საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კომპანია „Skillwill"-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და „Skillwill"-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი „Skillwill"-ის ახალი კოლეჯისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლატფორმა MIT Open Learning-თან თანამშრომლობის ოფიციალური წარდგენის ფარგლებში მოეწერა.
მემორანდუმი მიზნად ისახავს პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლების ჩართულობის გაძლიერებას, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებასა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, MIT Open Learning-ის წარმომადგენელმა ქეთლინ დ. კენედიმ და „Skillwill"-ის დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებმა კოლეჯის ახალი ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და MIT Open Learning-ის Universal AI პროგრამას გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ პროფესიულ განათლებაზე სახელმწიფო დაფინანსებისა და მზარდი მოთხოვნის ფონზე (საქსტატის მონაცემებით, ბოლო ორ წელიწადში ICT მიმართულებაზე ჩარიცხვები 65%-ით გაიზარდა, სექტორში საშუალო ხელფასი კი 4 400 ლარს აღწევს), „Skillwill" სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიტიკის, ციფრული მარკეტინგისა და IT პროექტების მართვის მიმართულებით. კოლეჯი თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ოთხ კამპუსს აერთიანებს და 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს წევრი კომპანიების საგანმანათლებლო ინიციციატივების მხარდაჭერასა და კერძო სექტორის ჩართულობის გაღრმავებას.
„BAG ინდექსის შედეგები კვლავ ცხადყოფს, რომ კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი ბიზნესსექტორის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ, პროფესიული განათლების გაძლიერება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოება ჩვენი ასოციაციის სტრატეგიული პრიორიტეტია. მისასალმებელია, რომ ამ პროცესში ერთ-ერთ მოწინავე როლს ასოციაციის წევრი კომპანია „Skillwill" ასრულებს. ახალი კოლეჯის გახსნა და MIT Open Learning-თან პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტების დასანერგად, გაფორმებული მემორანდუმი კი კიდევ უფრო გააღრმავებს კერძო სექტორისა და საგანმანათლებლო სივრცის თანამშრომლობას," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.