საქართველოს ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკსა და „თეგეტა ჰოლდინგს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. პარტნიორობის ფარგლებში მხარეები RECSOL-ის საბურავების გადამმუშავებელი საწარმოს პროექტის განვითარებაზე ითანამშრომლებენ.
დოკუმენტს ხელი საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ და „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ მოაწერეს.
თანამშრომლობის მიზანი საქართველოში მდგრადი და ინოვაციური ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაა.
RECSOL-ის საბურავების გადამუშავების ქარხანა საქართველოს ბანკისა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით შენდება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავი ნარჩენის - გამოყენებული საბურავების ეფექტიან მართვასა და მათ გარდაქმნას ეკონომიკური ღირებულების მქონე რესურსად. გადამუშავების შედეგად მიღებული მასალები სხვადასხვა ინდუსტრიაში იქნება გამოყენებული.
საწარმოს ამოქმედება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი და ის ყოველწლიურად 25-30 ათასი ტონა საბურავის გადამუშავებას შეძლებს.
„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ეკონომიკურ ღირებულებასთან ერთად გარემოსდაცვით და სოციალურ სარგებელსაც ქმნის. მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვისა და გადამუშავების მიმართულებით თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებას უწყობს ხელს და ინდუსტრიის განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. გვჯერა, რომ აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიული მიმართულების განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და საქართველოს, როგორც ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონული ჰაბის, პოტენციალის გაძლიერებას. საქართველოს ბანკი კი აქტიურად აგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც მდგრად განვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან გაძლიერებას ემსახურება“, - საქართველოს ბანკის კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი კუკულაძემ
RECSOL „ეკო სერვის ჯორჯიასთან“ პარტნიორობით შენდება და საქართველოში ნარჩენების მართვის სრულიად ახალი მოდელის დანერგვას ისახავს მიზნად. საწარმო ევროპული სტანდარტებს სრულად შეესაბამება და CE და ISO მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
„RECSOL ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და სტრატეგიული პროექტია „თეგეტა ჰოლდინგისთვის“. გამოყენებული საბურავები ათწლეულების განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამართავ ნარჩენად მიიჩნევა და სერიოზული გარემოსდაცვითი საფრთხეა. ჩვენი მიზანია, ეს ნარჩენი ეკონომიკურ ღირებულებად გარდავქმნათ და ცირკულარული ეკონომიკის პრინციპები თეორიული კონცეფციიდან რეალურ, მოქმედ სისტემად ვაქციოთ.
ამ მასშტაბის ინიციატივის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერის გარეშე. ბანკი ჩვენთვის არა მხოლოდ ფინანსური პარტნიორია, არამედ იზიარებს ჩვენს ხედვას მდგრადი განვითარების, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი ეკონომიკური სარგებლის შესახებ. სწორედ ასეთი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ სრულიად ახალი ინდუსტრიული მიმართულება, რომელიც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, ტექნიკურ ექსპერტიზას გააძლიერებს და საქართველოს ნარჩენების მართვისა და გადამუშავების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა, ეკატერინე ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
04.06.2026.12:58
M25 თანამედროვე სტანდარტების პრემიუმ საოფისე კომპლექსია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, მთაწმინდაზე ამოქმედდა. პროექტი 4,500 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. ბიზნესცენტრში განხორციელებული ინვესტიცია 8.5 მილიონი ევროა, საიდანაც 1.3 მილიონი ევრო თიბისის დაფინანსებაა.
M25 ქართულ ბაზარზე სრულიად ახალ კონცეფციას ამკვიდრებს. ბიზნესცენტრის მიზანია, შექმნას სამუშაო გარემოს ახალი სტანდარტი, სადაც პროფესიონალებს შეეძლებათ, შენობიდან გასვლის გარეშე ისარგებლონ გამაჯანსაღებელი და გასართობი აქტივობებით. შედეგად, პროექტი აერთიანებს საოფისე და საერთო სამუშაო სივრცეებს, საკონფერენციო ინფრასტრუქტურას, ფიტნეს დარბაზს, საუნას, სპა-პროცედურების ოთახსა და იოგას სტუდიას.
სულ მალე კომპლექსის ბოლო სართულზე მაღალი კლასის რესტორანი განთავსდება ქალაქის პანორამული ხედებით, რომელიც მოემსახურება როგორც ბიზნესცენტრის მომხმარებლებს, ასევე სტუმრებს და შესაძლებელი იქნება საქმიანი შეხვედრებისა და ღონისძიებების გამართვა. პირველ სართულზე კი მომხმარებლებს “ანტრეს” კაფეტერიების ქსელი მოემსახურება.
ბიზნესცენტრში უკვე წარმოდგენილია არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის: “შატო მუხრანი”, Georgian Wines and Spirits, სასტუმრო ibis Tbilisi Airport-ის დეველოპერი და მმართველი კომპანია - Fujin Silk Properties, Ferring Pharmaceuticals-ის წარმომადგენლობა საქართველოში, მონაკოს საკონსულო და სხვა. ამ ეტაპზე სამსართულიან ბიზნესცენტრში მხოლოდ 1 500 კვ.მ ფართობია გასაქირავებელი.
თიბისისთან პარტნიორობით, M25 პრემიუმ საოფისე უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს ქმნის. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, თიბისი ხელს უწყობს ბაზარზე თანამედროვე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სტანდარტების დამკვიდრებას, სადაც ბიზნესის, სერვისისა და ცხოვრების სტილის კომპონენტები ერთ სივრცეში ერთიანდება.