საქართველოს გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი არამხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში - თორნიკე სულაბერიძე
ICT Association of Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თორნიკე სულაბერიძის განმარტებით, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორი საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ მიმართულებად ყალიბდება. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა, 2025 წელს მშპ-ში დარგის წილმა 8.2% შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0.02% იყო.
„ჩვენი სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და პრიორიტეტული სექტორია საქართველოს ეკონომიკაში. და ის ფაქტი, რომ უკვე 2025 წელს ჩვენმა სექტორმა შეადგინა 8,2% მშპ-ში, 2019 წელს იყო 0,02%. შთამბეჭდავია ის ზრდა, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში. ამას რამდენიმე ფაქტორი გააჩნია. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რამაც მიმზიდველი გახადა საქართველო პირველ რიგში ტექნოლოგიური კომპანიებისათვის, იმისათვის რომ გადმოსულიყვნენ საქართველოში. და ეს კანონმდებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს მივიღეთ და ამან ძალიან დიდი ბუსტი მისცა საქართველოს. ყოველთვის არის ხოლმე საუბარი ამაზე, თუ რატომ გადმოდიან კომპანიები საქართველოში და ამას სამი მიზეზი, სამი ფაქტორი გააჩნია, თუ რატომ ირჩევს საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ქვეყანას იმისათვის, რომ მოახდინოს ოპერირება“, - აღნიშნა სულაბერიძემ.
თორნიკე სულაბერიძე განცხადებით, საქართველოს ICT სექტორის სწრაფი ზრდა სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსზეა დაფუძნებული, რომელიც ტექნოლოგიურ ბიზნესს 5%-იან საგადასახადო შეღავათს სთავაზობს. მისი თქმით, 2023 წელს რეგიონში გადმოსული კომპანიების ეფექტმა რეკორდული ზრდა გამოიწვია, თუმცა 2025 წელმა აჩვენა, რომ სექტორის პროგრესი მხოლოდ ერთჯერადი ფაქტორით არ იყო განპირობებული.
„როდესაც კომპანია გადმოდის საქართველოში, უყურებს სამ გარემოს, ერთი არის ბიზნეს გარემო - როგორი არის სიმარტივე და რა საგადასახადო შეღავათებია ვთქვათ ტექნოლოგიების კუთხით, და ამ კუთხით ეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი საშუალებას აძლევს, რომ 5%-იანი საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ. მეორე, ეს არის ინფრასტრუქტურა, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა. და მესამე, რაც ყველაზე მთავარია ჩვენს სექტორში - ეს არის ადამიანური რესურსი.
ამ ყველა კომპონენტში იმ მომენტისათვის საქართველო მზად დახვდა და მოგეხსენებათ, რომ უდიდესი ბიძგი იყო გამოწვეული ომის შემდგომი ფაქტორით. ომი რომ დაიწყო უკრაინაში, ბევრმა კომპანიამ დახურა თავისი ოპერაციები რუსეთში და უყურებდა რეგიონს, და საქართველო მზად დახვდა იმ ნაკადებს, იმ კომპანიებს, რომ გადმოსულიყვნენ და აქედან დაეწყოთ ოპერირება.
ამ ეფექტმა, კომპანიების გადმოსვლამ, მიგრაციული ნაკადების ეფექტმა განაპირობა ის, რომ 2023 წელს ჩვენ გვქონდა პიკური, რეკორდული ზრდა ტექნოლოგიურ სექტორში ექსპორტის თვალსაზრისით და ზოგადად ბიზნესის აუთფუთის კუთხით. თუმცა მერე შევხედეთ, რომ ეს ეფექტი მილევადი იყო, მაგრამ 2025-მა წელმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი. იმიტომ რომ სწორმა პოლიტიკამ და იმ რესურსების დახარჯვამ, როგორც ადამიანურ რესურსებზე, ინფრასტრუქტურაზე და საკანონმდებლო ჩარჩოებზე, კვლავ დაუბრუნა ზრდა ჩვენს სექტორს და 2025 წელს იმ 2023 წელზე უკეთესი შედეგები და მაჩვენებლები გვაჩვენა. და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ამოგვიწურია ის პოტენციალი და საქართველოს გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ ნამდვილად გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში“, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.
სხვა სიახლეები
„აღმაშენებელი" - ხელნაკეთი ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქცია, რომელიც თამაშითა და შემოქმედებით აცნობს მომხმარებელს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას
15.06.2026.14:00
„აღმაშენებელი“ ქართული თემატიკის ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქციების ბრენდია, რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის თამაშისა და შემოქმედებითი პროცესის მეშვეობით ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობაა. ბრენდის კონცეფციის, განვითარების გზისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia „აღმაშენებლის“ დამფუძნებელს თამარ ნაჭყებიას ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და როდიდან ოპერირებთ ბაზარზე?
