„საქართველოს ფოსტამ“ Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რაც საქართველოს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ფოსტა Cainiao-სთან თანამშრომლობით იმუშავებს რეგიონული სატრანზიტო და სადისტრიბუციო ქსელის განვითარებაზე, რომელიც მოემსახურება ელექტრონული კომერციის ნაკადებს აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და ბელარუსიის მიმართულებით.
პროექტის მიხედვით, საქართველოში განხორციელდება საერთაშორისო გზავნილებისა და ტვირთების მიღება, დახარისხება, კონსოლიდაცია და შემდგომი ტრანსპორტირება დანიშნულების ქვეყნებში. აღნიშნული მოდელი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ფოსტის საერთაშორისო ოპერაციების მოცულობას და ხელს შეუწყობს ქვეყნის ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებას.
„მოხარულები ვართ, რომ Alibaba Group-ის ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-სთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. გაფორმებული შეთანხმება საქართველოს ფოსტას შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო გააძლიეროს პოზიციები საერთაშორისო ელექტრონული კომერციისა და ლოგისტიკის მიმართულებით და აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში. ჩვენი მიზანია, საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოვაყალიბოთ, რომელიც ეფექტურად მოემსახურება როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე რეგიონის მასშტაბით სერვისის მომხმარებლებს. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთაშორისო ელექტრონული კომერციის მიმართულების განვითარებას, ხელს შეუწყობს ლოგისტიკური პროცესებისა და მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას“- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ.
ახალი პარტნიორობები და განვითარებული ინფრასტრუქტურა საქართველოს ფოსტას საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს გლობალური მიწოდების ჯაჭვებში და მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაში.
სხვა სიახლეები
თიბისი კონცეპტის გალერეა წარმოგიდგენთ ირინა ჯიბუტის პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“
06.10.2026.12:19
9 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის გალერეა ირინა ჯიბუტის პირველ პერსონალურ გამოფენას „მიწიდან ცეცხლამდე, მიწიდან მიწამდე“ უმასპინძლებს.
თიბისი კონცეპტის გალერეა ქმნის სივრცეს ხელოვნების, განათლების და კვლევის დიალოგისთვის. ახალ ნამუშევრებს, განსხვავებულ ხედვებსა და შემოქმედებით პროცესებს საზოგადოებას აცნობს.
ირინა ჯიბუტის ნამუშევრების საწყისი წერტილი მიწაა - არა როგორც ნეიტრალური ნედლეული, არამედ როგორც კონკრეტული ადგილის მატერია, რომელსაც საკუთარი შემადგენლობა, ფერი, თვისებები და ისტორია აქვს. გამოფენა იკვლევს ციკლს, რომელშიც მიწა მასალად, მასალა ფორმად, ფორმა კი ცეცხლით გარდაქმნილ სხეულად იქცევა და კვლავ ბუნებრივი მთლიანობის ნაწილად რჩება.
ნამუშევრების საფუძველია საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული ბუნებრივი თიხების კვლევა. ამ პროცესში მიწა ერთდროულად ხდება კვლევის საგანი და მხატვრული მასალა, რომლის მოპოვება, დამუშავება, ფორმირება და გამოწვა ურთიერთობას ავლენს ადგილს, მასალასა და ადამიანის მოქმედებას შორის.
თიბისი კონცეპტის გალერეის ორი სართული ამ პროცესის განსხვავებულ მდგომარეობებს აერთიანებს. პირველ სართულზე წარმოდგენილია მასშტაბური კერამიკული ნამუშევრები: ვერტიკალური ფორმები, კედლის კომპოზიცია და „მდინარე“. თითოეული მათგანი მიწის გარდაქმნის განსხვავებულ ეტაპს წარმოაჩენს. ვერტიკალური ფორმები ჭურჭლის უძველეს არქეტიპს ეყრდნობა და ადამიანის შრომის, დროისა და უწყვეტობის ნიშნად იქცევა. კედლის კომპოზიციაში სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები ერთიან გეომეტრიულ ფორმაშია მოქცეული, თუმცა თითოეული საკუთარ ბუნებას ინარჩუნებს. „მდინარე“ კი წყალს გარდაქმნის ძალად წარმოგვიდგენს, ელემენტად, რომელიც მიწას არბილებს, გადააქვს და ცვლის.
მეორე სართული კვლევის ლაბორატორიას ეთმობა. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილიდან მოპოვებული თიხები, მინერალები და ქვები, მათი წარმოშობის რუკები, ტესტ-ფილები, გამომწვარი ნიმუშები, მოჭიქურების ცდები და პროცესის ჩანაწერები.
ირინა ჯიბუტი კერამიკოსი, მკვლევარი და პედაგოგია. მისი პრაქტიკა თიხის ფიზიკური, ვიზუალური და კულტურული თვისებების კვლევას ეფუძნება. 2026 წელს მან დააარსა კვლევითი პლატფორმა Commonland, რომელიც საქართველოს თიხის რესურსების შესწავლასა და კერამიკული მასალების განვითარების ახალი გზების ძიებას ემსახურება.
თიბისი მრავალწლიანი გამოცდილებით აქტიურად უჭერს მხარს კულტურისა და ხელოვნების განვითარებას, ქმნის შესაძლებლობებს ახალი იდეებისა და შემოქმედებითი პროცესებისთვის.
გამოფენის კურატორია მარიამ წიქარიძე.
გახსნა: 9 ოქტომბერი, 18:00-20:00
მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, მარჯანიშვილის 7
სამუშაო საათები: ორშაბათი–შაბათი, 10:00-20:00
დასწრება თავისუფალია!