საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) შორის ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში, ბანკი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მეწარმე ქალებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნას.
ინიციატივა ხორციელდება UN Women-ის პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მას UN Women-ის ოფისები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან ერთად ახორციელებენ.
პარტნიორობის მიზანია მეწარმე ქალებისთვის ბაზარზე წვდომის, გაყიდვების შესაძლებლობების, ბიზნეს-კავშირებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამ მიზნით, 2025 წელს UN Women-სა და „ბაზარი ორბელიანის“ შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ყოველთვიურად იმართებოდა მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვები. ინიციატივამ წლის განმავლობაში დაახლოებით 300 მეწარმე ქალს უმასპინძლა.
პროექტის წარმატების საფუძველზე, თანამშრომლობა 2026 წელსაც გაგრძელდა, ხოლო მიმდინარე წელს ინიციატივას საქართველოს ბანკიც შეუერთდა.
თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი UN Women-ს არამატერიალურ, პრო ბონო და სხვადასხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებს შესთავაზებს, რომლებიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და ქალთა მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
საქართველოს ბანკსა და UN Women-ს შორის თანამშრომლობა საერთო ღირებულებებსა და მიზნებს ეფუძნება და ქალებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და მდგრად განვითარებას ისახავს მიზნად.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა: „მეწარმე ქალებისთვის ბაზრებსა და ფინანსურ რესურსებზე წვდომის მძლავრი შესაძლებლობების შექმნა ერთობლივ, ინკლუზიურ და ქმედებაზე ორიენტირებულ ძალისხმევას მოითხოვს. გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე (WEPs) ხელმომწერი კომპანიებისა და მეწარმეების გაერთიანებით, შეგვიძლია შევქმნათ შესაძლებლობები, რომლებიც ქალების მიერ მართულ ბიზნესებს ზრდის, ინოვაციისა და საკუთარი პოტენციალის მდგრად ეკონომიკურ განვითარებად გარდაქმნის საშუალებას მისცემს“.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე, ანა კოსტავა: „საქართველოს ბანკისთვის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს - ვატარებთ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, ვქმნით კურსებს - რაც დაეხმარება მათ ცოდნის მიღებასა და საკუთარი იდეების განხორციელებაში. შესაბამისად, სხვადასხვა პროგრამებით მიზნად ვისახავთ, მივცეთ ადამიანებს განვითარების და საკუთარი პოტენციალის გამოვლენის შესაძლებლობა. გვჯერა, რომ ქალთა მეწარმეობის განვითარება ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, მოხარულები ვართ, რომ UN Women-თან ერთად ვიმუშავებთ საზოგადოებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაზე“.
სხვა სიახლეები
კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
02.06.2026.10:34
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი (2025) შექმნილმა კამპანიამ „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სარეკლამო ფესტივალზე - KIAF, გრან-პრი, 3 Best of Contest, 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.
Kyiv International Advertising Festival, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ მთავარ პლატფორმა, წელს 27-ედ ჩატარდა. ფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სააგენტოების ასობით ნამუშევარი იყო წარდგენილი.
PSP-ს საკომუნიკაციო კამპანიაზე "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. ეს წარმატებული თანამშრომლობა 2025-2026 წწ. მსოფლიოს თითქმის ყველა კრეატიულ ფესტივალზე უამრავი ჯილდოთი, მათ შორის არაერთი გრან პრით შეფასდა. კამპანია ერთნაირად ღირებული აღმოჩნდა ყველა კრეატიული ფესტივალის ჟიურის ასობით წევრისთვის, რის დასტურიცაა არაერთი გრან-პრი, სპეციალური და უმაღლესი ჯილდო რეგიონულ თუ საერთაშორისო ფესტივალებზე: Ad Black Sea, Baku Flames, KIAF, ADCE, Clio Awards, EPICA, The One Show და სხვა.
ამაღელვებელია KIAF-ის ჯილდოები: გრანპრის გარდა, „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კონკურსის საუკეთესო ნამუშევრად შეფასდა 3 კატეგორიაში - Creative Communications / Film - Brave Idea (მამაცი იდეა), Film Craft / Direction (რეჟისურა) და Social Goals Contests / Human Rights, Justice & Strong Institutions (ადამიანის უფლებები, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუტები), ასევე დაჯილდოვდა 3 ოქროს - Creative Communications / Culture Influence (კულტურული გავლენა), Film Craft / Script (სცენარი) და Film Craft / Best Overall Production (საუკეთესო წარმოება), 2 ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებით.
„განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ KIAF-ზე ჩვენი 2025 წლის ზაფხულის კამპანია „მეშეზლონგემ უკეთ იცის“ ფესტივალის ჟიურის ყურადღება და ბრინჯაოს პრიზი დაიმსახურა, ორმაგად სასიამოვნოა, რომ ეს პრიზი ჯანდაცვის კატეგორიას განეკუთვნება: Client's View / Healthcare.
KIAF-ს წინ უძღოდა Baku Flames - მნიშვნელოვანი რეგიონული კრეატიული ფესტივალი, რომელიც ბაქოში ყოველწლიურად ტარდება. 3 ოქრო, 2 ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა 2025 წლის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილმა კამპანიამ, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ თავისუფლება, როგორც უმთავრესი ფასეულობა, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებულია და რომ ჩიტებს ფრენა არასდროს ავიწყდებათ"- აცხადებენ PSP-ში.