საქართველოში დაზღვევის ყველაზე განვითარებული სახეობა ჯანმრთელობის დაზღვევაა, თუმცა განვითარების პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია - მიხეილ ჯაფარიძე
საქართველოში დაზღვევის ყველაზე განვითარებული სახეობა ჯანმრთელობის დაზღვევაა, თუმცა განვითარების პოტენციალი ჯერ კიდევ დიდია - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ძირითადად, სადაზღვევო ინდუსტრია მეტ-ნაკლებად იგივე ტემპით ვითარდებოდა, მაგრამ, ცხადია, იყო გარკვეული განსხვავებებიც, რომელთა გაზიარებაც მსურს.
როგორც თქვენ იცით, ჯანმრთელობის დაზღვევა ქვეყანაში ზოგადად ყველაზე პოპულარული სახეობაა და ვამბობთ, რომ აქ განვითარებულები ვართ, წინ მივდივართ და, შესაბამისად, სხვაგან გვჭირდება უფრო მეტი განვითარება. უცნაური ის იყო, რომ წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ძალა და ენერგია ისევ ჯანმრთელობის დაზღვევამ აჩვენა ზრდაში, არადა, თითქოს ეს სექტორი უკვე გარკვეული გაჯერებით ხასიათდება, მაგრამ მაინც უფრო მეტად გაიზარდა. თუმცა, იქაც ბევრი ადგილია, მაგრამ გაიზარდა იმის მიუხედავად, რომ სხვაგან არის სახეობები, სადაც საერთოდ არაფერი არ ხდება, თუმცა იქ ზრდა არ იყო.
ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრისა იყო ის, რომ წლის დასაწყისიდან შემოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების, საქართველოში შემომსვლელთა სავალდებულო ტიპის დაზღვევა სამოგზაუროდ. ექსპატებმა, რომლებიც ქვეყანაში დიდი ხნით ან წლები რჩებოდნენ, სამოგზაურო დაზღვევის ნაცვლად იყიდეს ჯანმრთელობის დაზღვევის ინდივიდუალური პროგრამა, ანუ საცალო დაზღვევა, და ამან გამოიწვია განვითარება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა მართლაც ყველაზე პოპულარული პროდუქტია, მას ჯერ კიდევ შორი გზა აქვს გასავლელი, იმიტომ რომ კერძო კომპანიებში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც საკუთარ თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევას ბენეფიტის სახით არ უფინანსებს.
21% არის დაახლოებით დაზღვეულთა რაოდენობა, შეფარდებული ქვეყნის მოსახლეობასთან. აქედან ნაწილი არის საცალო დაზღვევა, რომელიც მცირეა, და უმეტესობა კორპორაციული დაზღვევა. თუმცა, იქაც ძალიან ბევრი ადგილია, აქ უკვე ბიზნესი რეაგირებას მოახდენს იმაზე, რა პოლიტიკა იქნება ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულებით.
საყოველთაო ჯანდაცვასთან კვეთას რომ ვახსენებთ ხოლმე, მნიშვნელოვანია, თუ იქნება სტიმულები ბიზნესისთვის, ბიზნესი უკვე მასიურად დაიწყებს იმ დაზღვევის ინსტიტუციურად შესყიდვას, რომელსაც ახლა არ აკეთებს. უბრალოდ, ის კომპანიები, რომლებსაც კორპორაციული კულტურა აქვთ, ამას აკეთებენ, მაგრამ მთელი რიგი ბიზნესები ამას ნაკლებად აკეთებენ. თუმცა, ყველაზე მეტად განვითარებული ეს სახეობაა მაინც“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.
სხვა სიახლეები
გვჭირდება პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - მიხეილ ჯაფარიძე
24.09.2026.10:40
გვჭირდება პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც აჩვენებს სადაზღვევო კომპანიებს თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკისთვის - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის" გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„Policy-ის რასაც ეძახიან, ჩარჩო გვჭირდება, რა საზოგადოებრივი სიკეთე იქმნება მაგ ნაწილში და ძალიან კარგი იქნება, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს ბევრი მოსაზრება. შეიძლება, იქითა მხარესაც, კანონმდებლობის მხრიდანაც, დაიბადოს ძალიან ბევრი იდეა, რომელიც ამ კუთხით დაეხმარება სექტორს.
იმიტომ, რომ ფაქტია, საბოლოო ჯამში, ეს არ უნდა განვიხილოთ არც ერთ შემთხვევაში და არ იქნება სწორი. ჩემი მხრიდან ნამდვილად ამას არც ვიზამდი, რომ კერძო სექტორს უნდა, რომ გაიზარდოს - პრინციპია. აქ საუბარია იმაზე, სადაზღვევო კომპანიებს რა სიკეთის მოტანა შეუძლიათ ეკონომიკაში.
თუ ამას ასე შევხედავთ, და რეალურად ასეც უნდა შეხედოს სახელმწიფომ, მერე უკვე ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, მაგალითად, რა როლი შეიძლება შეასრულოს სექტორმა რისკის მართვაში, რა როლი შეიძლება შეასრულონ დაგროვებითი სისტემების განვითარებაში.
მაგალითად, სიცოცხლის დაზღვევა უცხოეთში დაგროვების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომელიც საქართველოში არ არის განვითარებული. ახლაც ვცდილობთ, რაღაცები ვაკეთოთ, მაგრამ ძირითადად სიცოცხლის დაზღვევა, რაც საქართველოში არის, ეს არის ბანკის კრედიტი, როცა თქვენ სავალდებულო წესით უნდა დააზღვიოთ, იმიტომ რომ ბანკი თავის საკრედიტო რისკს აზღვევს.
აი, ასეთი ნიუანსებია, სადაც განვითარდა ახლაც რაც გვაქვს - ესეც კერძო სექტორიდან დავალდებულებული, სავალდებულო ტიპის პროდუქტებია“, - აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.