საქართველოს ბანკმა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგისგან წარმოშობის სერტიფიკატები შეიძინა
საქართველოს ბანკი მწვანე და მდგრადი განვითარების მიმართულებით ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა თანამშრომლობა გააფორმა კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგთან (CCEH). ხელშეკრულების საფუძველზე, 2025 წელს ბანკმა განახლებადი ენერგიის მწარმოებლისგან იმ ოდენობის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძინა, რა რაოდენობის ელ. ენერგიაც წლის განმავლობაში მოიხმარა.
კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგი (CCEH) არის საერთაშორისო საინვესტიციო ჰოლდინგური კომპანია, რომელიც დაარსდა 2015 წელს და ამ დროიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ინვესტორებს წარმოადგენენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტები. CCEH-ის საქმიანობის მთავარი მიმართულება სუფთა და განახლებადი ენერგიის განვითარებაა საქართველოში.
„გვწამს, რომ ყოველი ასეთი ინიციატივა წვლილს შეიტანს სუფთა ენერგიის განვითარებაში, მხარს უჭერს მწარმოებლებს და შედეგად ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და მდგრად მომავალთან მიახლოებას. ჩვენი მიზანია თანამშრომლობა გავაძლიეროთ ქვეყნის მწვანე გარდაქმნისთვის, რადგან განახლებადი ენერგია დღეს აუცილებელი და პასუხისმგებლიანი არჩევანია. გვახარებს საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - აღნიშნავს ნინო მაღრაძე, CCEH კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი.
„წარმოშობის სერტიფიკატების შეძენა საქართველოს ბანკისთვის განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის მნიშვნელოვან და პრაქტიკულ მექანიზმს წარმოადგენს. ამ ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოში განახლებადი ენერგიის წარმოებისა და განვითარების წახალისებას, რაც სრულად შეესაბამება ბანკის მდგრადი განვითარების სტრატეგიას. გარემოზე ზემოქმედების შემცირება ჩვენი ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
ინფორმაციისთვის, წარმოშობის სერტიფიკატი ელექტრონული დოკუმენტია, რომელიც ადასტურებს, რომ მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის კონკრეტული მოცულობა განახლებადი წყაროებიდან არის მიღებული.
სერტიფიკატები გამოიყენება განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების მხარდასაჭერად, რათა ხელი შეუწყოს მიმწოდებლებისა და მომხმარებლების მიერ განახლებული ენერგიის მოხმარებას.
აღნიშნული ინიციატივა ორგანიზაციის მიერ გარემოსთვის მიყენებული ნეგატიური ზეგავლენის შემცირებას ისახავს მიზნად.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
25.07.2026.14:29
კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის დაფასებას არ ნიშნავს, ეს არის მისი გაცოცხლება, ხელახალი გააზრება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პროექტი „გაზაფხული კვლავ მოვა“, რომელმაც ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის ხმა, ისტორია და შემოქმედება თანამედროვე აუდიტორიას ახალი ფორმით გააცნო.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ანიმაცია გახდა, რომელიც ინოლას ავტობიოგრაფიულ ტექსტებსა და მუსიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ანიმაციის მთავარი იდეა არა მხოლოდ ინოლას ისტორიის მოყოლა, არამედ მისი ხმისა და სათქმელის გაცოცხლებაა - იმ სურვილის შესრულება, რომელიც თავად დატოვა: „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო.“
Windfor’s-ის კონცეფციითა და Pocket Studio-ს, ანა ჩუბინიძისა და მისი გუნდის ხელით შექმნილი ანიმაციით, გაცოცხლდა ინოლას მოგონებები: მისი სოფელი, ოდა, ოთახი, საყვარელი ნივთები და ის სამყარო, რომელმაც მისი შემოქმედება შთააგონა. თითოეული დეტალი საარქივო ფოტოებისა და ოჯახური ისტორიების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს ინოლას შინაგან სამყაროში ამოგზაურებს.
ინოლა გურგულიას მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი უნიკალური საარქივო ჩანაწერების გამოცემა გახდა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოიცა შვიდი ვინილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ფირებიდან აღდგენილი მასალა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ინოლას ხმა და შემოქმედება განსაკუთრებული სიახლოვით მოისმინოს.
ინოლას მუსიკა კვლავ გაცოცხლდა, 27 მაისს, მისადმი მიძღვნილ კონცერტზეც, სადაც სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა და ოჯახის წევრებმა მისი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციებით შეასრულეს. ეს იყო მუსიკალური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსმენელი, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს იძენს.
პროექტის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა ასევე ახალი სიცოცხლე შესძინა ინოლა გურგულიას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერას „საქანელა“. ასევე, შეიქმნა არაერთი ვიდეორგოლი, რომლებშიც ინოლას შემოქმედებას იხსენებენ მისი ოჯახის წევრები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები. ეს ვიდეოეპიზოდები ინოლას პიროვნებასა და შემოქმედებას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაცნობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურაში დატოვა.
თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა - მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.