საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი გახდა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) ოფიციალურად გახდა Microsoft-ის ინვესტორთა ქსელის წევრი, რაც ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემისთვის სრულიად ახალ გლობალურ შესაძლებლობებს ქმნის.
აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, ქართულ სტარტაპებს, სააგენტოს ხელშეწყობით, წვდომა ეძლევათ გლობალური ტექნოლოგიური კომპანიის ონლაინ ხელსაწყოებზე, წამყვან პროგრამულ უზრუნველყოფასა და ექსკლუზიურ რესურსებზე, რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირებაში დაეხმარება.
პროგრამის ფარგლებში, დამფუძნებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩაერთონ Microsoft for Startups პლატფორმაზე, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ექსპერტიზას, ტექნოლოგიებსა და პოტენციურ მომხმარებლებთან კავშირის დამყარების უნიკალურ შანსს აერთიანებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული სტარტაპები პროდუქტის სწრაფი განვითარებისთვის 200 000 Azure-ის კრედიტებს მიიღებენ უფასოდ. ამასთან ერთად, ისინი ისარგებლებენ ფასდაკლებებითა და უფასო ლიცენზიებით ისეთ აუცილებელ პლატფორმებზე, როგორებიცაა GitHub, Microsoft 365, LinkedIn Premium და სხვა.
პროდუქტის განვითარების გარდა, პროგრამა სტარტაპებს ბიზნესის მასშტაბირებაშიც ეხმარება. ეს გულისხმობს ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების კორპორატიულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას და მათ წარდგენას უშუალოდ Microsoft-ის კლიენტების წინაშე. მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ქართული სტარტაპები მიიღებენ პრიორიტეტულ საინჟინრო მხარდაჭერას სპეციალისტებისგან ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციისა და სწრაფი ზრდისთვის.
GITA-ს გაწევრიანება ინვესტორთა ქსელში ქმნის პირდაპირ ხიდს ქართულ ინოვაციურ ეკოსისტემასა და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კორპორაციას შორის. ქართულ სტარტაპებს უკვე შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და გამოიყენონ ეს უნიკალური შანსი საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.
დამატებითი ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
სხვა სიახლეები
FlyArystan საქართველოში ახალ რეგულარულ მიმართულებას ამატებს
14.07.2026.17:10
დღეიდან, 14 ივლისიდან, ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan-ი ფრენებს ატირაუ - ბათუმი - ატირაუს მიმართულებით შეასრულებს. ავიერეისები 25 აგვისტოს ჩათვლით, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ სამშაბათს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონზე, ატირაუ უკვე მეოთხე ყაზახური ქალაქია, საიდანაც ფრენები ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით შესრულდება. დღეის მდგომარეობით, ფრენები ალმათი - ბათუმი - ალმათის, ასტანა - ბათუმი - ასტანას და აქტაუ - ბათუმი - აქტაუს საჰაერო ხაზებზე ხორციელდება.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიარეისებს ავიაკომპანიები Air Astana, FlyArystan და Scat Airlines-ი ასრულებენ. ჯამურად, ზაფხულის სეზონზე ორ ქვეყანას შორის ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა 57 სიხშირემდე გაიზრდება.