საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ბრიტანელ იურისტებს უმასპინძლა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG) ინგლისში მოღვაწე წამყვან იურისტებსა და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ინიციატივით, რიგით მესამე ქართულ-ინგლისური სამართლის ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ღონისძიების მთავარ მიზანს ბიზნესის სექტორში დასაქმებულ ქართველ იურისტებსა და ინგლისელ კოლეგებს შორის პროფესიული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამართლებრივი სფეროს აქტუალური საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები დეტალურად განიხილეს. საუბარი შეეხო საარბიტრაჟო პროცედურების განზოგადებულ პრაქტიკას, კომერციულ გარიგებებში დავების პრევენციის მექანიზმებს, ხოლო დავათა არსებობის შემთხვევაში, სამართალწარმოების ვადებსა და აღსრულების პროცედურებს. შეხვედრის დროს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე, გამოცდილი, პრაქტიკოსი იურისტებისგან მიეღოთ, ფაქტებზე და რეალურ შემთხვევებზე დაფუძნებული, ამომწურავი პასუხები.
აღსანიშნავია, რომ ინგლისის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ წამყვანი იურიდიული ფირმებისა და პალატების (Chambers) წარმომადგენლები, მათ შორის: Lawlex Solicitors, Quadrant Chambers, Goldsmith Chambers, Thomas More Chambers და Outer Temple Chambers.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართულ და ინგლისურ იურიდიულ წრეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისა და ბიზნესსექტორის სამართლებრივი მხარდაჭერის გაძლიერებისთვის. ინგლისური სამართლებრივი პრაქტიკა და სტანდარტები გლობალური ბიზნესისთვის წამყვან ორიენტირს წარმოადგენს. დღევანდელი შეხვედრა შესანიშნავი შესაძლებლობაა ქართული ბიზნესსექტორის იურისტებისთვის, დაამყარონ პირდაპირი პროფესიული კონტაქტები ინგლისში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებთან, იმსჯელონ ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებზე," განაცხადასაქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.