საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
საქართველოს ბანკმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისგან (IFC) 118 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა. მოზიდული სახსრები საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების (MSME) დაფინანსებას, განვითარებასა და მათ მიერ სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, მათ შორის - რეგიონებსა და სოფლებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას მოხმარდება.
შეთანხმების ფარგლებში, ორი სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. პირველი 58 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის მულტისავალუტო საკრედიტო ხაზის ათვისებას ითვალისწინებს (ხელმისაწვდომია როგორც აშშ დოლარში, ისე ქართულ ლარში), ხოლო მეორე - 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზს თითოეული სესხის ვადა ათვისების წერტილიდან არაუგვიანეს ხუთი წელია.
აღსანიშნავია, რომ მოზიდული დაფინანსების არანაკლებ 30% დედაქალაქისა და მსხვილი რეგიონული ცენტრების მიღმა მოქმედი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერებას მოხმარდება; ეს ნაბიჯი ასახავს ბანკის მუდმივ სწრაფვას, ხელი შეუწყოს ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებას. ასევე, საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაზარდოს ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა.
„ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ IFC-ის მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს ბანკისა და ქართული ბიზნესების მიმართ. ეს ინვესტიცია შესაძლებლობას მოგვცემს, კიდევ უფრო გავაფართოოთ ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეგიონებში მოქმედი ბიზნესებისთვის განკუთვნილი დაფინანსება ხაზს უსვამს ჩვენს პასუხისმგებლობას, შევქმნათ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკა. ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო პროცესში ჩართულ გუნდებს თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსურმა დირექტორმა გიორგი შაგიძემ.
„საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და დასაქმებაში. ამასთან, მათ აქვთ პოტენციალი, რეგიონებსა და სოფლებში პოზიტიური სოციალური გავლენა გაზარდონ. IFC ელის, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობა დაეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს ზრდაში, ათასობით სამუშაო ადგილის შექმნასა და შენარჩუნებაში ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ინვესტიცია საქართველოში კერძო სექტორის ზრდის ხელშეწყობისადმი ჩვენი ფართო ვალდებულების ნაწილია და ველით, რომ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით მდგრად ეკონომიკურ ზრდაში აისახება“, - განაცხადა შაბანა ხავარმა, IFC-ის მენეჯერმა საქართველოში.
აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკისა და IFC-ს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობის ნაწილია.
სხვა სიახლეები
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები - კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
08.10.2026.14:29
მუდმივად განახლებადი თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს სექტემბერშიც არაერთ სიახლეს სთავაზობს. ახალი და გაუმჯობესებული ფუნქციონალები ფინანსური საქმეების კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და მოქნილად მართვას ემსახურება - იქნება ეს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნა, ინვესტირება თუ ყოველდღიური ხარჯების განაწილება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე საბავშვო ანაბრის მობაილბანკიდან გახსნის შესაძლებლობაა. ახლა მშობლებს ანაბრის გასახსნელად ფილიალში მისვლა აღარ სჭირდებათ და ამის გაკეთება პირდაპირ საბავშვო სივრციდან, რამდენიმე წამში შეუძლიათ. საბავშვო ანაბრის გახსნა შესაძლებელია 0 ლარით, მინიმალური შენატანისა და ყოველთვიური საკომისიოს გარეშე - ლარში, დოლარში, ევროში ან ფუნტში. თანხის შეტანის ოდენობასა და პერიოდულობას კი, თავად მომხმარებელი განსაზღვრავს. ეს სიახლე განსაკუთრებით ამარტივებს ბავშვისთვის დანაზოგის შექმნას და მშობლებს საშუალებას აძლევს, პროცესი მათთვის სასურველი პირობებით მართონ.
განახლდა მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმაც - აშშ-ის აქციებით ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი გახდა Extended Trading Hours - გაზრდილი სავაჭრო საათები. მომხმარებლებს ახლა ინვესტირება არა მხოლოდ ბაზრის ძირითად სავაჭრო საათებში, არამედ მის გახსნამდე და დახურვის შემდეგაც შეუძლიათ. შედეგად, ვაჭრობისთვის ხელმისაწვდომი დრო 16 საათამდე გაიზარდა. ეს მომხმარებლებს მეტ მოქნილობასა და შესაძლებლობას აძლევს, ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებების, კომპანიის ფინანსური შედეგების ან სხვა მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნებისას ინვესტიციები უფრო სწრაფად მართონ, პირდაპირ მობაილბანკიდან.
კიდევ ერთი განახლება ტრანზაქციების განაწილების ფუნქციონალს უკავშირდება. ახლა, მომხმარებლებს, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ განაწილების ლიმიტი, ბლოკირებული და უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციების განაწილებაც შეუძლიათ. ფუნქციონალი ხელმისაწვდომია ლარში, დოლარში, ევროსა და ფუნტში შესრულებულ შესაბამის ტრანზაქციებზე; ხოლო უცხოურ ვალუტაში შესრულებული ტრანზაქციები განაწილებისას ეროვნული ბანკის იმ დღის კურსით კონვერტირდება ეროვნულ ვალუტაში.
მობაილბანკის განვითარება მომხმარებლების ყოველდღიური საჭიროებების გაანალიზებასა და იმ ფუნქციონალების შექმნას ეფუძნება, რომლებიც ფინანსური საქმეების მართვას კიდევ უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის. სწორედ ამიტომ, მობაილბანკი მუდმივად ახლდება - ემატება ახალი შესაძლებლობები და იხვეწება არსებული ფუნქციონალები, რათა საბანკო გამოცდილება კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენს ყოველდღიურობაზე მორგებული გახდეს.