საქართველოს ფოსტამ ბოსტონში გამართულ მსოფლიო საფოსტო გამოფენაზე ქართული ფილატელია წარადგინა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბოსტონში 2026 წლის, 23 მაისიდან - 30 მაისის ჩათვლით, რიგით მე-12 საერთაშორისო ფილატელისტური გამოფენა -„Boston 2026 World Expo“გაიმართა. ღონისძიებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ფილატელისტები, კოლექციონერები და საფოსტო სფეროს წარმომადგენლები გააერთიანა, სადაც წარმოდგენილი იყო ათასობით იშვიათი და უნიკალური საფოსტო მარკა.
საქართველოს ფოსტამ, როგორც გამოფენის ერთ-ერთმა მონაწილემ, სტუმრებს საფოსტო სექტორის განვითარების მრავალფეროვან მიმართულებებთან ერთად ფილატელისტური პროდუქცია და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი საფოსტო გამოცემები წარუდგინა.
საქართველოს ფოსტის საგამოფენო სივრცეში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ფოსტის 220 წლიან ისტორიას, დაეთვალიერებინათ უნიკალური ქართული საფოსტო მარკები და მიეღოთ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროექტების შესახებ, რომლებიც დღეს საქართველოს ფოსტას ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ლოგისტიკურ და ეროვნულ საფოსტო ოპერატორად წარმოაჩენს.
საქართველოს ფოსტისთვის აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საერთაშორისო პარტნიორებთან პროფესიული კავშირების გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც თანამედროვე და განვითარებადი საფოსტო ბაზრის წარმოჩენისთვის საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.
გამოფენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია გამოფენის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: Boston 2026 World Expo Official Website
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.