივყვებით. თუმცა, პროექტის პოპულარობის და მისდამი ინტერესის ზრდასთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა, ჩვენი იდეათეკები სხვა ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებშიც შეგვექმნა.

სკოლების შერჩევისას ვიკვლევთ, თუ სად არის მსგავსი ინფრასტრუქტურის შექმნის ყველაზე დიდი საჭიროება. ამასთან, ვცდილობთ, თითოეული იდეათეკა მაქსიმალურად მოვარგოთ ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებებს, რათა ის წლების განმავლობაში იყოს აქტიური საგანმანათლებლო სივრცე, რომელსაც მოსწავლეები ყოველდღიურად გამოიყენებენ.

რა შედეგები აჩვენა იდეათეკების პროექტმა ამ წლების განმავლობაში? გაქვთ თუ არა მონაცემები, რამდენმა მოსწავლემ ან ახალგაზრდამ ისარგებლა ამ სივრცეებით?
საქართველოს ბანკმა იდეათეკების პროექტი 2019 წელს დაიწყო, დღეს კი მულტიფუნქციური ბიბლიოთეკები საქართველოს 11 რეგიონის 29 სკოლაში ფუნქციონირებს და 21 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას საგანმანათლებლო რესურსებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ წლების განმავლობაში იდეათეკები მხოლოდ ბიბლიოთეკებად არ ჩამოყალიბდა. ისინი იქცა სივრცეებად, სადაც მოსწავლეები და მასწავლებლები მართავენ საგანმანათლებლო, ტექნოლოგიურ, შემოქმედებით და კულტურულ აქტივობებს.

შედეგების გასაზომად კი რეგულარულად ვატარებთ კვლევებს. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად იზრდება როგორც სივრცეების მოხმარების მაჩვენებელი, ისე ახალგაზრდებში წიგნების კითხვისადმი ინტერესი. კვლევებმა კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია გვაჩვენა - არაერთ სკოლაში, სადაც იდეათეკა ფუნქციონირებს, სივრცე გარკვეულ დღეებში ახლომდებარე სკოლების მოსწავლეებისთვისაც არის ხელმისაწვდომი, რათა მათაც შეძლონ ამ რესურსებით სარგებლობა.

გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სკოლებმა იდეათეკის კარი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაუღეს. ასე იდეათეკა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ მთელი თემისთვის იქცა საგანმანათლებლო სივრცედ.

სწორედ ასეთი მაგალითები გვაჩვენებს, რომ იდეათეკები სკოლის ფარგლებს სცდება და დასახლებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ცენტრად ყალიბდება.

რა როლს ასრულებს იდეათეკა თანამედროვე განათლების პროცესში და როგორ უწყობს ხელს ახალგაზრდებში ციფრული, ტექნოლოგიური თუ შემოქმედებითი უნარების განვითარებას?

დღევანდელ რეალობაში ახალგაზრდებს აქვთ ისეთი სივრცეების არსებობის საჭიროება და მოთხოვნილება, სადაც შეძლებენ პრაქტიკაში გამოსცადონ მიღებული თეორიული ცოდნა, აღმოაჩინონ ახალი ინტერესები და განივითარონ სხვადასხვა უნარი, რომელიც მათ საკუთარი პოტენციალის გამოვლენასა და სრულად ათვისებაში დაეხმარებათ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი იდეათეკები აღჭურვილია ცოდნის მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებით, პროექტორებითა და STEM კუთხით, რაც მოსწავლეებს ექსპერიმენტების ჩატარების, ახალი აღმოჩენების და შემეცნების შესაძლებლობას აძლევს. რაც მათ კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში ეხმარება.

რა არის პროექტის განვითარების შემდეგი ეტაპი? გეგმავთ თუ არა ახალი იდეათეკების გახსნას, არსებული სივრცეების ფუნქციური შესაძლებლობების გაფართოებას ან ახალი საგანმანათლებლო პროგრამების დამატებას?

იდეათეკებს გამოარჩევს ის, რომ საქართველოს ბანკი სრულად არის ჩართული თითოეული სივრცის შექმნის პროცესში - რემონტიდან და დიზაინიდან დაწყებული, მის შინაარსობრივ განვითარებამდე.

განსაკუთრებით გვახარებს, რომ ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო მეტი ბიზნესი და პარტნიორი ორგანიზაცია ინტერესდება ამ ინიციატივით და ერთვება მისი განხორციელები პროცესში. სწორედ ასეთი პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, ყოველწლიურად კიდევ უფრო მეტი თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე შევქმნათ და პროექტის გავლენა კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდამდე მივიტანოთ.
რა თქმა უნდა, იდეათეკების ქსელის გაფართოებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ. წელს უკვე სამი ახალი იდეათეკა გავხსენით, ხოლო შემოდგომაზე კიდევ რამდენიმე სივრცის გახსნას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, ყოველწლიურად უფრო მეტ ახალგაზრდამდე მივიტანოთ თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეები და იდეათეკების ქსელი ეტაპობრივად კიდევ უფრო გავაფართოოთ.

