საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემაზე ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი გამოწვევებისა და აპრობირებული პრაქტიკის გაზიარებას, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენს კომპანიების საოპერაციო საქმიანობის მდგრადობაზე.
ტრენინგი, რომელსაც წამყვანი ექსპერტი, ციფრული მმართველობის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი ნიკოლოზ გიორგაშვილი უძღვებოდა, ისეთ აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს დაეფუძნა, როგორიცაა ISO/IEC 27001, ISO 27005 და ISO 31000.
დღის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) მიზნები, მისი პრაქტიკაში დანერგვისათვის აუცილებელი ინფორმაცია, პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო როლების გადანაწილება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რისკების მართვის ჩარჩოს, იდენტიფიკაციითა და შეფასებით დაწყებული მათ მართვამდე. თეორიულ სესიებთან ერთად, დღის წესრიგი მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და დისკუსიებს, რაც მონაწილეებს დაეხმარა მიღებული ცოდნის რეალურ ბიზნეს პროცესებთან ადაპტირებაში.
ტრენინგის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს კონტროლის მექანიზმების დანერგვისა და უწყვეტი გაუმჯობესების პროცესი, ასევე, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის საერთაშორისო სტანდარტების სექტორული იმპლემენტაციის სპეციფიკა.
„ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ინფორმაციული უსაფრთხოება აღარ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ის ბიზნესის უწყვეტობისა და ინსტიტუციური სტაბილურობის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პრიორიტეტულია წევრი კომპანიებისთვის მსგავსი მაღალტექნოლოგიური და სტრატეგიული ცოდნის გაზიარება. აღნიშნული ტრენინგის გამართვა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს სურვილს, ხელი შევუწყოთ თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებასა და საქართველოში ბიზნესის მდგრად განვითარებას" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ქეთევან თოიძემ Tashkent International Investment Forum-ზე გალტ & თაგარტის გამოცდილება გააზიარა
08.07.2026.18:33
გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ქეთევან თოიძე, უზბეკეთში გამართულ Tashkent International Investment Forum 2026-ში მონაწილეობდა, რომელიც ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო პლატფორმაა და თავს უყრის ინვესტორებს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა და გლობალური ბიზნესის ლიდერებს.
ფორუმის ფარგლებში ქეთევან თოიძე მონაწილეობდა Avesta Capital Markets Day 2026-ის პანელურ დისკუსიაში – „უზბეკეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები“, სადაც გალტ & თაგარტის გამოცდილება, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და საქართველოს ბაზარზე დაგროვილი პრაქტიკა გააზიარა. დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს კაპიტალის ბაზრის განვითარების შესაძლებლობებზე, კაპიტალის მოზიდვის ინსტრუმენტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
„რეგიონული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო პროფესიულ დისკუსიებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრების განვითარებისა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისთვის. მოხარული ვართ, რომ Tashkent International Investment Forum-ის ფარგლებში, შესაძლებლობა გვქონდა გაგვეზიარებინა გალტ & თაგარტის გამოცდილება და საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პრაქტიკა. მსგავსი პლატფორმები ხელს უწყობს ცოდნისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაცვლას, რაც რეგიონის საინვესტიციო გარემოს კიდევ უფრო აძლიერებს”, - განაცხადა ქეთევან თოიძემ, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორის მოადგილემ.
Tashkent International Investment Forum უკვე მეხუთედ გაიმართა. გასულ წელს ფორუმს 8 000-ზე მეტი მონაწილე, მათ შორის თითქმის 3 000 საერთაშორისო სტუმარი 97 ქვეყნიდან დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში გაფორმდა 30.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო და სავაჭრო შეთანხმებები, ხოლო ბიზნესპროგრამა 150-ზე მეტ საერთაშორისო სპიკერსა და ათეულობით თემატურ პანელურ დისკუსიას აერთიანებდა.