საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადება საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული საწარმოები ვალდებულნი არიან, საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემები 2026 წლის 1 აპრილამდე მოიყვანონ ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებზე. ვადის გახანგრძლივება არ იგეგმება.
საქართველოს საბანკო ასოციაცია შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, საწარმოს მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მას უჩერდება რეგისტრაცია და ეზღუდება საბანკო მომსახურება, რაც მოიცავს საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების შესაძლებლობის შეზღუდვას.
საწარმოებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოება და დროულად უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული შეფერხებები.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ იუსტიციის სახლის ცხელ ხაზს ნომერზე 032 2 405 405 ან ეწვიოთ ვებგვერდს my.gov.ge.
სხვა სიახლეები
თაობა ახალი იდეებით - გაიცანით სალომე მიქელაძე, 23 წლის ასაკში შექმნილი სამი გამორჩეული სივრცით
12.06.2026.17:49
Breakfast is, კანცელარია და ლონდა ბევრისთვის უკვე კარგად ნაცნობი სახელებია - ამ სივრცეების უკან 23 წლის სალომე მიქელაძე დგას, რომელმაც შეუპოვრობით და მონდომებით დასახულ მიზნებს მიაღწია.
სალომეს გზა სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით დაიწყო. ამ დროს აღმოაჩინა, რომ ყველაზე მეტად ადამიანებთან კომუნიკაცია მოსწონდა. საკუთარი ადგილის შექმნის სურვილმა პირველ პროექტამდე მიიყვანა და ასე გაჩნდა Breakfast is, იდეით, რომ ადამიანებს დღე ენერგიულად და დადებითი ემოციებით დაეწყოთ, რადგან საუზმე ხომ ზუსტად ის დროა, რომელიც მთელი დღის განწყობას ქმნის.
დილის ენერგიას მოგვიანებით საღამოს იდილიის შექმნის სურვილი მოჰყვა. კანცელარია შეიქმნა მათთვის, ვისაც სანთლის შუქზე საუბარი, საყვარელ ადამიანებთან შეხვედრა, გემრიელი საკვები და ნატურალური ღვინო უყვარს.
“კანცელარია არის სივრცე, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან. ჩემთვის ეს მხოლოდ რესტორანი ან ბარი არასდროს ყოფილა - უფრო შეხვედრების, ემოციების გაზიარებისა და მოგონებების შექმნის ადგილია.”
მესამე პროექტი ლონდა - შედარებით მასშტაბურია. მასში სალომემ წინა წლებში დაგროვილი ცოდნა და ხედვა გააერთიანა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამი ადგილი სხვადასხვა განწყობას ატარებს, მათი მთავარი იდეა მაინც საერთოა - ინტერიერით, მომსახურებით, გემრიელი მენიუთი სტუმრებისთვის განსაკუთრებული ემოციის შექმნა.
ყოველდღიური გამოწვევები და მოძრაობის სიყვარული
ამ ინდუსტრიაში სიმშვიდე იშვიათია. ახალგაზრდა ასაკში სამი სივრცის მართვა მუდმივ მოძრაობასა და გამოწვევებს ნიშნავს. სალომესთვის ეს პროცესი ყოველდღიურად ახალი პრობლემის გადაჭრის უნარს ითხოვს, რაც მისთვის საქმის განუყოფელი და საინტერესო ნაწილია:
“წარმატების გზაზე ყოველთვის იქნება რთული პერიოდები, დაღლა და იმედგაცრუება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა არ შეგცვალოს როგორც ადამიანი - შეინარჩუნო შენი დამოკიდებულება, ენთუზიაზმი და სიყვარული იმის მიმართ, რასაც აკეთებ.”
სირთულეების დაძლევაში სალომეს ეხმარება ის, რომ მუდმივად ჩართულია საქმეში. როგორც ამბობს, ბიზნესის განვითარება შეუძლებელია პროცესზე უშუალო დაკვირვებისა და მასში მონაწილეობის გარეშე.
მომავლის ხედვა და ახალი იდეები
სალომე გაჩერებას არ აპირებს. წინ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებია და ახლა უკვე ისეთ ბრენდზე ფიქრობს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გავა და სტუმართმოყვარეობის კულტურაში საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს.
შეუპოვრობა იმ თაობის საერთო განწყობაა, რომელსაც საკუთარი ენერგიით რეალური ცვლილებები მოაქვს. თაობას, რომელიც სულ მოძრაობს, არ ჩერდება და არ ასვენებს ახალი იდეები, მოჰყავს მომავალი, უფრო ძლიერი, ლაღი და თავისუფალი.