საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
საქართველოში დაფუძნდა Kinkladze Foundation, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, ბავშვებისა და მოზარდების ფეხბურთში ჩართულობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ინიციატივა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძისა და სპორტში მოღვაწე ბიზნესმენის, ლაშა მაჭავარიანის პარტნიორობით განხორციელდა.
ფონდის საქმიანობის მთავარი ფოკუსი ბავშვები და მოზარდები არიან. ინიციატივის მიზანია ფეხბურთი იქცეს არა მხოლოდ სპორტად არამედ პლატფორმად, სადაც ყველა ბავშვს სოციალური ფონის მიუხედავად, განვითარების, თვითგამოხატვისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი შანსი ექნება.
ფონდი აქტიურად დაუჭერს მხარს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას, რათა სპორტი საქართველოში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.
ფონდის დამფუძნებლის, გიორგი ქინქლაძის განცხადებით, ბავშვებისთვის ფეხბურთის სიყვარულის გაზიარება მისთვის განსაკუთრებული მისიაა:
„ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო თავისუფლება და სიხარული. ფონდის შექმნით მინდა, ეს გრძნობა დღევანდელ ბავშვებსაც გადავცე. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები მოვაშოროთ ქუჩას, დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრებით და დავანახოთ, რომ მონდომებითა და შრომით ნებისმიერი ოცნება მიღწევადია. ფეხბურთი საუკეთესო მასწავლებელია,“ — ამბობს გიორგი ქინქლაძე.
Kinkladze Foundation -ს უხელმძღვანელებს ფონდის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, სპორტში მოღვაწე, ქართველი ბიზნესმენი ლაშა მაჭავარიანი, რომელიც ასევე გიორგი ქინქლაძის პარტნიორია.
მისი თქმით, ფონდის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და მათთვის მხარდაჭერის გაძლიერება.
„ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. გვინდა დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვებს გზის გაკვალვაში და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ აღმოაჩინოს სპორტი, როგორც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველი ბავშვი, რომელიც სპორტში ერთვება, ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლის ნაწილია,“ — აცხადებს ლაშა მაჭავარიანი.
კომპანია SMH Global - ი, რომლის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანია, უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს ქართული ფეხბურთის განვითარებას. გიორგი ქინქლაძესთან პარტნიორობით შექმნილი საქველმოქმედო ფონდი კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სპორტის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის, განვითარებაში ჩართულობის მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ილია თოფურია: „0,5 მილიმეტრით გადავრჩი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე
13.11.2026.12:00
UFC-ის ჩემპიონი დეტალურად ჰყვება ჯასტინ გეიჯისთან ბრძოლაზე, მიღებულ ტრავმებზე, მარცხის შემდგომ თვეებსა და დაბრუნების გეგმებზე.
16 ნოემბერს - La Gazzetta dello Sport Georgia-ს YouTube არხზე ილია თოფურიასთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდება. თოფურია, რომელმაც 14 ივნისს, UFC Freedom 250-ზე, თეთრ სახლში ჩატარებულ ბრძოლაში მსუბუქი წონის ტიტული დათმო, ლაშა მაჭავარიანთან და ნინუცა ორჯონიკიძესთან საუბარში ღიად აღწერს, რა ხდებოდა ოქტაგონზე, რა გადაიტანა ბრძოლის შემდეგ და რა მიზნები აქვს მომავალში.
რაზე საუბრობს ილია თოფურია
ბრძოლა გეიჯისთან და ტრავმა. თოფურია ყვება, რომ პირველივე რაუნდიდან ვერ ხედავდა და ვერ სუნთქავდა. მისი თქმით, მხედველობა დაახლოებით 90%-ით ჰქონდა დაქვეითებული და ბრძოლა ოთხი მოტეხილობით გააგრძელა. ის ასევე ამბობს, რომ ოპერაციას მხოლოდ 0,5 მმ-მა გადაარჩინა, ხოლო ბრძოლის შეწყვეტამ თვალის შენარჩუნებაში დაეხმარა.
ცხოვრება მარცხის შემდეგ. ბრძოლის შემდეგ სამი თვე იზოლაციაში გაატარა, საკუთარ თავს არაკომფორტულ კითხვებს უსვამდა და პატარა წიგნიც დაწერა. ის ყვება, რა დათმო კარიერისთვის: წლების განმავლობაში ქორწილები, დაბადების დღეები და შვილების მნიშვნელოვანი მომენტები.
დაბრუნება და შემდეგი ბრძოლა. საბოლოო სამედიცინო გამოკვლევები იანვარში ექნება, რის შემდეგაც სრულ ვარჯიშს დაუბრუნდება. მისი მიზანი გეიჯისთან რევანშია.
ალექსანდრე თოფურია. ილია აფასებს ძმის კარიერას, მის როლს საკუთარ კუთხეში და აცხადებს, რომ დოჰაში გასამართი ბრძოლის შემდეგ სანდრო საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
საქართველო და ესპანეთი. თოფურიამ ბოლო თვე საქართველოში გაატარა და აცხადებს, რომ ბევრად უფრო ხშირად დაბრუნდება, მათ შორის საქართველოში სპორტული დარბაზის გასახსნელად. საუბრობს ორ სამშობლოზე, ესპანეთის მიმართ მადლიერებასა და ამერიკაში ცხოვრებაზე.
შეგახსენებთ, ილია თოფურიას ექსკლუზიური ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ ლა გაძეტა დელო სპორტ საქართველოს იუთუბ არხზე.
იხილეთ არხის ბმული: La Gazzetta dello sport Georgia