საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „ბიზნესასისტენტის" პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ სრულიად განსხვავებული კონცეფცია „ბიზნესასისტენტი" წარუდგინა.
„ბიზნესასისტენტის" მიზნობრივ სეგმენტს ბიზნეს სექტორის ის ნაწილი წარმოადგენს, ვისაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებლობები ესაჭიროება. პროექტი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ თანამშრომლობას უწყობს ხელს.
შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა იმ გამარტივებულ სერვისებზე, რომელიც მოიცავს საჯარო რეესტრის სერვისების სრულ სპექტრს, ასევე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „ბიზნესასისტენტი" უკვე ფუნქციონირებს და მასში საქართველოში მოქმედი 20-მდე მსხვილი კომპანიაა ჩართული, მათ შორის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიები.
„ „ბიზნესასისტენტი" იუსტიციის სახლის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს ბიზნეს საქმიანობას და უფრო მოქნილსა და კომფორტულს ხდის სერვისით სარგებლობას. მსგავსი პროდუქტები ზრდის ბიზნესის ოპერატიულობასა და ეფექტიან საქმიანობას, რაც თავის მხრივ, დადებითად აისახება ეკონომიკაზე, რადგან სწორედ ბიზნეს სექტორი ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობასა და განვითარებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.
„ბიზნესასისტენტი" მომხმარებელს სთავაზობს სრულყოფილ სამართლებრივ დისტანციურ კონსულტაციას; სპეციალურ სივრცეს თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში; გასვლით მომსახურებას სასურველ მისამართზე თბილისის მასშტაბით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.