საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალ - Baku Flames 2026-ზე ორი ჯილდო მოიპოვა
საქართველოს ბანკის კამპანიებმა საერთაშორისო კრეატიულ ფესტივალზე - Baku Flames 2026 International Festival of Creativity and Effectiveness -ზე ორ კატეგორიაში მოიპოვა ჯილდო.
კერძოდ, კრეატიულ სააგენტო SUPERMARKET-თან თანამშრომლობით შექმნილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილმა კამპანიებმა - Independence: First Person Experience კატეგორიაში - სარეკლამო კამპანიები / ინტეგრირებული კამპანიები, ხოლო, Iveria -The Independence Issue - მა ბეჭდური და საგამომცემლო მედია / ჟურნალები და გაზეთების კატეგორიაში გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ Baku Flames International Festival of Creativity and Effectiveness რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრეატიული ფესტივალია, რომელიც წელს უკვე მეორედ გაიმართა. ფესტივალი აერთიანებს სააგენტოებს, ბრენდებსა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და მიზნად ისახავს რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის განვითარებისა და საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენას. ფესტივალმა 11 ქვეყნიდან 328 ნამუშევარი გააერთიანა. გამარჯვებულები კი საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელმაც ნამუშევრები კრეატიულობისა და ეფექტიანობის მიხედვით შეაფასა.
სხვა სიახლეები
წლების მატებასთან ერთად, ადგილობრივი ტალანტების კვალიფიკაციაც იზრდება, რადგან ისინი უკვე გამოცდილ კადრებთან ერთად მუშაობენ - თორნიკე სულაბერიძე
20.05.2026.16:30
ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარის, თორნიკე სულაბერიძის განმარტებით, საქართველოში ტექნოლოგიური სექტორის ზრდა საერთაშორისო კომპანიების შემოსვლამ და უცხოელი სპეციალისტების მონაწილეობამ მნიშვნელოვნად დააჩქარა. მისი თქმით, ეს პროცესი გრძელვადიანია და ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ ქართველ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, უცხოელი პროფესიონალები ეტაპობრივად ჩაანაცვლონ.
„ის, რომ სექტორი ასეთი მასშტაბური გახდა, ასე გაიზარდა და ამხელა ძალასა თუ ინტერესს წარმოადგენს, 5-7 წლის წინ ასე არ იყო. როდესაც ჩვენ ამ სფეროს განვითარება დავიწყეთ, ძალიან დიდი ეფექტი იქონია საქართველოში საერთაშორისო კომპანიებისა და მათთან ერთად მიგრანტების შემოსვლამ.
გამომდინარე იქიდან, რომ ეს კომპანიები რომ შემოსულიყვნენ საქართველოში და მათთან ერთად უცხოური ძალა არ გადმოსულიყო, ისინი უბრალოდ ვერ იპოვიდნენ აქ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრებს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ის უცხოელები, რომლებიც დღეს საქართველოში ამ სექტორში არიან დასაქმებულები (ბევრი მათგანი უკვე წავიდა, თუმცა ვინც დარჩა), ისინი სამუდამოდ არ აპირებენ აქ დარჩენას და საბოლოო ჯამში ისინიც საქართველოდან წავლენ. თუმცა ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის პერიოდი, სანამ ისინი აქ არიან, ის კომპანიები უკვე გადმოვიდნენ და მათ ისინი ახორციელებენ ნელ-ნელა ჩანაცვლებას. ეს არის გრძელვადიანი პროცესი, იმიტომ რომ გამომდინარე ჩვენი მუშა რესურსისა, შეუძლებელი იყო ვთქვათ იგივე 52 000-ვე ადამიანი ყოფილიყო ქართველი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ არსებობდა შესაბამისი კვალიფიკაციის ტალანტი.
სწორედ ამიტომ, წლების მატებასთან ერთად, ჩვენი ადგილობრივი ტალანტების კვალიფიკაციაც იზრდება, რადგან ისინი უკვე გამოცდილ კადრებთან ერთად მუშაობენ და გარკვეულ ეტაპზე ამ ადამიანების სრული ჩანაცვლება მოხდება.
კონკურენცია საერთოდ არ არსებობს. მეტსაც გეტყვით, თუ შრომით ბაზარზე ტექნოლოგიების კუთხით უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, ნებისმიერი მატება, პირიქით, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს. ის, რომ ადგილობრივები განათლებას მიიღებენ და უმუშევრები დარჩებიან, სრულიად გამორიცხულია.
ამ სფეროზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კომპანიებისგან ყოველთვის მესმის, რომ უფრო მეტი ადამიანის დასაქმება სურთ, თუმცა, ფიზიკურად, შესაბამისი რაოდენობა არ გვყავს. მიუხედავად ამისა, რადგან ამ მიმართულებით პროგრესი არსებობს და პროცესში სულ უფრო მეტი ადამიანი ერთვება, კომპანიებს სამომავლო პროგნოზირება უადვილდებათ. მათ უკვე ჰყავთ დასაქმებული ქართველები და იციან, რამდენად ნიჭიერები არიან ისინი ამ სფეროში.
მე ყოველთვის ამ მაგალითს მოვუხმობ ხოლმე, ჩვენ ვერ გავხდებით მსოფლიოში ტალანტების მასიური მიმწოდებელი, რადგან არ გვაქვს შესაბამისი დემოგრაფიული რესურსი, თუმცა ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ მაღალი ხარისხის ტალანტების ნიშური მიმწოდებელი ტექნოლოგიურ სფეროში“, - აცხადებს სულაბერიძე.