საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადი გაიმართა. პროგრამა ქალ ლიდერებსა და მეწარმეებს საკუთარი ბიზნესიდეების განვითარებასა და რეალიზებაში 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს - იდეიდან ბიზნესის განვითარებამდე.
ინიციატივა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.
სექტემბერში გამართული ინტენსიური ვორკშოპების ფარგლებში, 18-მა მეწარმე ქალმა ბიზნესის მართვისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ექსპერტების დახმარებით ემუშავათ საკუთარ ბიზნესიდეებზე და განევითარებინათ სამეწარმეო საქმიანობისთვის საჭირო უნარები.
საქართველოს ბანკისთვის მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მხარდაჭერა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული ინიციატივების ნაწილია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.
სხვა სიახლეები
ქართული AI პლატფორმა Tail ჩეხეთის ბაზარზე შევიდა
23.11.2026.12:00
„თათის“ აპლიკაციის შემქმნელი გუნდის ქართული AI პლატფორმა Tail, რომელიც ვეტერინარული კლინიკების სამუშაო პროცესების გამარტივებას ემსახურება, ჩეხეთის ბაზარზე შევიდა და ამჟამად სამ კლინიკაში საპილოტე რეჟიმში ინერგება. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში კომპანიის თანადამფუძნებლებმა, სერგი აბაშიძემ და ბესიკ ექსეულიძემ განაცხადეს, გუნდი პროდუქტის განვითარებასა და საერთაშორისო გაფართოებაზე მუშაობს.
ვეტერინარი აღწერს, რა უთხრა ცხოველის პატრონმა, რა გამოავლინა გასინჯვამ და რას გეგმავს შემდეგ. ამ ინფორმაციის საფუძველზე AI ვიზიტის ჩანაწერის პროექტს ამზადებს, რომელსაც ექიმი ამოწმებს, საჭიროების შემთხვევაში ასწორებს და ინახავს. სწორედ ასეთი სამუშაო პროცესის გამარტივებაზე მუშაობს ქართული პლატფორმა Tail.

Tail ვეტერინარული კლინიკებისთვის განკუთვნილი AI პლატფორმაა, რომელიც „თათის“ აპლიკაციის შემქმნელმა გუნდმა შექმნა. მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ხმოვანი ინფორმაციისგან სამედიცინო ჩანაწერის მომზადება, რათა ვეტერინარს ვიზიტის დეტალების დალაგებაში ტექნოლოგია დაეხმაროს.
ამ პროცესში გამოიყენება SOAP ფორმატი. მარტივად, ეს ინფორმაციის ოთხ ნაწილად დალაგებას ნიშნავს: რას ჰყვება პატრონი, რა დააფიქსირა ექიმმა, როგორ აფასებს ის პაციენტის მდგომარეობას და რას მოიცავს შემდგომი გეგმა. AI-ის ამოცანაა, ვეტერინარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ამ სტრუქტურაში მოაქციოს.

„ჩვენთვის საწყისი ინფორმაცია ვეტერინარის მონათხრობია. გვინდა, ექიმმა ხმით აღწეროს ვიზიტი და მიიღოს დალაგებული ტექსტის პროექტი. შემდეგ თავად შეამოწმოს, შეასწოროს და შეინახოს. ეს არის პროცესი, რომლის გამარტივებაზეც ვმუშაობთ“, - ამბობს ბესიკი ექსეულიძე, Tail-ის თანადამფუძნებელი და CTO.
პროდუქტის ხედვა ჩანაწერის მომზადებასთან ერთად კლინიკის სხვა საქმეების დაკავშირებასაც მოიცავს. AI ჩატით ინფორმაციის მოძიება, კალენდარი და ჯავშნები, პაციენტის ისტორია, ლაბორატორიული ინფორმაცია და გადახდები იმ მიმართულებებს შორისაა, რომლებსაც გუნდი ერთ პლატფორმაში აერთიანებს. ინსტრუმენტები ეტაპობრივად ვითარდება და მოწმდება.

Tail უკვე შევიდა ჩეხეთის ბაზარზე. კომპანიის ინფორმაციით, ამჟამად სამ ვეტერინარულ კლინიკაში საპილოტე დანერგვა მიმდინარეობს, სხვა კლინიკებთან კი პლატფორმაზე ჩართვისა და მონაცემების მიგრაციის საკითხები განიხილება.
„საპილოტე ეტაპზე გვინდა გავიგოთ, სად ეხმარება Tail კლინიკის გუნდს ყველაზე მეტად და რას სჭირდება გაუმჯობესება. ჩეხეთში შემდგომ განვითარებას ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით ვგეგმავთ. ახალი კლინიკების ჩართვისას მიღებული უკუკავშირის გათვალისწინება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნავს სერგი აბაშიძე, Tail-ის თანადამფუძნებელი და CEO.