„აღმაშენებლის" პროექტზე მუშაობა მე და ჩემმა ძმამ ერთად დავიწყეთ. იდეის ავტორი თავდაპირველად ოთო იყო, ხოლო მე შეიძლება ითქვას, რომ მის ჩანაფიქრს "ფრთები შევასხი" და იდეის რეალიზებაში აქტიურად ჩავერთე. ურთიერთმხარდაჭერითა და ერთობლივი შრომით პირველი პროდუქტი 2024 წელს შევქმენით და ბაზარზე გამოვიტანეთ.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს ქართული თემატიკის ასაშენებელი და გასაფერადებელი კონსტრუქციების შექმნას. ამ ეტაპზე მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართული კოშკების 5 განსხვავებულ მოდელს.

პროექტის მთავარი მიზანი მხოლოდ საქართველოს ისტორიული ძეგლებისა და არქიტექტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია არ არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებსა და ახალგაზრდებში ადრეული ასაკიდანვე გავაღვივოთ ინტერესი საკუთარი ქვეყნის ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ. „აღმაშენებელი" შემოქმედებითი პროცესის საშუალებით ხელს უწყობს პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას და ახალ თაობას სიმბოლურად ქვეყნის მომავალ აღმაშენებლებად ზრდის.
რა პროდუქტებს მოიცავს ამჟამად თქვენი ასორტიმენტი და როგორ ხედავთ მის განვითარებას/გაფართოებას?
ამჟამად, კომპანია აწარმოებს ქართული კოშკების 5 განსხვავებული მოდელს - ვაშლოვანი, სვანური, ერწო და ლებაისკარი. თითოეული მათგანი ხელნაკეთი ასაწყობი და გასაფერადებელი კონსტრუქციაა, რომელიც შემოქმედებითი პროცესის დასრულების შემდეგ დეკორატიულ სუვენირადაც შეიძლება გამოიყენებოდეს.
პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ახალი პროდუქტების შექმნაზე. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ქართული სოფლის სახლების სერიის დამატებას, რაც მომხმარებლებს საქართველოს ტრადიციული არქიტექტურის კიდევ უფრო მრავალფეროვან ნიმუშებს გააცნობს. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია საქართველოს ყველა კუთხიდან მინიმუმ ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობის მოდელის შექმნა. გვინდა, მომხმარებლებს მივცეთ შესაძლებლობა, ეტაპობრივად შეაგროვონ ქვეყნის კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური კოლექცია და ამავდროულად უკეთ გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ისტორიასა და ტრადიციებს.
რას მიიჩნევთ თქვენს მთავარ კონკურენტულ უპირატესობად ეკო-მეგობრული სათამაშოების ბაზარზე?
„აღმაშენებლის" მთავარი უპირატესობა მისი უნიკალური კონცეფციაა. ჩვენი პროდუქტი მხოლოდ ეკო მეგობრული სათამაშო არ არის - ის აერთიანებს შემოქმედებით, საგანმანათლებლო და კულტურულ ფუნქციებს.
კონსტრუქციის აწყობისა და გაფერადების პროცესი ხელს უწყობს ბავშვებში მოტორიკის, კონცენტრაციის, სივრცითი აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ამავდროულად, როგორც ბავშვები, ისე უფროსები უფრო ახლოს ეცნობიან საქართველოს ისტორიულ არქიტექტურასა და კულტურულ მემკვიდრეობას.
ვფიქრობთ, „აღმაშენებლის" განსაკუთრებული ღირებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ის თამაშს, შემოქმედებით პროცესსა და ისტორიის გაცნობას ერთ პროდუქტში აერთიანებს. შედეგად, მომხმარებელი არა მხოლოდ სასიამოვნოდ ატარებს დროს, არამედ ცოდნასაც იღებს და ეცნობა საკუთარი ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.
რას წარმოადგენს კომპანიის სამომავლო გეგმები - ახალი პროდუქტები, ბაზრის გაფართოება თუ სხვა მიმართულებები?
ჩვენი მთავარი მიზანია „აღმაშენებლის" ასორტიმენტის ეტაპობრივი გაფართოება და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ისტორიული, კულტურული და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობების მოდელების შექმნა.
ასევე, ჩვენი მიზანია, პროექტი საინტერესო იყოს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისა და ტურისტებისთვისაც. სწორედ ამიტომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც ერთდროულად იქნება შემეცნებითი, შემოქმედებითი და დეკორატიული.

ჩვენი ხედვაა, „აღმაშენებელი" ჩამოყალიბდეს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებულ ბრენდად, რომელიც საქართველოს ისტორიას, არქიტექტურასა და ტრადიციებს თამაშისა და შემოქმედებითი გამოცდილების საშუალებით გააცნობს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ მომხმარებლებს.