საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა განახლდა
დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. ესპანეთის დედაქალაქისკენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 230 მგზავრით სავსე ხომალდი ცოტა ხნის წინ გაფრინდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მადრიდის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს A321neo ტიპის ხომალდით შესრულდება.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჯერჯერობით ერთადერთია, საიდანაც ესპანეთის ორ ქალაქში, მადრიდსა და ბარსელონაში საქართველოდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრაა შესაძლებელი. ორივე ქალაქის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები ჯამურად, კვირაში 5 სიხშირით სრულდება. 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ესპანეთიდან 2,988 ვიზიტორი ესტუმრა.
ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია. 3 ივნისიდან კი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტს სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.