საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ფოსტასა და საერთაშორისო სატვირთო ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც საჰაერო გადაზიდვების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის ლოჯისტიკური ეკოსისტემის განვითარებაში.

თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფოსტის თანამედროვე საჰაერო ტერმინალი სრულად მოემსახურება Silk Way West Airlines-ს, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს საოპერაციო პროცესებს, გაზრდის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების უფრო სწრაფ და გამართულ გადაადგილებას.
პარტნიორობა ითვალისწინებს საერთაშორისო ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებასა და საჰაერო გადაზიდვების შესაძლებლობების განვითარებას. თანამშრომლობის შედეგად, უნივერსალური საფოსტო მიმართულებით მნიშვნელოვნად შემცირდება სატრანზიტო ვადები და გაფართოვდება დანიშნულების ქვეყნების ჩამონათვალი, რაც საქართველოს ფოსტის მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ უფრო სწრაფი, მოქნილი და ფართო გეოგრაფიული დაფარვის მქონე სერვისით. აღნიშნულ თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის პირველი წარმატებული შეთანხმებაა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქმნის როგორც კომპანიისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ლოგისტიკური სექტორის განვითარებისთვის.
საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის, გიორგი ერაძის განცხადებით, Silk Way West Airlines რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი სატვირთო ავიაკომპანიაა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვების ბაზარზე.
„ავიაკომპანიის ფართო გლობალური ქსელი და ძლიერი ოპერაციული შესაძლებლობები ქმნის ახალ პერსპექტივებს როგორც პირდაპირი, ისე ტრანზიტული ნაკადების განვითარების მიმართულებით. საქართველოს ფოსტის საჰაერო ტერმინალი, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, მზად არის უზრუნველყოს ავიაკომპანიის ოპერაციების სრული ციკლი - ტვირთებისა და საფოსტო გზავნილების მიღება, დამუშავება, უსაფრთხოების კონტროლი და მათი მომზადება საჰაერო გადაზიდვისთვის“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.
საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის თანამშრომლობა უზრუნველყოფს საჰაერო ტვირთბრუნვის ზრდას, ტრანზიტის დროის შემცირებას, გლობალური დანიშნულებების გაფართოებას, ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციასა და საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, როლის გაძლიერებას.

აღნიშნული პარტნიორობა წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციის გაღრმავების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს
18.08.2026.19:55
ბრიტანულმა კომპანია „Contact Web Ltd“-მა საქართველოში საქმიანობა დაიწყო. კომპანიის საქართველოში შემოსვლა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინვესტიციების სააგენტოს“ აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
კომპანიის საქართველოში გაფართოების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 2026 წლის აპრილში თბილისში გამართული BPO სექტორის ლიდერების სამიტი, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინვესტიციების სააგენტო“ მასპინძლობდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ბიზნეს პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მათ შორის „Contact Web Ltd“-ის აღმასრულებელი დირექტორი ტომ ჰორნე. ვიზიტის ფარგლებში კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდა გაცნობოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს, ბიზნესგარემოსა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებს, ასევე შეხვედროდა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებს.
აღნიშნული ვიზიტისა და „ინვესტიციების სააგენტოსთან“ შემდგომი აქტიური თანამშრომლობის შედეგად, „Contact Web Ltd“-მა საქართველოში საქმიანობის დაწყებისა და გაფართოების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
BPO ინდუსტრიის წარმომადგენელმა კომპანიამ საქართველოს ბაზრის არჩევისას ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ კონკურენტულ უპირატესობებზე, მათ შორის მრავალენოვანი და კვალიფიციური ადამიანური რესურსის ხელმისაწვდომობაზე, ხელსაყრელ ბიზნესგარემოსა და ოპერაციულ ხარჯების ეფექტურობაზე.
„Contact Web Ltd“ ციფრული ბიზნეს სერვისებისა და მომხმარებელთა გამოცდილების (CX) მიმართულებით საქმიანობს. საქართველოში მისი გუნდის გაფართოება ეტაპობრივად იგეგმება. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ტომ ჰორნეს განცხადებით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა ეტაპობრივად 250 ადამიანს მიაღწევს. „Contact Web Ltd“-ის ადგილობრივი გუნდი, საქართველოდან, მსოფლიოს ორ წამყვან ბრენდს მოემსახურება.