საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრი კომპანიებისთვის ენერგოეფექტურობის ახალი რეგულაციების შესახებ ინტენსიური ტრენინგი ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) ერთდღიანი ინტენსიური ტრენინგი გაიმართა თემაზე: „ენერგოეფექტურობა ქართული კომპანიებისათვის, ახალი კანონმდებლობის კონტექსტში, ზეგავლენა ბიზნესზე და საუკეთესო უცხოური პრაქტიკა".
ღონისძიება, რომელიც ISO სტანდარტს ეფუძნებოდა, მიზნად ისახავდა ქართული ბიზნესისთვის იმ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს განმარტებას, რომელიც ენერგოეფექტურობის კუთხით ქვეყანაში ეტაპობრივად შედის ძალაში. უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა დეტალურად განიხილეს ბიზნესის ვალდებულებები, რისკები და ის პრაქტიკული გზები, თუ როგორ შეიძლება რეგულაციებთან შესაბამისობა ხარჯების დაზოგვად, კონკურენტუნარიანობის ამაღლებად და საინვესტიციო მზაობად იქცეს.
სემინარს უძღვებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი წამყვანი ექსპერტები: Jan Hanuš (აღმასრულებელი დირექტორი, ENVIROS, ჩეხეთი), Robert Macek (ენერგო აუდიტორი, ENVIROS), თამარ ჩაკვეტაძე (საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი, ENVIROS) და ირაკლი გივიაშვილი (აღმასრულებელი დირექტორი, მდგრადობის მეცნიერების აკადემია).
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ენერგოეფექტურობის კანონმდებლობა, სავალდებულო ენერგეტიკული აუდიტის ციკლი პირველი კატეგორიის საწარმოებისთვის, მინიმალური მოთხოვნები შენობების მშენებლობა-რენოვაციისას და ევროკავშირის წამყვანი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. გარდა ამისა, კომპანიებმა მიიღეს პრაქტიკული საგზაო რუკა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან მომდევნო 3–6 თვეში, როგორ გამოიყენონ საერთაშორისო გრანტები და როგორ დანერგონ ნახშირბადის კვალის გამოთვლა თუ ESG ანგარიშგება.
ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა ინტერაქციულ რეჟიმში შეაფასეს საკუთარი ორგანიზაციების მზაობა და განსაზღვრეს უახლოესი პერიოდის პრიორიტეტები.
„ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტები და საკანონმდებლო მოთხოვნები ქართული ბიზნესისთვის აღარ არის შორეული პერსპექტივა, ეს არის რეალობა, რომელიც უკვე პირდაპირ გავლენას ახდენს საოპერაციო პროცესებზე. ჩვენი მიზანია, წევრ კომპანიებს დავეხმაროთ, რომ ეს რეგულაციები აღიქვან არა როგორც დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთი, არამედ როგორც რეალური ბიზნეს შესაძლებლობა. სწორი ენერგეტიკული მენეჯმენტი და ISO სტანდარტების დანერგვა პირდაპირ აისახება ხარჯების ოპტიმიზაციაზე, ზრდის კომპანიების კონკურენტუნარიანობას და რაც მთავარია, მათ მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტორებისა და ბანკებისთვის. BAG მომავალშიც გააგრძელებს წევრების მხარდაჭერას ამ მიმართულებით, ოპერირების პროცესის გამარტივებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
ENVIROS-ის სათავო ოფისი მდებარეობს პრაღაში (ჩეხეთის რესპუბლიკა) წარმოადგენს Société Générale Group-ის წევრ ორგანიზაციას და უზრუნველყოფს ტექნიკურ, სტრატეგიულ და საინვესტიციო კონსულტაციებს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სფეროში. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილების, ESG-ის, კარბონის ნაკვალევის (Carbon Footprint) შეფასების, ნარჩენების მართვისა და გადამუშავების, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებებს.
სხვა სიახლეები
პირველი ფილიალი და გაფართოებული ასორტიმენტი - რა სიახლეები აქვს „ქეთო'ს“
14.09.2026.16:00
ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი და ნატურალური უცხო სახეობის ჯემებისა და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქეთო'ს“ ისტორია 2020 წლიდან იწყება. ბოლო პერიოდში კომპანია ახალი მაღაზიის გახსნით, ასორტიმენტის გაფართოებითა და მომხმარებლებთან კომუნიკაციის გააქტიურებით გამოირჩევა. ამ და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი ქეთი მელაძე ესაუბრა.
„ერთ-ერთი მთავარი სიახლე მაღაზიის გახსნაა. ბაზარი ორბელიანზე მანამდეც მქონდა სივრცე, თუმცა სულ ახლახანს გავფართოვდი და სრულფასოვანი მაღაზია გავხსენი. ეს არის პირველი ფილიალი, რომელიც გავაკეთე და მისი გახსნა ჩემი დიდი ხნის მიზანი იყო.

მოთხოვნა და მომხმარებლების ინტერესი მზარდია, მაღაზიას კი აქტიურად სტუმრობენ ტურისტებიც. ამასთან, გავააქტიურე სოციალური ქსელების მიმართულებაც.
გავაფართოვე ასორტიმენტიც - დავამატე პომიდვრის ჩირი ზეთში და წიწაკის ჯემი მარაკუიით. სეზონი ახლა დაიწყო და ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას ვგეგმავ. მათ შორის, ვაპირებ ნივრის კრემის დამატებასაც.
წლის დარჩენილ პერიოდში ჩემი მთავარი პრიორიტეტი ასორტიმენტის გამრავალფეროვნება და გაფართოება იქნება. სამომავლო გეგმებში კი ახალი ფილიალების დამატებაც შედის“, - აცხადებს ქეთი მელაძე.