საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კერძო საპენსიო სქემების პრაქტიკული მნიშვნელობის შესახებ თემატურ შეხვედრას უმასპინძლა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) თემატური შეხვედრა გაიმართა, რომელიც კერძო საპენსიო სქემების დანერგვასა და ბიზნესისთვის მის პრაქტიკულ მნიშვნელობას დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში, წამყვანმა ექსპერტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო საპენსიო მოდელების გავლენა როგორც ცალკეულ კომპანიებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი დაეთმო „საქაერონავიგაციის" გამოცდილების გაზიარებას. კომპანიამ, როგორც კერძო საპენსიო სქემის დანერგვის პიონერმა საქართველოში, დეტალურად ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც სქემის დაფუძნებიდან დღემდე გაიარა. ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ის გამოწვევები და შედეგები გააცნო, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სქემის არსებობა კომპანიის სტრატეგიული განვითარების სწორი ნაბიჯი იყო.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სქემის აქტივების მმართველი კომპანიები TBC Asset Management, BOG Asset Management და Foresight Investment Group. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ქმნის საპენსიო სქემაში მონაწილეობა კონკურენტულ უპირატესობას შრომით ბაზარზე, განსაკუთრებით კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და თანამშრომელთა ლოიალობის ამაღლების კუთხით.
ასევე, შეხვედრას ესწრებოდა „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის" დირექტორი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ტექნიკურ-ადმინისტრაციულ ასპექტებზე.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ასოციაციის წევრმა კომპანიებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები კერძო საპენსიო სქემების დანერგვის პროცედურებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ.
„დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო საპენსიო სქემები აღარ არის მხოლოდ შორეული პერსპექტივა, ეს არის თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი. ჩვენი მიზანია, წევრ კომპანიებს ვაჩვენოთ, რომ თანამშრომლების გრძელვადიან კეთილდღეობაზე ზრუნვა პირდაპირ აისახება ბიზნესის მდგრადობაზე. „საქაერონავიგაციის" მაგალითმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად საწყისი გამოწვევებისა, ეს მოდელი წარმატებით მუშაობს და ქმნის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ნიჭიერი კადრების შენარჩუნების პროცესში. ჩვენ, როგორც ასოციაცია, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით დიალოგის ხელშეწყობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო საპენსიო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
08.07.2026.18:33
გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, უზბეკეთში გამართულ Tashkent International Investment Forum 2026-ში მონაწილეობდა, რომელიც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პლატფორმაა და თავს უყრის ინვესტორებს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და გლობალური ბიზნესის ლიდერებს.
ფორუმის ფარგლებში ქეთევან თოიძე მონაწილეობდა Avesta Capital Markets Day 2026-ის პანელურ დისკუსიაში – „უზბეკეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები“, სადაც გალტ & თაგარტის გამოცდილება, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საქართველოს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკა გააზიარა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„რეგიონული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროფესიულ დისკუსიებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მოხარული ვართ, რომ Tashkent International Investment Forum-ის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეზიარებინა გალტ & თაგარტის გამოცდილება და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პრაქტიკა. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლას, რაც რეგიონის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
Tashkent International Investment Forum უკვე მეხუთედ გაიმართა. გასულ წელს ფორუმს 8 000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის თითქმის 3 000 საერთაშორისო სტუმარი 97 ქვეყნიდან დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა 30.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო და სავაჭრო შეთანხმებები, ხოლო ბიზნესპროგრამა 150-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერსა და ათეულობით თემატურ პანელურ დისკუსიას აერთიანებდა.