საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ყირგიზეთის რესპუბლიკაში სამუშაო შეხვედრები გამართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე ჯობავა ყირგიზეთის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვია, რომლის დროსაც შეხვედრები გამართა ქვეყნის სახელმწიფო უწყებების, ინოვაციური ცენტრებისა და ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლებთან.
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ყირგიზეთის IT ჰაბის, მაღალი ტექნოლოგიების პარკისა და კრეატიული ინდუსტრიების პარკის (Ololo group) ხელმძღვანელებს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები და ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ. საუბარი შეეხო ტექნოლოგიური პარკების ეფექტურ მართვას, IT ექსპორტის სტიმულირებასა და იმ ერთობლივი პროექტების ინიცირებას, რომლებმაც ორივე ქვეყნის ეკოსისტემა უნდა გააძლიეროს.
თანამშრომლობის აკადემიური მიმართულების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ყირგიზულ-გერმანული გამოყენებითი ინფორმატიკის ინსტიტუტის აკადემიურ საბჭოსთან. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე შედგა ყირგიზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან.
დელეგაციის წევრები სახელმწიფო დაწესებულება „კიზმატისა“ (KYZMAT) და ღია სააქციო საზოგადოება „თუნდუკის“ (TUNDUK) ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვის მნიშვნელობას საჯარო სექტორის ტრანსფორმაციის პროცესში.
ვიზიტი ყირგიზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით გაიმართა.
სხვა სიახლეები
უძრავი ქონების მართვა ახალ რეალობაში - როცა სტანდარტული მარკეტინგი აღარ არის საკმარისი
05.10.2026.19:27
რატომ მოითხოვს თანამედროვე უძრავი ქონების ბაზარი მარკეტინგზე უფრო ღრმა, მონაცემებზე დაფუძნებულ და კომერციულ მიდგომას.
უძრავი ქონების სექტორი და მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური და წამყვანი მამოძრავებელი ძალაა, რომელსაც ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) ჯამურად 15%-ზე მეტი წილი უკავია.
სექტორი სტაბილურად იზრდება - მხოლოდ თბილისში ყოველთვიურად ბაზარი $400 მილიონამდე აღწევს, ტრანზაქციები ორნიშნა ტემპით იმატებს, ხოლო მშენებლობასა და უძრავ ქონებაზე დედაქალაქის ეკონომიკური დამატებული ღირებულების თითქმის 20% მოდის.
თუმცა, უძრავი ქონების სექტორი მხოლოდ ციფრები არ არის. ამ შთამბეჭდავი რიცხვების უკან დგას უდიდესი ემოციური ნაბიჯები, რომელსაც დგამს მომხმარებელი, სანამ უძრავი ქონების ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, იქნება ეს საინვესტიციო დანიშნულებით თუ საცხოვრებლად.
ასეთი ტემპით მზარდი ბაზარი ცხადია ნიშნავს მაღალ კონკურენციას. მრავალმხრივი პროექტებით გაჯერებულ, კონკურენტულ გარემოში კი წარმატებას მხოლოდ კარგი ლოკაცია ან არქიტექტურა არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება ბრენდი, იმიჯი, PR და მარკეტინგი, გაყიდვები, მომხმარებელთან ურთიერთობა და მონაცემები.
უძრავ ქონებაში მრავალწლიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ სფეროში ტრადიციული მიდგომები აღარ კმარა. დღეს წარმატებას მონაცემებზე დაფუძნებული (Data-Driven) მარკეტინგი და ციფრული ანალიტიკა განაპირობებს, რომელიც გაყიდვების სრულ ციკლს მართავს.
- რატომ აღარ მუშაობს უძრავი ქონების ბაზარზე სტანდარტული მარკეტინგული მიდგომა?
„იმიტომ, რომ დღეს კონკურენცია მხოლოდ ყურადღებისთვის აღარ არის - კონკურენცია გადაწყვეტილების მიღების გამარტივებისთვის არის.
თანამედროვე უძრავი ქონების მარკეტინგი ჩვენთვის აღარ არის მხოლოდ ცნობადობის შექმნა ან ლიდის მოყვანა. მისი ამოცანაა, მომხმარებლის გზაზე თითოეულ ეტაპზე უპასუხოს იმ კითხვას, რომელიც გადაწყვეტილებას აფერხებს.
სწორედ აქ ხდება მონაცემები მარკეტინგის ნაწილი: არა მხოლოდ იმის გასაზომად, რამდენმა ადამიანმა ნახა რეკლამა, არამედ იმის გასაგებად, სად ჩერდება გადაწყვეტილება და რატომ.
ჩვენთვის ეს არის ახალი მიდგომა - მარკეტინგის მართვა არა კამპანიების, არამედ მომხმარებლის გადაწყვეტილების პროცესის მიხედვით.
საბოლოო შედეგისთვის მთავარი კრიტერიუმი აღარ არის ლიდი - მთავარი KPI არის რამდენად სწრაფად და რატომ გადადის ადამიანი ინტერესიდან გადაწყვეტილებამდე.“ სალომე ყიფიანი

- როდესაც მარკეტინგი გასცდა უბრალო რეკლამას, ხოლო კომუნიკაცია -სტანდარტულ გაყიდვებს, კონკრეტულად რა ტრანსფორმაცია უნდა განიცადოს დეველოპერული პროექტის მართვის ციკლმა?
„მონაცემები და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ძალიან მნიშნელოვანია, თუმცა საბაზისო, ამასთან ერთად მთავარი მაინც ემპათია და სწორი კომუნიკაციაა - უძრავი ქონება ცივი ტრანზაქცია არ არის, ის ადამიანის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას უკავშირდება და საუკეთესო შედეგიც სწორედ ზუსტი მონაცემებისა და მომხმარებლის საჭიროებების გაგების სინთეზით მიიღწევა.“ - თამთა მეძმარიაშვილი.

სწორედ ამ გამოცდილებისა და პროფესიული ხედვის საფუძველზე თამთა მეძმარიაშვილმა და სალომე ყიფიანმა Smart Academy-სთან თანამშრომლობით შექმნეს ახალი პროფესიული პროგრამა - „უძრავი ქონების კომერციული მართვა: მარკეტინგი, გაყიდვები და მონაცემთა ანალიტიკა“.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს უძრავი ქონების პროექტის მართვა მხოლოდ ერთი ფუნქციის ფარგლებში კი არა, ერთიანი კომერციული სისტემის სახით დაანახოს - ბაზრისა და პროდუქტის ანალიზიდან დაწყებული, მარკეტინგული სტრატეგიით, გაყიდვების პროცესით, CRM-ითა და მონაცემთა ანალიტიკით დასრულებული.