შესაბამისად, ჩვენი მიზანი უცვლელია - რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდისთვის შექვმნათ გარემო, რომელიც მათ მუდმივი სწავლის, განვითარების, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის და განათლების გზაზე არ გაჩერების მოტივაციას მისცემს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ნუში“ წარმოების ზრდასა და ასორტიმენტის გაფართოებას გეგმავს

13.10.2026.18:00

Nushi • ნუში საქართველოში წარმოებული პირველი ბიო ნუშის კომპანიაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. კომპანიის მიმდინარე სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, თორნიკე მჭედლიშვილი, ესაუბრა.

როგორ აფასებთ „ნუშის“ მიმდინარე შედეგებს და როგორია წარმოების დინამიკა ბოლო პერიოდში?

წლევანდელი მოსავლის აღება უკვე დავასრულეთ. წელს შედეგი კარგი იყო, რადგან ზაფხული კლიმატური თვალსაზრისით ხელსაყრელი აღმოჩნდა. საქართველოში ნუშის ბაღებში მოსავლიანობა დაახლოებით 40-50%-ით გაიზარდა.

მომართვიანობა, შარშანდელი წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის ორჯერ გაიზარდა. ასევე მოიმატა ნუშის გადამუშავებისა და გატეხვის მიმართულებით დაინტერესებამ, რაც მწარმოებლებს მომხმარებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების შესაძლებლობას გვაძლევს.

როგორ შეიცვალა მოთხოვნა თქვენს პროდუქტზე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე და რომელ ბაზრებზეა ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი?

საექსპორტო ბაზრებიდან წელს დაინტერესება იყო თურქეთისა და არაბეთის ქვეყნების მხრიდან. ყურადღება მიიქცია როგორც გადარჩეულმა ნუშის გულმა, ისე ნატეხმა ნუშმა, რომელიც საკონდიტრო პროდუქტებში გამოიყენება.

გერმანიისა და ჰოლანდიის ბაზრებიდან დაინტერესებული კომპანიებიც გამოჩნდნენ - ეს ის კლიენტები არიან, რომლებიც გამოფენაზე გავიცანი. მათ როგორც ბიო, ისე არაბიო ნუში აინტერესებდათ. მსგავსი აქტივობა შარშან და შარშანწინ არ ყოფილა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, წინა წლებში უფრო რთული ვითარება იყო. წელს მდგომარეობა გაუმჯობესდა - დეზერტირების ბაზარი ძირითადი ამღები ბაზარია, ასევე გვყავს მცირე გადამყიდველები და პატარა მაღაზიები.

ამ ეტაპზე მოთხოვნაა როგორც ნუშზე, ისე ნუშის ფქვილსა და ნატეხ ნუშზე. ნუშის ფქვილი წელს დავამატეთ, ხოლო ნატეხი ნუშის გაყიდვა ადრე გვიჭირდა, რადგან მის მიმართ მომხმარებლის ინტერესი ნაკლები იყო. ახლა ნუშისგან დამზადებული სხვადასხვა პროდუქტი გაჩნდა, რამაც ნატეხი ნუშის მიმართაც მეტი ინტერესი გამოიწვია.

რა ეტაპზეა ასორტიმენტის გაფართოების გეგმები და უკვე დამატებული გაქვთ თუ არა ნუშის ფქვილი ან სხვა ახალი პროდუქტი?

ნუშის ფქვილი უკვე დავამატეთ ასორტიმენტს. ასევე გვსურს ცივად დაწურული ზეთის დამატება, რომელსაც საცდელად ვაწარმოებთ. ამ პროდუქტს თავისი პროცედურები აქვს და შემდეგ სერტიფიკატის აღებაც დაგვჭირდება.

მომავალი წლიდან ზეთის დამატებასაც ვგეგმავთ. შესაბამისად, ასორტიმენტში იქნება ნუში, ნუშის ფქვილი და ზეთი. ასევე ვგეგმავთ მოხალული ნუშის დამატებას.

როგორია კომპანიის გეგმები წლის დარჩენილი პერიოდისთვის?

წელს სხვადასხვა შეკვეთა გვაქვს აღებული და საწარმოში 100 ტონამდე ნუშის გადამუშავება უნდა მოვახდინოთ. ამისთვის დარჩენილი სეზონი, დაახლოებით დეკემბრამდე, დაგვჭირდება.

ზოგადად, საწარმოები ახალი წლის შემდეგ ჩერდებიან, რადგან ამ პერიოდში ნუშის გატეხვა აღარ ხდება და დაახლოებით თებერვლიდან იწყება ბაღების მოვლის სამუშაოები და ახალი სეზონისთვის მზადება.

იანვარში მცირე შუალედი გვაქვს დასვენებისთვის. ამ პერიოდში, თუ რაიმე ტექნიკური საკითხია გამოსასწორებელი, მასზე ვმუშაობთ, ხოლო თებერვლიდან ახალ სეზონს ვიწყებთ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა