საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შრომითი მიგრაციის ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა შრომითი მიგრაციის სფეროში დანერგილი ახალი რეგულაციები და მათი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში არსებული გამოწვევები იყო.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს „შრომითი მიგრაციის შესახებ" საქართველოს კანონში 2025 წელს შესული ცვლილებები და საქართველოს მთავრობის 2026 წლის N70 დადგენილება, რომელთა საფუძველზეც დაწესდა ახალი ვალდებულებები უცხოელი დასაქმებულებისა და მათი ადგილობრივი დამსაქმებლებისთვის, გაიწერა შესაბამისი პროცედურები იმ არარეზიდენტი თვითდასაქმებულებისათვის , რომლებიც მომსახურებას აწვდიან რეზიდენტ და არარეზიდენ იურიდიულ პირებს.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ის სამართლებრივი და პროცედურული სირთულეები, რაც ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის დღიდან წარმოიშვა უცხოელთა დასაქმების ან მათგან მომსახურების მიღების პროცესში; ხაზი გაესვა ამ სირთულეების შესაძლო გავლენას რიგი მნიშვნელოვანი, მაღალტექნოლოგიური და დიდი ინსფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ასოციაციის წევრებს შორის შესაბამისი გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას სამუშაო პროცესის შემდგომი დაგეგმვისა და კოორდინირებული წარმართვის მიზნებისათვის
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ შრომითი მიგრაციის მართვის პროცესი იყოს გამჭვირვალე და ეფექტური, თუმცა ამავდროულად, მან არ უნდა შეაფერხოს ბიზნეს საქმიანობა და ქვეყანაში კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობა. მსგავსი ფორმატის შეხვედრები გვეხმარება, ბიზნესისაგან მივიღოთ დეტალური, პრაქტიკული ინფორმაცია არსებულ პრობლემებზე და ერთობლივი ძალისხმევით ვიმუშაოთ მათ გადაჭრაზე," განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
„ამბასადორი აილენდზე“, BNI-სთან თანამშრომლობით პირველი საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა
11.11.2026.13:57
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ პირველ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა. ფორუმი საერთაშორისო ბიზნესქსელ BNI-სთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად პოლონური კომპანიებისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორები მონაწილეობდნენ.
ფორუმზე „ამბასადორი აილენდი“ ქართულ გლობალურ ინიციატივად წარადგინეს. მიმდინარე საინვესტიციო სიახლეები მონაწილეებს კუნძულის ინვესტორებმა, Holme Developments-მა (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და Origami Holding-მა (საქართველო) გააცნეს. პრეზენტაციები გამართეს პოლონური კომპანიების წარმომადგენლებმაც. აღნიშნული კომპანიები ავიაციის, ინვესტიციების, მარკეტინგის, საბროკერო საქმიანობის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ოპერირებენ. მათ შორის იყვნენ LOT Polish Airlines, Polska Grupa Lotnicza, F-Trust iWealth, PWS AluSystem, POiD, GEM Technology, Radmir, 4Results, Manufaktura Dubiński, Götz Group, MOSiR Radom, CI OD Nieruchomości და Trustark Human Solutions.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ამბასადორი აილენდზე“ ამჟამად 10 საერთაშორისო და ადგილობრივი ინვესტორი 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს. მათი შეფასებით, მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებები ხელს შეუწყობს კუნძულზე საინვესტიციო გარემოს გამჭვირვალობის, სანდოობისა და დაცულობის გაუმჯობესებას.
BNI-სთან თანამშრომლობა 2026 წლის სექტემბერში დაიწყო, როდესაც „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ ვარშავაში BNI Poland-ის ქსელს შეუერთდა. BNI მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 355 000-ზე მეტ ბიზნესლიდერს აერთიანებს, პოლონეთში კი მისი ქსელი დაახლოებით 2 500 კომპანიას მოიცავს. თანამშრომლობის მიზანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე საერთაშორისო და ადგილობრივ ინვესტორებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარება, ერთობლივი საწარმოების შექმნა და ბიზნესაქტივობის მხარდაჭერა.

„ჩვენი საერთაშორისო პოზიციონირების სტრატეგია ითვალისწინებს, რომ „ამბასადორი აილენდი” არამხოლოდ საცხოვრებელი და დასასვენებელი სივრცე გახდეს, არამედ ისეთი ადგილი, სადაც რეგულარულად გაიმართება ეკონომიკური ფორუმები და მიიღება გრძელვადიანი ბიზნეს გადაწყვეტილებები“, - განაცხადა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა კამკიამ.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ამბასადორი აილენდს" ფორუმის ორგანიზებისთვის, რომელიც თავის მხრივ, გამორჩეულ ღონისძიებას წარმოადგენს და ქმნის სივრცეს, რათა გავაერთიანოთ ბიზნესის ძალები და ერთობლივად შევქმნათ ურთიერთგაგების ხიდები. ის რაც აქ ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით ხდება, მართლაც გასაოცარია და გვაძლევს უდიდეს ინსპირაციას, რათა აქ ჩამოვიყვანოთ პოლონელი მეწარმეები, ვუჩვენოთ მათ განვითარების ის შესაძლებლობები, რაც ამ პროექტშია წარმოდგენილი და განვახორციელოთ ინვესტიციები.” - განაცხადა BNI-ს ელჩმა, რობერტ დებიცკიმ.
ფორუმის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
ორგანიზატორების განმარტებით, მსგავსი ფორუმები კუნძულზე რეგულარულად გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს საქმიანი ტურიზმის განვითარებას მთელი წლის განმავლობაში.