საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის (ISO 22000) შესახებ ინტენსიური ტრენინგი გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი „სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა (ISO 22000)" ჩატარდა.
სასწავლო კურსის მთავარ მიზანს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება და ISO 22000 სტანდარტის მოთხოვნების, მისი პრინციპებისა და პრაქტიკული გამოყენების შესწავლა წარმოადგენდა. ტრენინგის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საკითხებს, როგორიცაა რისკზე დაფუძნებული აზროვნება, HACCP პრინციპები, საფრთხეების ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (CCP) განსაზღვრა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სურსათის ჯაჭვში ჩართული ნებისმიერი კომპანიისთვის.
ტრენინგს გაუძღვა ინტეგრირებული მართვის სისტემების (IMS) სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გიორგი დონდუა, რომელსაც საერთაშორისო სტანდარტების მართვის, დანერგვისა და გაუმჯობესების მიმართულებით მსხვილ საერთაშორისო კორპორაციებში 12 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს.
პროგრამა სპეციალურად იყო სტრუქტურირებული მაღალი დონის სტრუქტურის (High Level Structure - HLS) და PDCA (დაგეგმე-გააკეთე-შეამოწმე-იმოქმედე) ციკლის გარშემო. ამ მიდგომამ მონაწილეებს მკაფიოდ დაანახა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ISO 22000-ის ეფექტური ინტეგრაცია სხვა წამყვან საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის ხარისხის (ISO 9001), გარემოსდაცვით (ISO 14001) და შრომის უსაფრთხოების (ISO 45001) მენეჯმენტის სისტემებთან.
ინტენსიური კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე აქტიურ პრაქტიკულ სესიებს, სადაც მონაწილეებმა შეასრულეს დაინტერესებული მხარეების ანალიზი, ჩამოაყალიბეს სურსათის უვნებლობის მიზნები SMART ფორმატში და იმუშავეს შიდა აუდიტის კითხვარებსა თუ HACCP-ის ცხრილების შევსებაზე.
„თანამედროვე ბაზარზე სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა აღარ არის მხოლოდ რეგულაციების შესრულება, ეს არის ბიზნესის მდგრადობის, მომხმარებლის ნდობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის უმთავრესი წინაპირობა. ჩვენი მიზანი იყო, ამ ინტენსიური კურსით კომპანიებისთვის მიგვეწოდებინა არა უბრალოდ მშრალი თეორია, არამედ რეალური, პრაქტიკული ინსტრუმენტები, დაწყებული რისკების მართვითა და HACCP-ის პრინციპებით, დასრულებული ISO 22000-ის სხვა წამყვან მენეჯმენტის სისტემებთან ინტეგრაციით. ხარისხიანი და უსაფრთხო მართვის სისტემები არის ის, რაც ქართულ ბიზნესს კონკურენტუნარიანს ხდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად გააგრძელებს წევრი კომპანიების მხარდაჭერასა და მათთვის აქტუალურ თემებზე საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
სხვა სიახლეები
გაფართოებული სივრცეები და ზრდის დინამიკა ახალი კონცეფციის ფონზე - „ქართული კალათა“ განვითარების ეტაპზე
20.05.2026.16:00
„ქართული კალათა“ 2015 წელს დაარსდა და ქართულ, ტრადიციულ და ინოვაციურ პროდუქციაზეა ფოკუსირებული. არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს, ვაკო ელისაბედაშვილი ესაუბრა.
„როგორც მოგეხსენებათ, პირველი მაღაზია გვქონდა ლესელიძის ქუჩაზე, სადაც ძირითადი აქცენტი არტიზანულ ყველზე იყო გაკეთებული - პროდუქტზე, რომელსაც საქართველოში რამდენიმე მწარმოებელი აწარმოებს.

ამ დრომდე ეს მიმართულება მცირე მასშტაბით გვქონდა შენარჩუნებული, თუმცა მარტიდან გავაფართოვეთ - „ბაზარი ორბელიანზე“ უფრო დიდი სივრცე ავიღეთ და ღია ტიპის მაღაზია გავხსენით. ასევე, ბამბის რიგში არსებული მცირე მაღაზია გადავაკეთეთ იმავე კონცეფციით - ძირითადად ყველის მიმართულებით, თუმცა სხვა პროდუქციაც შევინარჩუნეთ.
ამ ცვლილებებმა დაახლოებით 30%-იანი ზრდა მოგვცა. აღნიშნულ პერიოდს დაემთხვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი, რამაც ტურისტულ ნაკადებზე იმოქმედა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი სეგმენტი სწორედ აღმოსავლეთის ბაზარია, განსაკუთრებით ტკბილეულის მიმართულებით, თუმცა მიუხედავად ამისა, მაღაზიებში მაინც პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდა და კლების ნაცვლად ზრდა დაფიქსირდა.

გარდა ამისა, ვხსნით საწარმოს და უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში, სატესტო რეჟიმში დავიწყებთ გარკვეული პროდუქციის წარმოებას“, - აცხადებს ვაკო ელისაბედაშვილი.
სამომავლოდ კომპანია ექსპორტის მიმართულებით გაფართოებას გეგმავს.
„ასორტიმენტის მიმართულებით მუდმივად ვცდილობთ განვითარებას და, ჩვენი კონცეფციიდან გამომდინარე, მომავალში ვხედავთ ექსპორტის გაფართოების შესაძლებლობასაც. ჩვენ ვაწარმოებთ განსხვავებულ პროდუქტებს და ჩვენი მიზანია, უცხოეთში არსებული ქართული მაღაზიები თუ რესტორნები ერთ მწარმოებელთან თანამშრომლობდნენ და მცირე რაოდენობით, მაგრამ ფართო არჩევანით შეეძლოთ სხვადასხვა პროდუქტის შეძენა.

ამჟამად, მსგავსი მოთხოვნა გვაქვს კვიპროსიდანაც და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. პარტნიორებს სჭირდებათ მცირე პარტიებით სხვადასხვა პროდუქცია - მათ შორის ტკბილეული, სანელებლები და საწებლები. იდეა ის არის, რომ ერთი პალეტით, ერთ რესტორანს შეეძლოს სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა კონკრეტული ქალაქიდან და ჩვენ სწორედ ამ მოდელზე ვმუშაობთ.

მსგავსი გამოცდილება უკვე გვქონდა ლიტვასთანაც, სადაც რამდენჯერმე განვახორციელეთ მცირე რაოდენობებით, მაგრამ მრავალფეროვანი პროდუქციის ექსპორტი “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ინფორმაციისთვის, პროდუქციის შეძენა როგორც ფიზიკურ მაღაზიებში, ასევე ონლაინ მაღაზიაშიცაა შესაძლებელი. მომხმარებლები, პროდუქტებს ხშირად ყიდულობენ საჩუქრად - მეგობრებისთვის, ბიზნესპარტნიორებისთვის და თანამშრომლებისთვის, უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის და უცხოეთში დამხვედრი მასპინძლებისთვის ან უბრალოდ საკუთარი თავისთვის.